არქიტექტურა, არქეოლოგია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი შესაძლოა დაინგრეს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს დანგრევა ემუქრება. სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი ფული მის აღსადგენად საკმარისი არ აღმოჩნდა.

100 მილიონი ევრო – სწორედ ეს თანხაა საჭირო პარიზის ერთ ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის, ნოტრდამის დანგრევისგან გადასარჩენად. სპეციალისტები ამბობენ, რომ 850 წლის ასაკის ნაგებობას მნიშვნელოვანი ზიანი ატმოსფეროს დაბინძურებამ და ტემპერატურის რყევამ მიაყენა.

მე-19 საუკუნის 30-იან წლებში ვიქტორ ჰიუგოს რომანის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პუბლიკაციის შემდეგ, ფრანგული გოთიკური არქიტექტურის შედევრის გადასარჩენად თანხები მთელ მსოფლიოში შეგროვდა და რესტავრაცია ჩაუტარდა. თუმცა ტაძარს ახლა კიდევ ერთი, ფუნდამენტური რესტავრაცია სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ფასადის მთელ ფრაგმენტებს ჩამოშლის საშიშროება ემუქრებათ.

ყოველწლიურად ნოტრდამს 13 მილიონი ადამიანი სტუმრობს და ის პარიზის ერთ ერთი მთავარი ტურისტული ადგილია.

ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებზე სახელმწიფო ყოველწლიურად 2 მილიონ ევროს ხარჯავს, თუმცა აშკარაა, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის. ექსპერტების გამოთვლით, მომდევნო 20 წლის განმავლობაში არანაკლებ 100 მილიონი ევრო იქნება საჭირო, შემდეგ 10 წელიწადში კი კიდევ 50 მილიონი. ფულის შეგროვების ერთ ერთ გზად მთელი მსოფლიოდან მეცენატების მოზიდვა სახელდება. სპეციალურად ამისთვის  ფონდიც შეიქმნა, რომელსაც „პარიზის მემკვიდრეობის მომავალი“ ჰქვია.

კომენტარები

კომენტარი