ვიზუალური ხელოვნება

„ოკეანის სირენა“ დიდი ბარიერული რიფის დასაცავად

როგორ შეიძლება დავინახოთ ოკეანის გაზრდილი ტემპერატურის გავლენა? ქუინსლენდის სანაპიროს ბრწყინვალე ქალაქ ტაუნსვილის მაცხოვრებლებს, ახალი საჯარო ხელოვნების ნიმუში სანაპიროსთან ახლოს ყოველდღე შეახსენებს მათ იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დგას ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი.

უსაშველოდ მრავალფეროვან რიფს, რომელსაც მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა 1981 წელს, პლანეტაზე ბადალი არა ჰყავს – მეცნიერები, ტურისტები და მყვინთავები ჯგუფებად მოემართებიან ავსტრალიისაკენ, რათა ხელიდან არ გაუშვან მსოფლიოს უდიდესი მარჯნის რიფის ჩამოყალიბების ხილვის შანსი. თუმცა ბოლო წლებში, ისევე როგორც სხვა მარჯნის რიფების, დიდი ბარიერული რიფის ჯანმრთელობაც რისკის ქვეშაა ოკეანის ტემპერატურის ზრდის, დაბინძურების და სანაპირო განვითარების გამო.   

ჯეისონ დეკარის ტეილორი წყალქვეშა მუზეუმში

როდესაც მარჯანი განიცდის წნეხს ტემპერატურის ფლუქტუაციის ან დანალექების გამო, მისი ელვარედ ნაფერი სასწაული იცვლება და მას ეძლევა სევდიანი თეთრი ელფერი. მოვლენა ცნობილია, როგორც მარჯნის გათეთრება, ფენომენი პირველად 1998 წელს დაფიქსირდა, როცა ყველაზე ცხელი ზაფხული იყო. შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს მარჯანს, რათა ფერი აღიდგინოს, თუ საერთოდ აღიდგინა.

“მარჯნის ორანჟერეა” მოიცავს 20 “მარჯნის მცველ” სკულპტურას. როცა ისინი იფარებიან მარჯნით, ისინი იზიდავენ ზღვის ახალ სიცოცხლეს დიდი ბარიერული რიფისაკენ.

მაგრამ როგორ მივაპყროთ ადამიანთა ყურადღება იმისკენ, რაც არ ჩანს წყალს ზემოთ? – „ოკეანის სირენით“. 2019 წლის ბოლოს ტაუნსვილში გაიხსნა ჯეისონ დეკარის ტეილორის სკულპტურა, რომელიც იცვლის ფერს წყლის ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად. მნახველებს შეუძლიათ ნახონ, როგორ იცვლება მისი ფერი ლურჯიდან ცისფერისკენ, შემდეგ კი ხდება ყვითელი, ნარინჯისფერი და საბოლოოდ მუქი წითელი – საგანგებო გაფრთხილება, რომ მარჯანი საფრთხეშია. სკულპტურის მოდელი არის ადგილობრივი ვულგურუკაბას ხალხის შთამომავალი, სტუდენტი – ტაკოდა ჯონსონი.

სკულპტურა წარმოადგენს ქუინსლენდის წყალქვეშა ხელოვნების ახალი მუზეუმის პირველ ინსტალაციას და იგი ასევე მუზეუმის ერთადერთი ნაწილია, რომელიც წყალს ზემოთ ჩანს. მუზუემის სხვა სამი ნამუშევარი წყალქვეშაა განთავსებული. წყალქვეშა სკულპტორის და კონსერვაციონისტის – ჯეისონ დეკარის ტეილორის და ქუინსლენდის მთავრობის მიერ შექმნილი  ეს მუზეუმი სამხრეთ ნახევარსფეროში წყალქვეშა ხელოვნების პირველი მუზეუმია.

ტეილორი ამბობს: „მე მიყვარს იდეა, რომ ეს სკულპტურები არ არიან სტატიკურნი. [ისინი] სრულად ვითარდებიან, იცვლებიან. და საბოლოოდ, ბუნება ერთ-ერთი საუკეთესო ხელოვანია სამყაროში“.

კომენტარები

კომენტარი