ლიტერატურა

მწერალთა სახლი იწყებს ახალ პროექტს „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“

მწერალთა სახლი იწყებს ახალ პროექტს „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“. პროექტის მიზანია, მოზარდებმა თავად შეარჩიონ და ურჩიონ თანატოლებს, რა წიგნები წაიკითხონ ზაფხულში.


პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სკოლების VI-IX კლასების მოსწავლეებს.


პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ მოკლე ვიდეო (ქრონომეტრაჟი მაქსიმუმ 90 წმ), სადაც რეკომენდაციას გაუწევენ ერთ კონკრეტულ წიგნს და რამდენიმე წინადადებაში ჩამოაყალიბებენ თავის მოსაზრებას, რატომ ურჩევენ თანატოლებს ამ წიგნის წაკითხვას.


ვიდეოს დასაწყისში აუცილებელია, დაასახელოთ საკუთარი სახელი, გვარი, სკოლა, წიგნის ავტორი და წიგნის სათაური.


ვიდეორჩევების მიღება გაგრძელდება 20 ივნისამდე. ამის შემდეგ ვიდეოები განთავსდება მწერალთა სახლის ფეისბუქ-გვერდზე და შედგება  ზაფხულში წასაკითხი წიგნების ერთგვარი კატალოგი. ზაფხულის განმავლობაში მოსწავლეებმა მოცემული სიიდან უნდა აირჩიონ და წაიკითხონ წიგნები. სექტემბერში გამოცხადდება მეორე ეტაპი – მოსწავლეებმა უნდა შეაფასონ რჩევები და სპეციალურ გამოკითხვაში მიუთითონ, თუ რომელი წიგნები წაიკითხეს და გაამართლა თუ არა რჩევამ.


ხმების მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებულები. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს გადაეცემათ შესაბამისად 300, 200 და 150 ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერები, ასევე გაიცემა ხუთი წამახალისებელი პრიზი 70 ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერის სახით.


წლის ბოლოს გამოცხადდება კონკურსის ბოლო ეტაპი – ესეების კონკურსი, რომლის თემებიც შეირჩევა გამარჯვებული რეკომენდირებული წიგნების მიხედვით.


კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობის მსურველებმა ვიდეო-ფაილები უნდა გამოგზავნონ wetransfer.com-ის საშუალებით მიმდინარე წლის 20 ივნისამდე მისამართზე: contest@writershouse.ge

კომენტარები

კომენტარი