ვიზუალური ხელოვნება

რატომ ხუნდება მუნკის და ვან გოგის ნახატები?

ედუარდ მუნკის ნახატის – „კივილის“ ცოცხალი, კაშკაშა ფერები დროთა განმავლობაში ხუნდება, ასკვნის კვლევა, რომლის ავტორია ნიუ იორკული ორგანიზაცია „ხელოვნების მეცნიერული ანალიზი“. ბოლო 127 წლის განმავლობაში ზოგიერთი ყვითელი პიგმენტი გათეთრდა.

ნანო-მასშტაბზე ნახატის გამოკვლევისას დადგინდა, რომ ნახატიდან გარკვეული კრისტალები ლურსმნებივით ამოიზარდა. „ეს ნამდვილად, ნამდვილად არაა ის, რისის ნახვაც სასურველია“ – აცხადებს ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯენიფერ მასი “ნიუ იორკ თაიმსთან” საუბარში.

მუნკმა დახატა „კივილი“ იმ დროს, როცა საღებავების ინდუსტრია სწრაფ ცვლილებებს განიცდიდა. 1880 წლამდე საღებავების შერევა მხატვრის სტუდიაში ხდებოდა, მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ქიმიურ ინდუსტრიაში პროგრესმა ნარევების მასობრივი წარმოება განაპირობა. კარგად გაჯერებული ქარხნული პიგმენტები ხელოვანთა ქმნილებებს აძლევდა სიკაშკაშეს, მაგრამ ეს საღებავები იშვიათად და ზოგჯერ საერთოდ არ მოწმდებოდა გამძლეობაზე.

“კივილის” შემთხვევაში, ყვითელი კადმიუმის სულფიდი დაიშალა ორ თეთრ ქიმიურ ნივთიერებად – კადმიუმის სულფატად და კადმიუმის კარბონატად. ვან გოგის ზოგიერთმა ნახატმა იგივე ცვლილება განიცადა: მისი ცნობილი „საწოლი ოთახი“ ოდესღაც წარმოდგენილი იყო ნათელი მეწამული კედლებით. ვან გოგის სხვა ნახატებში ყვითელი ფერი ყავისფერში გადავიდა.

ნახატის დეგრადაციის ფაქტის აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერებს ციფრულად შეუძლიათ აღადგინონ ორიგინალური ნახატის ფერები. ეს არის ერთგვარი უკუპროცესი და ერთ დღესაც, ალბათ ყველა გახუნებული ნახატის გვერდით გაჩნდება მისი ციფრული რეკონსტრუქცია.

კომენტარები

კომენტარი