საშემსრულებლო ხელოვნება

მიშო ანთაძე პალიჩის ევროპული ფილმების ფესტივალზე დააჯილდოვეს

მიშო ანთაძის დოკუმენტური ფილმი „მოსავალი” პალიჩის ევროპული ფილმების ფესტივალზე კრიტიკოსთა ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფილმი წარმოდგენილი იყო სექციაში „პარალელები და შეხვედრები“ (Parallels and Encounters), ჟიური კი კინოკრიტიკოსების ვესნა პერიჩისგან (სერბეთი), ნიკ პინკერტონისა (აშშ) და კირონ კორლესისგან (დიდი ბრიტანეთი) შედგებოდა.

ჟიურის წევრთა შეფასებით, „მოსავალი“ არის გამორჩეულად დახვეწილი ნამუშევარი დებიუტანტი სრულმეტრაჟიანი ფილმის ავტორისგან.

„მოსავალი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა როტერდამის კინოფესტივალზე შედგა. ქართულ-ამერიკული ფილმის პროდიუსერია ნათია გულიაშვილი.

სიუჟეტის მიხედვით, მოვლენები კახეთში ვითარდება. ამ აგრიკულტურულად მდიდარი მიწის მაცხოვრებლები ახლა ვირტუალური მოსავალის მოპოვების ციებცხელებით არიან შეპყრობილნი. „მოსავალი” ჩუმი დაკვირვებაა ადამიანის, ლანდშაფტისა და ტექნოლოგიის ურთიერთკავშირზე კრიპტოვალუტის ეპოქაში“, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი