შემოქმედებითი ინდუსტრიები

„მინისტრის პირდაპირი სამიზნე ვარ“ – დატოვებს თუ არა ქეთი დოლიძე თანამდებობას?

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე კულტურის სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმად, ყველა სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელებმა თანამდებოიბები უნდა დატოვონ და მათი ხელახალი არჩევა უნდა მოხდეს.

ქეთი დოლიძეს   სარეკომენდაციო საბჭოს წერების არჩევის წესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნებიც აქვს. იგი მიიჩნევს, რომ   კულტურის სამინისტროში შესაბამისი  საბჭო არასამართლიანად და არაკანონიერადაა დაკომპლექტებული.

„ კულტურის მინისტრმა და გარკვეულმა პირებმა კანონი თავიანთ თავზე მოირგეს და სრულიად წარმოუდგენლად დააკომპლექტეს საბჭო. ამ  საბჭოში არაპროფესიონალები არიან, რომლებმაც არ იციან თეატრის არსი, მისი სპეციფიკა და წარმოუდგეელია მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. მე  კიდევ 4 წელი ვაპირებ ვიყო თეატრის ხელმძღვანელი, სანამ დაწყებულ პროექტებს ბოლომდე არ მივიყვან, და ამისათვის ვიბრძოლებ ბოლომდე. ნადმვილად ვიმსახურებ, რომ არაპროფესიონალებმა ჩემი ბედი არ გადაწყვიტონ“,- აცხადებს ქეთი დოლიძე „არტნიუსთან“.

თუმანიშვილის თეატრის  სამხატვრო ხელმძღვანელი ასევე ეჭვობს, რომ კულტურის მინისტრს მისი საქმიანობა არ მოსწონს, რაზეც ქეთი დოლიძის თქმით, ისიც მოწმობს, რომ მიხეილ გიორგაძე თუმანიშვილის თეატრის ღონისძიებებზე არ დადის.

„მიმაჩნია, რომ  მე მინისტრის პირდაპირი სამიზნე ვარ. მინისტრის სამიზნეა ჩემი თეატრი და გასაკუთრებით თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც ბიუჯეტი გაუნახევრა და საერთოდ, მისი გაქრობა სურთ. მინისტრი და მისი მოადგილეები 4 წელია თუმანიშვილის თეატრში არც ერთ სპექტაკლსზე და პრემიერაზე არ მოსულან, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს ხდება იმ თეატრში, სადაც შემოქმედებითი თვალსაზრისით ცხოვრება მუდმივად დუღს და სახელოვნებო პროცესი არ ჩერდება. ვიმეორებ, რომ  მინისტრს პირდაპირ ვყავარ  სამიზნეში ამოღებული და ამის ნათელი მაგალითია, აუდიტის ის დასკვნაც,  რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღე და  სრულიად წარმოუდგენელ დეტალებს მედავებიან“,- განუცხადა „არტნიუსს“ ქეთი დოლიძემ.

ცნობისთვის,  კულტურის  სამინისტრომ  ყველა  პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება უკვე დაწყებულია და პროცესი 2017 წლის 14 აგვისტოს 17:00 საათზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი