საშემსრულებლო ხელოვნება

,,მე მინდოდა, რომ თავისუფალი ვყოფილიყავი” – ჯორჯ დიუკი ჯაზის კაშკაშა ვარსკვლავი

ჯორჯ დიუკი ამერიკელი კომპოზიტორი, მუსიკოსი და პროდიუსერი იყო. ის 1970-იანი წლების ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახლდათ. მისი კარიერა ოთხი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის განმავლობაშიც ჯორჯ დიუკი უკრავდა კლავიშზე, იყო ბენდის ლიდერი, ასევე სოლო შემსრულებელი, მუსიკალური პროდიუსერი და ფილმების მუსიკალური რეჟისორიც.

კალიფორნიის შტატში დაბადებული ჯორჯ დიუკი მუსიკით ბავშვობიდანვე დაინტერესდა. როგორც მუსიკოსი ამბობს, მუსიკამ ის მას შემდეგ გაიტაცა, რაც დედამ ლეგენდალური ჯაზმენის დიუკ ელინგტონის კონცერტზე წაიყვანა.

დიუკ ელინგტონი

ის დღე ზუსტად არ მასოვს, მაგრამ დედაჩემმა მითხრა, რომ კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. დავრბოდი და ვყვიროდი ,,მომიტანეთ პიანინო! მომიტანეთ პიანინო!’’ – იხსენებს ჯორჯ დიუკი. მას სურვილი მალევე აუსრულეს და ადგილობრივ ბაპტისტურ ეკლესიაში ის უკვე შვიდი წლის ასაკიდან უკრავდა.

მე მინდოდა, რომ თავისუფალი ვყოფილიყავი და მეკეთებინა ის, რაც მე მინდოდა – ამბობს ჯორჯ დიუკი და ცალსახაა, რომ ჯაზი სწორედ ის ჟანრია, რომელიც მის ამგვარ სურვილებს მთლიანად დააკმაყოფილებდა.

ჯორჯ დიუკმა დაახლოებით 40 ალბომი ჩაწერა და ჯაზის სამყაროში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. მისი ალბომი ,,Brazilian Love affair’’ მისთვის ერთ-ერთი საყვარელი ალბომია. ამავე დასახელების სიმღერას აქვე შეგიძლიათ მოუსმინოთ.

მე ვფიქრობ, რომ კარგი მუსიკის კეთება და კომერციულობა ერთდროულადაც შესაძლებელია. მე მჯერა, რომ არტისტის მოვალეობაა მუსიკა ხალხამდე მიიტანოს. ხელოვნება ხელოვნებისთვის, კი, ლამაზია, მაგრამ თუ ხელოვნებას კომუნიკაცია აკლია, ის თავის მისიას ბოლომდე ვერ ასრულებს. – ამბობდა ჯორჯ დიუკი. მისი კარიერა და ცხოვრება კი 2013 წლის 5 აგვისტოს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი