ვიზუალური ხელოვნება

„მე ვტკბები შეურაცხყოფით“ – 20-იანი წლების ლონდონის დეკადანსი

პირველი მსოფლიო ომის დასრულებას შეეძლო  მშვიდობა მოეტანა ლონდონისათვის, მაგრამ გვიანი 20-იანი წლებისთვის, ელიტის შვილებს ჰქონდათ მისია – ვიქტორიანელი მშობლების გაშეშებული კონვენციების შენჯღრევა.

ისინი აწყობდნენ ველურ წვეულებებს, ოინებს, იცვამდნენ თავისუფლად. ჯგუფში იყვნენ პოეტი ჯონ ბეტჯემენი, რომანისტები – ნენსი მიტფორდი და ივლინ ვო, რომელმაც თავის რომანში „საძაგელი სხეულები“ (1930) თავის მეგობრებს სატირა მიუძღვნა. ხელოვანების და ჰოლივუდის მსახიობებისგან შემდგარ ამ ჯგუფს, მათით მოჯადოებულ პრესაში, რომელიც მათ ყოველ წვეულებას აშუქებდა, უწოდეს „ბრწყინვალე ახალგაზრდა ფენომენები“.

სესილ ბიტონი

მათი ერთ-ერთი ველური წევრი იყო ასევე ფოტოგრაფი სესილ ბიტონი, რომელმაც 1930 წელს გამოსცა „მშვენიერების წიგნი“, სადაც იგი აღწერს გლამურული საზოგადოების ქალებით თავის ადრეულ შეპყრობილობას. მას ასევე დოკუმენტირებული აქვს  მათი გემოვნებიანი და ფანტასტიური სამოსი.

მისი არქივი არის მთავარი ფოკუსი 12 მარტიდან 7 ივნისის ჩათვლით გახსნილი გამოფენისა –  „სესილ ბიტონის ბრწყინვალე ახალგაზრდა ფენომენები“, პორტრეტების ეროვნულ გალერეაში, რომლის დირექტორის – ნიკოლას კულინენის აზრით, ესაა „თვალისმომჭრელი ფოტოები, მაღალი ხელოვნების და ოსტატობის ნიმუშები“. ფოტოებში ვხედავთ გამორჩეული მშვენების გლამურულ ახალგაზრდებს, რომლებიც მოდის და გემოვნების საზღვრებს შორს გადასწევენ თავიანთი ანდროგინული სილუეტებითა და ავანგარდული შემოსვის იდეებით.

მათი გამოხტომები შესაძლოა უწყინარი ჩანდეს თანამედროვე პერსპექტივიდან, მაგრამ იმ დროისათვის საზოგადოებრივი აზრი გაყოფილი იყო მათი ჯადოქრული ექსტარავაგანტურობით აღტაცებასა და მათი პრივილეგირებული ცხოვრების ჰედონისტური ფლანგვის მიმართ ზიზღს შორის.

ელიზაბეტ პონსონბიმ, ბარონის და „ახალგაზრდა ფენომენების“ ლიდერის ქალიშვილმა, გამოიწვია საზოგადოების რისხვა წვეულებით, სადაც სტუმრები ალკოჰოლს პიჟამოებში გამოწყობილნი მიირთმევდნენ პირდაპირ ბოთლებიდან, რაც  გადაგვარების მანიშნებელ სკანდალურ ნაბიჯად მიიჩნიეს. მან შემდეგში მოაწყო ქორწილის პაროდია უესტ ენდის რესტორანში, რამაც ისევ რისხვა გამოიწვია. „მე ვტკბები შეურაცხყოფით“, თქვა პონსონბიმ 1929 წლის ინტერვიუში, „სიამოვნებისგან ვკვნესი, როცა ვისმენ მოხუცი ქალბატონების ლანძღვას. ამ ყველაფერში ეს ნაწილი მიყვარს.“

„ბრწყინვალე ახალგაზრდა ფენომენების“ ექსტრავაგანტური გზა მოდიდან გადავიდა დიდი დეპრესიის და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როცა ისინი საბოლოოდ სხვადასხვა დინებას გაჰყვნენ. ბიტონი ბრიტანეთის მთავრობაში ფოტოგრაფად მოეწყო და იღებდა ბომბებით დანგრეულ ქალაქს, სადაც ოდესღაც წვეულებები ჰქონდა; სკანდალური ელიზაბეტ პონსონბი მოკვდა 1940 წელს, ხანგრძლივი ალკოჰოლიზმისგან. თუმცა, ბიტონის ფოტოებმა შემოგვინახეს ისინი მათ საკუთარ მომენტებში: საუცხოოდ დეკადენტურები, თავქარიანები და სამუდამოდ ახალგაზრდები.  

კომენტარები

კომენტარი