ლიტერატურა

მარიამ ნოზაძის ინტერვიუ ფილოსოფოს პეტერ ტოროპთან

“არტნიუსი” გთავაზობთ ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტის მარიამ ნოზაძის საინტერესო ინტერვიუს ლიტერატურის, სტუდენტებისა და სასწავლო პროცესის შესახებ ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორ პეტერ ტოროპთან, რომელიც ფილოსოფიისა და სემიოტიკის ინსტიტუტის დირექტორია. ის, აგრეთვე, ინტერვიუერის ლექტორია.

 

თქვენ დიდი ხანია ასწავლით. რა არის  ყველაზე სასიამოვნო სტუდენტებთან დაკავშირებით?

– სტუდენტების დამოკიდებულება მომწონს იმაზე, რომ შეისწავლონ რაღაც ახალი. დღეს ერთგვარი ცვლილება გვაქვს უნივერსიტეტებში. ხალხი უნივერსიტეტში ხანდახან მოდის ისე, თითქოს რესტორანია და რაღაც სერვისს ელოდებიან. მე კი არ შემიძლია, რამე ჩავდო სტუდენტის ტვინში. მე სტუდენტის სურვილი მჭირდება იმის შესახებ, რომ ისწავლონ და კითხვები დასვან, ინტერესი ჰქონდეთ იმ საკითხების მიმართ, რასაც ვასწავლი.

 – ნამდვილად უნდა ჰქონდეთ, გეთანხმებით.

– ასეთები საუკეთესო სტუდენტები არიან.

 – რა არის ის, რაც ყველაზე მეტად არ გიყვართ, გეზიზღებათ სტუდენტებთან დაკავშირებით?

– ზიზღი მცდარი სიტყვაა. ყოველ წელს, სექტემბერში, ჩემს თავს ვუმეორებ ანტონ ჩეხოვის სიტყვებს, რომ უნივერსიტეტი ავითარებს არა მხოლოდ ჩვენს ინტელექტუალურ მხარეს, არამედ ჩვენს სისულელესაც. ეს შესაძლებელია და თავისუფალი ნება არის ამისთვის აუცილებელი. ალბათ, შეიძლება ვთქვა, რომ მეზიზღება ის ადამიანები, რომლებსაც თავისუფალი ნება არ აქვთ.

 – რომელი იყო ცნობილი წიგნი, რომელიც არ წაგიკითხავთ და მოიტყუიეთ, რომ წაკითხული გქონდათ?

– მე ფილოლოგი ვარ და ფილოლოგის მთავარი თვისებაა, წყაროების, მასალის კრიტიკა. ამგვარად, არასდროს გამომიყენებია ეს ხერხი, რაც უნდა წასაკითხი ყოფილიყო, არ წამეკითხა და მეთქვა, რომ წავიკითხე.

 – „ილიადის“ რომელ გმირს არ მოკლავდით ტროას ომის ბოლოს?

– ჰომეროსის სამყარო ძალიან თავისებური სამყაროა, ამ ტექსტში მოკვლა მხოლოდ მოკლვას არ ნიშნავს, არამედ ბედისწერას და ცოდნას ბედისწერის შესახებ. აქილევსი მომწონდა, რა თქმა უნდა, რომელმაც იცოდა, რა იყო მისი ბედისწერა, მაგრამ უგულვებელყო ცოდნა, რომ გამხდარიყო მამაცი და გახდა.

 – ასე რომ, დასანანი არ არის, რომ მოკვდა?

– ეს პროგნოზი იყო, მას ჰყავდა ორი ცხენი, რომლებმაც უთხრეს, როცა სიკვდილთან ახლოს იყო, რომ ის მოიკვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით.

 – რა იყო ყველაზე საოცარი შეკითხვა, რაც “საერთაშორისო” სტუდენტს თქვენთვის დაუსვამს?

– “ვინ არის ლოტმანი?”

 – ოო, ეს ნამდვილად არ უნდა ეკითხათ… “ოსტატი და მარგარიტას” რომელი პერსონაჟი იქნებოდით?

– ფიქრობს…

– არცერთი?

 – არ ვიცი რატომ, მაგრამ ბულგაკოვი არ არის ჩემი მწერალი. ამგვარად, არ მიფიქრია მის სამყაროზე ამ კუთხით.

 – ოსკარ უაილდმა ერთხელ თქვა, რომ ან თვითონ დატოვებდა აქაურობას, ან ეს შპალერი, როცა იაფფასიან სასტუმროში მივიდა. რა ფერის უნდა იყოს შპალერი, რომ თქვენც იგივე თქვათ?

– აგრესიული ფერები არ მიყვარს. ესტონელებს პასტელური და რბილი ფერები უყვართ. ალბათ, წითელ ოთხაში ვერ დავიძინებ.

– ესტონეთი ვახსენეთ. რა მოგწონთ ესტონეთში ყველაზე მეტად?

– ესტონეთი პატარაა, მშვიდი, მწვანე, მგონი, საკმარისია.

 – და რა არ მოგწონთ ყველაზე მეტად?

– ის, რომ ესტონელებს უყვართ სხვა ესტონელების “ჭამა”. ეს იმას ნიშნავს, რომ ესტონელები ძალიან ეგოისტები არიან. ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესტონელს ჰქონდეს პიროვნული იდენტობა, კოლექტიური იდენტობა ნაკლებად მნიშნელოვანია, მაგრამ ესტონეთის სოფლებში, განსხვავებით რუსული სოფლებისგან, ერთი სახლი მეორისგან ძალიან შორს არის. ესტონური ურბანიზაცია ჰორიზონტალურია და შესაბამისად კომუნიკაციაც ნაკლებია.

 – დაასახელეთ ერთი ან ორი საყვარელი პოეტი.

– ესტონელი პოეტები არ არიან თქვენთვის ძალიან ცნობილები. არტურ ალიკსაარი არის ჩემი საყვარელი პოეტი, რომლის ანალოგს რუსულ ლიტერატურაში თუ მოვძებნით, მანდელშტამის ხსენება მოგვიწევს.

 – ფიქრობთ თუ არა, რომ სკოლებში მოსწავლეებისთვის ლექსების ზეპირად დამახსოვრება სავალდებულო უნდა იყოს?

– რაღაც მხრივ კარგი მეთოდია, რადგან ზოგჯერ მნიშვნელოვანია, რომ რაღაც გახსოვდეს არა ინფორმაციის დონეზე, არამედ ტექსტის დონეზე. ძირითადად, მცირეა ასეთი ტექსტები და თუ გახსოვს, აუცილებლად მოქმედებს ქვეცნობიერზე, თან დიდხანს. ზოგიერთი ტექსტი მეც მახსოვს. აი, მაგალითად, ლათინური სრულიად დამავიწყდა, ვსწავლობდი, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება : “Exegi monument, aere perennius, regalique situ, pyramid altius” – ეს იმას ნიშნავს, რომ მახსოვს ტექსტი, არ მახსოვს სიტყვები, ვიცი მნიშვნელობა და ინტონაცია და ის ფაქტი, რომ ვიღაც მასწავლიდა ამ ტექსტს და კარგი პედაგოგი მყავდა, უკვე ბიოგრაფიული მონაცემია და არა მხოლოდ რაღაც ლექსი, რაც არსებობს ჩვენს მახსოვრობაში.

– Aimez-vous Brahms? ამ შემთხვევაში ეს კითხვაა და არა წიგნის სათაური. (გიყვართ ბრამსი?)

– დიახ, რა თქმა უნდა. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა კომპოზიტორი მიყვარდა. ლოტმანს სამუშაოდ სჭირდებოდა მუსიკა, ძირითადად, ბახი, ბრანდერბურგის კონცერტები. ახალგაზრდა ლექტორი მყავდა უნივერსიტეტში და მაშინ ხშირად ვწერდი და ჰანდელის კონჩერტო გროსსოებს ვუსმენდი. ახლა „მშვიდი ოთახი“ მჭირდება, მაგრამ მიყავრს ისეთი მუსიკა, რომელსაც სხვაგან გადაჰყავხარ, რაველის „ბოლერო“, მაგალითად, რომელშიც არის მოძრაობა და შემდეგ გადასვლა სივრცეში და შემდეგ პოულობ, რომ ცხოვრებაში არის რაღაც კარგი, ერთგვარი ბალანსი.

31.10.2017.

თარგმანი მარიამ ნოზაძე

რედაქტორი ლექსო ლობჟანიძე

 

კომენტარები

კომენტარი