ვიზუალური ხელოვნება

მარიამ მაგდალელი გერმანიაში დაბრუნდა

იტალიამ გადასცა გერმანიას რენესანსის დროინდელი ქანდაკება, რომელიც ნაცისტებმა გაყიდეს და შეიძინა ჰერმან გერინგმა, სანამ იგი მოხვდებოდა ფლორენციაში – უფიცის მუზეუმში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

იტალიის კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩეშინიმ გადასცა ანდრეა დელა რობიას მიერ შესრულებული მარიამ მაგდალელის სკულპტურა მის გერმანელ კოლეგას მონიკა გრიუტერსს 21 თებერვალს, ბერლინში. გრიუტერსმა შეაფასა ეს ფაქტი, როგორც „საერთაშორისო თანამშრომლობის კარგი მაგალითი“ ნაცისტების მიერ მიტაცებული ხელოვნების ნიმუშების რესტიტუციის საქმეში. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა – ჩვენ მოვალე ვართ ნაცისტების მსხვერპლთა წინაშე“ – განაცხადა მან.  

სკულპტურა თავიდან იყო მიუნხენის ხელოვნების სავაჭრო კომპანიის – ა.ს. დრეის მფლობელობაში, რომლის ებრაელი მეპატრონე აიძულეს დაეხურა თავისი კომპანია და გაეყიდა მისი სახელოვნებო კოლექცია აუქციონზე 1936 წელს. უცნობია ვინ შეიძინა იმ დროს სკულპტურა, თუმცა 1941 წელს იგი გერინგმა შეიძინა იტალიელი გრაფისგან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქანდაკება მოკავშირეების ხელში აღმოჩნდა და გაიგზავნა მიუნხენში, საიდანაც შეცდომით გაგზავნეს იტალიაში 1954 წელს.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოხდება სკულპტურის რესტიტუცია მის კანონიერ მემკვიდრეზე მაშინვე, როგორც კი „გადაიჭრება ღია საკითხები მემკვიდრეობის უფლებებთან დაკავშირებით“.

კომენტარები

კომენტარი