ვიზუალური ხელოვნება

ლონდონში ერაყის ომის საწინააღმდეგო სკულპტურა დაიდგმება

ერაყული წარმოშობის ამერიკელი ხელოვანი მაიკლ რაკოვიცი, რომელმაც ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებული ასურული ქანდაკება – ფრთიანი ხარი ლამასუ – ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე აღადგინა, მალე ქალაქ მარგეიტის სანაპიროზე გახსნის ახალ სკულპტურას – ჯარისკაცი იშვერს ბრალმდებელ თითს ბრიტანეთის პარლამენტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს შემობის მიმართულებით, სადაც გადაწყდა ერაყში შეჭრა 2003 წელს.

სკულპტურა ეფუძნება 1989 წელს ერაყის ქალაქ ბასრაში აღმართულ მემორიალს, რომელიც შედგებოდა 80 ბრინჯაოს ქანდაკებისგან იმ ერაყელი ჯარისკაცებისა, რომლებიც ირან-ერაყის ომში დაიღუპნენ – თითოეული სკულპტურა თითს იშვერდა შატ ალ არაბის მდინარისკენ, ირანში, სადაც ისინი მოკლეს. როდესაც ბრიტანეთის არმია შეიჭრა ბასრაში, მოხდა ქანდაკების დემონტაჟი. რაკოვიცი ამბობს: „80 ორიგინალური სკულპტურიდან ერთ-ერთის უბრალოდ აღდგენის მაგიერ, მე აღვმართავ 81-ეს“.

ქანდაკებაზე წარწერილი იქნება ინგლისელი პოეტის და ჯარისკაცის ზიგფრიდ სასუნის სიტყვები: „მე ვარ ჯარისკაცი, დარწმუნებული იმაში, რომ ვმოქმედებ ჯარისკაცების სახელით. მე მწამს, რომ ეს ომი, რომელშიც მე ჩავერთე, როგორც ომში დაცვისა და გათავისუფლებისათვის, ახლა გახდა აგრესიის და დაპყრობის ომი“. რაკოვიცი აღნიშნავს, რომ სასუნი მისი ერთ-ერთი წინაპარია, ბაღდადში მცხოვრები იმავე ებრაული ოჯახიდან, რომელსაც მისი დედა ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი