ვიზუალური ხელოვნება

ლეონარდო და ვინჩის მუსიკალური გამოცანა

2007 წელს ჯოვანი მარია პალა, კომპიუტერის ტექნიკოსი და მუსიკოსი იტალიიდან, აცხადებს, რომ და ვინჩის ცნობილ ნახატში „უკანასკნელი ვახშამი“, აღმოაჩინა მუსიკალური ნოტები. პალას მიხედვით, თუ გავავლებთ ხუთ ხაზს ნახატზე, იესოს ხელები, მისი მოწაფეების ხელები და პური მაგიდაზე ქმნის მუსიკალურ ნოტს, რომელიც მარჯვნიდან მარცხნივ წაკითხვისას მუსიკალურ აზრს იძენს.

და ვინჩი ცნობილი იყო როგორც მუსიკის მოყვარული, რომელიც თავის ნაწერებში მუსიკალურ გამოცანებს რთავდა, რომლებიც მარჯვნიდან მარცხნივ უნდა წაკითხულიყო. ალესანდრო ვეძოსს, ტოსკანაში და ვინჩისადმი მიძღვნილი მუზეუმის დირექტორს, სწამს, რომ პალას მოსაზრება სარწმუნოა. ვეძოსი ასევე აცხადებს, რომ და ვინჩი ქნარზე უკრავდა და რამდენიმე მუსიკალური ინსტრუმენტის ესკიზი შექმნა.  

„მუდამ არსებობს რისკი დაინახო რაღაც, რაც არ არსებობს, მაგრამ აშკარაა, რომ სივრცეები (ნახატში) ჰარმონიულადაა დაყოფილი,“ ამბობს იგი, „სადაც არის ჰარმონიული პროპორციები, შეგიძლია აღმოაჩინო მუსიკა“.

ჯოვანი მარია პალა ამბობს: „ის ჟღერს როგორც რეკვიემი. ის ჰგავს საუნდტრეკს, რომელიც ხაზს უსვამს იესოს ვნებას“. სამხრეთ იტალიის ქალაქ ლეჩესთან მცხოვრებმა პალამ ლეონარდოს ნახატების შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელევიზიის მეშვეობით გაიგო, რომ მკვლევარების რწმენით, ხელოვანს და გამომგონებელს ნამუშევარში მუსიკალური კომპოზიცია ჰქონდა დამალული.

პალა განმარტავს, როგორ დაინახა ნახატის ელემენტებში ქრისტიანული თელოგიის სიმბოლოები და ახსნა ისინი, როგორც მუსიკალური ნაწარმოების გასაღებები. წიგნში „დამალული მუსიკა“ პალა ხსნის, რომ არსებობს ასევე სხვა მინიშნებები, რომლებიც ავლენს კომპოზიციის ნელ რიტმს და თვითეული ნოტის ხანგრძლივობას.

შედეგი არის 40 წუთიანი „ჰიმნი უფლისადმი“, რომელიც უკეთ ჟღერს ორღანზე, რომელიც ლეონარდო და ვინჩის დროს ჩვეულებრივ, სპირიტუალური მუსიკისათვის გამოიყენებოდა. პალას მიერ აღმოჩენილი კომპოზიცია ბახის კომპოზიციებს წააგავს და მტკივნეულად ნელია, მაგრამ მუსიკალური.

„უკანასკნელი ვახშმის“ რეინტერპრეტაციები გახშირდა მას შემდეგ, რაც მკითხველები და ფილმის მოყვარულები აღაფრთოვანა „და ვინჩის კოდმა“, სადაც არის მინიშნებები, რომ იესოს მარჯვნივ მჯდომი ერთ-ერთი მოწაფე არის მარია მაგდალელი, რომელთანაც იესოს შვილი ჰყავდა და მათი შთამომავლობა გრძელდება.

პალა ამბობს: „ჩვენს წინაშე ჩნდება ახალი პიროვნება – ის არ ყოფილა ერეტიკოსი, როგორც ზოგს სწამს“, ამბობს პალა, „რაც ჩნდება, ესაა ადამიანი, რომელსაც სწამს, რომელსაც ნამდვილად სწამს უფლის“.

კომენტარები

კომენტარი