შემოქმედებითი ინდუსტრიები

ლევან სონღულაშვილი ARTISTADAY-ს ხელოვანთა რეიტინგში მოხვდა

ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი ხელოვანი, ლევან სონღულაშვილი ARTISTADAY-ს ხელოვანთა რეიტინგში მოხვდა. აღნიშნული ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს ხელოვანი და  ხელი შეუწყოს მის კარიერულ წინსვლას, პრესტიჟისა და ცნობადობის ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ ეს მსგავს პლატფორმაზე ქართველი ხელოვანის მოხვედრის პირველი პრეცენდენტია.

ლევან სონღულაშვილმა ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიაში M.F.A ხარისხი სახვით ხელოვნებაში წარმატებით დაიცვა. მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში,  კერძო და საჯარო კოლექციებში არის დაცული.

აღსანიშნავია, რომ ლევან სონღულაშვილი პირველი ქართველი ხელოვანია, რომლის ნამუშევრებიც ბრუკლინის მუზეუმის (ნიუ იორკი) მუდმივ კოლექციაშია დაცული. ახალგაზრდა ხელოვანს  ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზებზე მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, ნიუ იორკის ასამბლეის ჯილდო  –  ხელოვნებაში მიღწეული წარმატებისა და შეტანილი წვლილისათვის.

ქართველი ხელოვანი საკუთარი შემოქმედების კომენტირებისას  ამბობს: „ვფიქრობ და მაღელვებს სიცოცხლის საიდუმლოებები, მისი წარმოშობა, უსასრულო ციკლები და რეგენერაციები; კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ ამჟამინდელ ცივილიზაციას, რომელშიც ვიმყოფებით და მაინტერესებს, როგორი იქნება კაცობრიობის მომავალი? ის, რაც მეცნიერთათვის გამოწვევაა, ჩემთვის მიმზიდველია”.

ARTISTADAY ათწლიანი ისტორიის მქონე რეიტინგული ვებგვერდია, რომელიც 3,173 ხელოვანს აერთიანებს და  870-ზე მეტი ქალაქიდან 51 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. ქართველი ხელოვანისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ ვებგვერდის ბმულზე გადასვლით.

 

 

კომენტარები

კომენტარი