საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ლეგენდარული დიჯეი Paul Kalkbrenner 6 მარტს თბილისში დაუკრავს

ღონისძიებათა სერია Monument-ის მასპინძლობით, 6 მარტს, თბილისს პირველად ეწვევა ლეგენდარული გერმანელი არტისტი Paul Kalkbrenner.

გერმანელი მუსიკოსი, რომელიც საკუთარი “ლაივ აქტებით” გამოირჩევა და რომლის ანგარიშზე არაერთი პრესტიჟული ჯილდოა, ელექტრონული მუსიკისა და კულტურის ერთ-ერთი უნიკალური და უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

„მის მუსიკას მსმენელი მიჰყავს შორს, დღევანდელი ყოველდღიური ცხოვრებისგან და გადაჰყავს ახალ აღმაფრთოვანებელ სამყაროში, რომელიც სავსეა: ემოციებით, ხელოვნებით, აბსურდულობით, მეგობრობით, იმედითა და სიყვარულით.“ – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.


შეგახსენებთ, რომ 1989 წელს, როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა, უამრავი გერმანელი ახალგაზრდასთვის ელექტრონული მუსიკა თვითგამოხატვის ერთადერთ გზად გადაიქცა. მათ შორის იყო 12 წლის პოლი, რომელმაც 1992 წელს მეგობართან, Sasha Funke-სთან ერთად, ლოკალურ კლუბებში, დაიწყო DJing-ი. მათი დუო საკმაოდ სწრაფად გახდა მოთხოვნადი და იკავებდნენ ისეთი კლუბების სცენებს, როგორებიცაა: Tresor, Planet, Walfisch და E-werk.

მიუხედავად დიდი წარმატებისა, პოლის მთავარ მიზნად, ყოველთვის, რჩებოდა საკუთარი მუსიკის ცოცხლად შესრულება. 1999 წელს კი მისი პირველი ნამუშევრები გამოიცა Ellen Allien-ის ლეიბლზე და მალევე მიიპყრო მსოფლიო დონის არტისტების ყურადღება, რადგან მისი მუსიკა არ გავდა იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ ტექნოს მონოტონურ ჟღერადობას, მისი მუსიკა უფრო მელოდიური და თბილი გრძნობებით გამდიდრებული იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2004 წელს ბერლინელი კინო-რეჟისორი და Paul Kalkbrenner-ის გულშემატკივარი Hannes Stoehr დაუკავშირდა მუსიკოსს და ფილმისთვის მუსიკის დაწერა, ხოლო მოგვიანებით ფილმში – Berlin Calling (ბერლინი გვიხმობს) მთავარ როლში თამაში შესთავაზა.

ფილმი გერმანული ფილოგრაფიის მნიშვნელოვან კულტად იქცა, ხოლო მისთვის დაწერილმა სინგლმა “Sky and Sand” 121 კვირაზე მეტი გაატარა გერმანულ ჩარტებში და ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ჰიმნად იქცა.

გერმანელ არტისტს ამ დროისთვის 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, არის მუსიკალური ჩარტების მუდმივი ლიდერი, ის ისეთი ფესტივალების ჰედლაინერია როგორებიცაა: Tomorrowland (ბელგია), Lollapalooza (საფრანგეთი, დანია), Coachella (ა.შ.შ), Ultra Miami (ა.შ.შ), Glastonbury (დიდი ბრიტანეთი), Exit Festival (სერბეთი) და ა.შ.

ლეგენდარულ მუსიკოსთან, ერთად ქართველი მსმენელის წინაშე, ესპანელი არტისტი Henry Saiz და ადგილობრივი პროდიუსერი Tade წარდგებიან.

კომენტარები

კომენტარი