კულტურა

კრემლი რუს არტისტებს მოუწოდებს, საქართველოში ჩასვლისგან თავი შეიკავონ

კრემლი რუს არტისტებსა და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში ჩასვლისგან და მათ იმ საფრთხეებს ახსენებს, რომლებიც, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ელოდებათ. პრეზიდენტის პრეს-მდივანის, დიმიტრი პესკოვის თქმით საქართველოში ჯერ კიდევ არ განუხილავთ იმ “რადიკალების” საქმე, რომლებიც 20 ივნისს პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ.

“უბრალოდ, ჩვენმა არტისტებმა უნდა გაიგონ, რომ ეს (საქართველოში ჩასვლა) მათთვის უსაფრთხო არაა” – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

“საქართველოს წარმომადგენლებისგან ჯერ არ გვსმენია იმ ახალგაზრდების დაგმობა, რომლებიც ცდილობდნენ შევარდნილიყვნენ პარლამენტის შენობაში და თავს დასხმოდნენ სხვა ქვეყნის ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. არ გაგვიგია, ვინმეს დაეგმოს ეს საქციელი” – აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე, პრეზიდენტის პრეს-მდივანმა პუტინის მიერ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ახლა, საქართველოში რუსოფობიული ისტერია სუფევს, ამიტომ, ის ზომები, რომლებიც პუტინმა მიიღო აუცილებელი იყო. “პრეზიდენტი, როგორც რუსების პრეზიდენტი, ვალდებულია, ხალხის უსაფრთხოებაზე იფიქროს, ამიტომაც მიიღო მან შესაბამისი ზომები” – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ანტისაუკუპაციო საპროტესტო აქციები საქართველოში 20 ივნისს დაიწყო. მასობრივი საპროტესტო ტალღა თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში ასამბლეის სესიის რუსულ ენაზე ჩატარებას მოჰყვა.

დეპუტატ გავრილოვის სასტუმრო “რედისონიდან” გაყვანის შემდეგ, აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. გვიან კი ხალხი ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. დარბევის დროს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის მედიისა და პოლიციის წარმომადგენლები. აქციის რამდენიმე მონაწილემ თვალის სერიოზული დაზიანება მიიღო, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა.

მეორე დღეს, თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი მანდატზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი