ვიზუალური ხელოვნება

კეთ პაუნდი – რას ნიშნავს ჩვენი სიზმრები?

ფილოსოფოსები და პოეტები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ აღფრთოვანებულები სიზმრებით. მათ განიხილავდნენ, როგორც ღვთიურ გზავნილებს, შემოქმედებითობის გამოთავისუფლების გზას და მე-19 საუკუნეში, ფსიქოანალიზის წარმოშობის შემდეგ, ჩვენი არაცნობიერების გაგების გასაღებად. იმდენად, რამდენადაც ბევრ ჩვენგანს ამ ბოლო კვირებში უჩვეულოდ ცოცხალი სიზმრები გვქონდა, ახლა შესაბამისი მომენტია, რათა გამოვიკვლიოთ, როგორ ესმოდათ სიზმარი და როგორ ასახავდნენ მას საუკუნეების განმავლობაში.

რატომ ვხედავთ ასე ცოცხალ სიზმრებს  ახლა? „ჩვენ ახალ სიტუაციაში ვართ, ასე რომ ახალია ემოციებია გადასამუშავებელი“ – პასუხობს ფსიქოთერაპევტი ფილიპა პერი, რომელმაც თავის გამომწერებს ტვიტერზე სთხოვა გაეგზავნათ მისთვის თავიანთი სიზმრები. მისი თქმით, სიზმარში ჩვენი გრძნობები გამოიხატება „არა პირდაპირ, არამედ მეტაფორებში“.

ალბრეხტ დიურერი, „სიზმრის ხილვა“ (1525)

ალბრეხტ დიურერის „სიზმრის ხილვა“ (1525) ხელოვანის პირადი სიზმრის პირველი ცნობილი ასახვაა დასავლურ ხელოვნებაში. ნახატზე წყალია გამოსახული, პერის აზრით, ეს გრძნობებზე მიანიშნებს. პერი ამბობს, რომ არ არსებობს სიზმრის ლექსიკონი, თუმცა „რაღაც საგნები, ჩვეულებრივ, რაღაცას აღნიშნავენ“.

დიურერის ნახატი გამონაკლისია, რადგან რენესანსის ეპოქაში, მიუხედავად იმისა, რომ ანტიკური ფილოსოფიის მიერ სიზმრების შესწავლა დიდი ინტერესის საგანი იყო, ქრისტიანული იდეოლოგიის წარმართულ ინტერპრეტაციებთან უარყოფითი დამოკიდებულების გამო, სიზმრის ნახატების უმრავლესობა ბიბლიურ თემაზე იყო. იაკობის სიზმრები – ისევე როგორც ფარაონისა, რომელიც იოსებმა განმარტა – რჩეული თემები იყო.

რაფაელმა დახატა ისინი ვატიკანის Palazzo Apostolico-ს ჭერზე 1518 წელს. სიზმრის ცოცხალი მეტაფორები ნაჩვენებია, როგორც ცაში მოტივტივე, იმის ხაზგასასმელად, რომ მათი აღქმა მოკვდავი ადამიანისთვის მიუწვდომელია. მითოლოგიური თემებს, როგორებიცაა ლორენცო ლოტოს „მძინარე აპოლონი და მუზები დიდებით“ (1549), შესაძლოა მიეცა ხელოვანებისთვის უფლება, რათა აღექვათ ის, როგორც მინიშნება, რომ არსებობს ურთიერთკავშირი სიზმარსა და შთაგონებას შორის. აპოლონის ძილი, როგორც ჩანს, აძლევს მუზებს თავისუფლებას განიძარცვონ სამოსი და ინავარდონ იქვე მინდორში, რაც მიანიშნებს შეუზღუდავ შემოქმედებითობაზე, რომელიც შეიძლება ძილმა გამოათავისუფლოს.

იერონიმუს ბოსხის ნახატების კოშმარული შინაარსი გაცილებით ბევრ ადამიანზე ახდენდა გავლენას. მათი სახისმეტყველება თითქმის დანამდვილებით იყო აღქმული, როგორც არა ხელოვანის მიერ სამოთხის და ჯოჯოხეთის უბრალო წარმოდგენა, არამედ როგორც გამაფრთხილებელი კოშმარების წარმოდგენა, რომელიც ეწვევა ცოდვილებს, რათა გააფრთხილოს ისინი, რა ელოდებათ, თუ არ მოინანიებენ. ეს ყოველივე უფრო ექსპლიციტურია ბოსხის მიმდევრის ნახატში „ტუნდალეს ხილვა“ (1520-1530), რომელშიც ცოდვილი რაინდი ლივლივებს ჯოჯოხეთის საკუთარი კოშმარული ხილვის ზემოთ.      

სიზმრები, როგორც ხელოვნების საგანი, უმეტესწილად მივიწყებულ იქნა განმანათლებლობის რაციონალურ ეპოქაში, მაგრამ მე-18 საუკუნის მიწურულს შეიქმნა მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასახვა – „კოშმარი“ (1781) ჰენრი ფუზელის მიერ. ლიტერატურული, ბიბლიური ან ხელოვნების ისტორიისეული პრეცედენტის არარსებობის გამო, ნახატი გაურბოდა ინტერპრეტაციას, თუმცა ზოგიერთი მასში ხედავს ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიტიკური თეორიების წინასწარხედვას.

ჰენრი ფუზელი, „კოშმარი“ (1781)

პერი არ მიიჩნევს ნახატს ღამის საშინელებების პირდაპირ ასახვად. არამედ ქალის დაუცველ პოზაში, ცხენის არაჯანსაღ ინტერესში მისი სასქესო ორგანოსადმი და ქონდრისკაცის პოზაში – რომელიც უნდა მიანიშნებდეს დეფეკაციაზე, პერი ხედავს „დეგრადაციას ქალის ეროტიული სიზმრისა, რომელსაც უნდა ხედავდეს ბევრი მამაკაცი“. ან, ამატებს იგი, „ქალი… ჩვენი სიზმრები და ჩვენი სექსუალური ფანტაზიები იშვიათადაა პოლიტიკურად კორექტული, რომელი სქესისაც არ უნდა ვიყოთ“.

ჰენრი ფუზელი, (სხვა ვერსია) „კოშმარი“ (1781)

„დახატე შენი სიზმრები”

სიმბოლისტები იყვნენ ისინი, ვინც დააბრუნეს სიზმრები სახელოვნებო გამოხატვის წინა პლანზე. ისეთი ხელოვანებისათვის, როგორებიც იყვნენ გუსტავ მორო და ოდილონ რედონი, სიზმრები სინამდვილის და არსებობის იდუმალების გაშიფრვის მეთოდი იყო. რედონის „თვალი, როგორც უცნაური ბუშტი ადის უსასრულობისაკენ“ (1882), რომელშიც საჰაერო ბუშტი თვალის ფორმით, ქაჩავს ადამიანის თავს ღრუბლებში, მიანიშნებს სიზმრების ხშირად აბსურდულ ბუნებაზე. სულაც არაა გასაკვირი, რომ ამ მოძრაობამ გავლენა მოახდინა სიურრეალისტებზე.

სიურეალიზმის თავდაპირველი შთაგონება იყო ზიგმუნდ ფროიდის „სიზმრების ინტერპრეტაცია“. ფროიდის მიხედვით, სიზმრები გამოხატავენ სურვილის ასრულებას, რომელიც თვითცენზურის გამო დამახინჯებულია იმგვარ გამოსახულებებად, რომლის აზრსაც გამოღვიძებული ადამიანი ვეღარ ხვდება. მათი დაფარული მნიშვნელობის გახსნით, ფროიდს სწამდა, რომ ფსიქოანალიზს შეეძლო პაციენტების განკურნება იმისგან, რაც მათ ხინჯად ჰქონდათ ჩარჩენილი.

თუმცა, მაშინ როცა ფროიდი სიზმრებს განიხილავდა, როგორც რაღაცას, რაც უნდა გაიშიფროს, იმისათვის, რომ განკურნება გახდეს შესაძლებელი, სიურრეალისტები სიზმრებს მიიჩნევდნენ შეუზღუდავი შემოქმედებითი გამოხატვის გამოთავისუფლების საშუალებად; ეს იყო რეაქცია ევროპის ბურჟუაზიული კულტურის მიმართ, რომელიც მათ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ შეიზიზღეს.

სიურრეალისტურ ხელოვნებაში, სიზმრის მხედველი, ჩვეულებრივ, არ არის ასახული. არამედ, მნახველი უშუალოდ უყურებს სიზმრის შინაგან სამუშაოს. ჯორჯო დე ჩირიკოს შფოთვით დატვირთული სიზმრის სცენები ან მაქს ერნსტის უცნაური ნახატები, კოლაჟები და მულტიმედიური ნამუშევრების მსგავსი სიზმრები იღებს გამოცანების სახეს, რომლებიც მნახველის მიერ რეალობის აღქმას გამოწვევის წინაშე აყენებს.

სალვადორ დალი, „ნარცისის მეტამორფოზა (1937)

ფროიდი, უნდა აღინიშნოს, შეშფოთებული იყო მათი იდეებით, თუმცა მან ცოტათი შეცვალა თავისი ტონი, როცა შეხვდა სალვადორ დალის 1938 წელს. დალის თან ჰქონდა მისი ნახატი „ნარცისის მეტამორფოზა (1937), რომელშიც აუზში მომზირალი ნარცისის ფორმა დუბლირებულია თითით და ცერით, რომელსაც უჭირავს გაბზარული კვერცხი, რომლიდანაც ჩანს ნარცისის ყვავილი. ადრე ფროიდი სიურრეალისტებს აღიქვამდა, როგორც აბსოლუტურ (მოდი ვთქვათ 95%, ალკოჰოლის მსგავსად) შეშლილებს“ – მაგრამ დალიმ, მისი „უდაო ტექნიკური ოსტატობით“, აიძულა მას გადაეხედა თავისი შეხედულებისთვის.

ფილიპა პერი თავადაც იკვლევდა სიურრეალისტურ მიდგომას სიზმრების მიმართ, როცა მან შექმნა BBC-ის დოკუმენტური ფილმი „როგორ ვიყოთ სიურრეალისტი ფილიპა პერისთან ერთად“ 2017 წელს. მათ მსგავსად, მან ჩამოაყალიბა სიურრეალისტური კვლევის ბიურო და სთხოვდა პუბლიკას მოეთხროთ მისთვის მათი სიზმრები, სანამ ამთ დახატვას სთხოვდა. „ის, რაც ამაღელვებელია, არის რას იღებენ ისინი, როცა მათ სიზმრებს აცოცხლებენ“, ამბობს იგი.        

პაციენტებთან პერი ზოგადად იყენებს გეშტალტ თერაპიას, რომელიც დააფუძნა გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა – ფრიც პერლსმა, რომელიც გულისხმობს სიზმრების საკუთარი თავისთვის მოყოლას სიზმარში ნანახი ყველა საგნის თვალთახედვის კუთხიდან. იდეა ისაა, რომ შენს სიზმარში ყველაფერი შენი ნაწილია, ასე რომ გაიგებ რის თქმას აპირებენ ისინი შენთვის და ამდენად უკეთესად შეიცნობ საკუთარ თავს.

ჩვენს ამჟამინდელ სიტუაციაში, პერი ფიქრობს, რომ მრავალი მიდგომა მოგვცემს სარგებელს. „დახატეთ თქვენი სიზმრები; დაწერეთ სიზმრები. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ გადაამუშავო ემოცია და გრძნობა, რაც სიზმარში გქონდათ. თქვენ ეუფლებით და ამდენად, აკონტროლებთ“, ამბობს იგი.

და ვინ იცის, პროცესში იქნებ გამოვათავისუფლოთ ჩვენი საკუთარი, აქამდე უცნობი, შემოქმედებითობა.

კომენტარები

კომენტარი