ვიზუალური ხელოვნება

ირაკლი მერელის ციფრული გამოფენა – ხელოვნება კარანტინის პერიოდში

“რეალობა საკმაოდ მძიმეა მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ თითქოს საკუთარ ბუნდოვან მომავალში ჩავიკარგეთ, აღარაფერია გასაგები, არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ყველაფერი და როგორ გააგრძელებს მსოფლიო ფუნქციონირებას, რა დარჩება უცვლელად და რა შეიცვლება? ამ კითხვებზე ზუსტი პასუხები და არც პროგნოზები ჯერ არ არსებობს. მიუხედავად ყველაფრისა, იქ, სადაც კარებს ძლიერად მოგიჯახუნებენ, კიდევ უამრავი ღია კარების შემჩნევას ვიწყებთ, რომლებსაც აქამდე ვერ ვამჩნევდით, რეალობის ახლებური და პოზიტიური გააზრება, ალბათ, ყველაზე სასარგებლო უნდა იყოს ასეთ ვითარებაში, ამიტომაც ავიღე თემად მოცემული რეალობა და დავარქვი მას /ət həʊm/” – ამბობს თანამედროვე ქართველი არტისტი ირაკლი მერელი საკუთარი ციფრული გამოფენის შესახებ, რომელზე წარმოდგენილი ნამუშევრების დიდი ნაწილიც სწორედ კარანტინის პერიოდში შეიქმნა.

გლობალურმა პანდემიამ, რომელმაც რეალობის ახალი წესრიგი დაადგინა, ხელოვნების ესენციური შინაარსი, აღქმაც შეცვალა და, ბუნებრივია, მან გავლენა მოახდინა არა მხოლოდ მის მენეჯმენტსა და რეპრეზენტაციის ფორმებზე, არამედ თავად შემოქმედებით პროცესზეც.

სწორედ ამ პერსპექტივაზე ამახვილებს ყურადღებას ირაკლი მერელიც, არტისტი, რომელსაც საკუთარ ნამუშევრებზე თვითრეფლექსიის შთამბეჭდავად ფხიზელი უნარი აქვს:

ახლა, როცა, ერთი შეხედვით, ყვეალფერი გაჩერდა, გონება აქტიურ ფაზაში შედის და მას, ვისაც სურს გადარჩეს, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად, უნდა განაგრძოს პროფესიული ზრდა, უნდა მოახერხოს ადაპტირება ახალ რეალობასთან. ჩემ შემთხვევაში, გარეგან ცვლილებს მოჰყვა შინაგანი, პროფესიოული მეტამორფოზა. პირად შმოქმედებაში შემოვიდა მკვეთრი ფერი და ვიზუალური აზროვნება დავიწყე ინტენსიურ, ფერად ტონალობებში. ის, რაც აქამდე წარმოუდგენელი მეგონა, სრულიად დასაშვებად იქცა, რამაც აუცილებელი გახადა ჩემი საქმის ახლებური გააზრება და დასაბამი დაუდო იმ უზარმაზარ ტრანსფორმაციას, რომელსაც მხატვრობის ერთი განზომილებიდან, სრულიად ახალ, უცნობ მხატვრულ სამყაროში გადაყავხარ.

თანამედროვე ქართველი არტისტი ირაკლი მერელი


“რეალობა საკმაოდ მძიმეა მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ თითქოს საკუთარ ბუნდოვან მომავალში ჩავიკარგეთ, აღარაფერია გასაგები, არავინ იცის როდის დასრულდება ეს ყველაფერი და როგორ გააგრძელებს მსოფლიო ფუნქციონირებას, რა დარჩება უცვლელად და რა შეიცვლება? ამ კითხვებზე ზუსტი პასუხები და არც პროგნოზები ჯერ არ არსებობს. მიუხედავად ყველაფრისა, იქ, სადაც კარებს ძლიერად მოგიჯახუნებენ, კიდევ უამრავი ღია კარების შემჩნევას ვიწყებთ, რომლებსაც აქამდე ვერ ვამჩნევდით, რეალობის ახლებური და პოზიტიური გააზრება ალბათ ყველაზე სასარგებლო უნდა იყოს ასეთ ვითარებაში, ამიტომაც ავიღე თემად მოცემული რეალობა და დავარქვი მას “At Home”, რომლის ძალიან მრავალხრივი გააზრება შეიძლება: სახლში, შინ, საკუთარ ნაჭუჭში, პირად სივრცეში, სადაც ყველა ენერგიის აკუმულირება მოხდა და მათზე კიდევ ერთხელ გადახედვა, თითქოს სამყარომ გვაიძულა ასე, ჰო და რატომაც არა, ალბათ გასაღებიც აქვეა – მიიღო არსებული რეალობა და დაიწყო მასზე დაკვირვება, მოუსმინო პლანეტას და კოსმოსს, არა იმ გაგებით თუ რას ეუბნება ის მსოფლიოს ხალხებს, არამედ იმ თვალსაზრისით თუ რას გეუბნება ის პირადად შენ. მე საკუთარი ჩრდილის შემჩნევით დავიწყე ახალი მოგზაურობა შინ, ჩრდილით, რომლისთვისაც აღარ არსებობდა არც დრო და არც ის სივრცე, რომელშიც აქამდე უწევდა არსებობა. მან პარალელურ სამყაროში გადაინაცვლა და მოძრაობის არეალიც გაიზარდა. იმ განზომილებებში, სადაც ის აღმოჩნდა, არ ემორჩილება ფიზიკის დადგენილ კანონებს, განათების და პერსპექტივის წესებს და თავად ქმნის თავისივე გარემოს, თავად ქმნის იმ სხეულებსაც, რომლის ჩრდილიცაა. თავისი არსებობის ან არარსებობის მრავალფეროვანი ვარიაციით ეს შინაგანი ცეკვა, ვიზუალური მუსიკა, ჰარმონია საკუთარ თავთან, არის საშუალებაც და პოზიციაც, გადარჩენაც და სიკვდილიც, დასასრულიც და დასაწყისიც, დაბადებაც და ორსულობაც საკუთარ ახალ ეგზემპლარებზე.

ახალ ნამუშევრებში შემოსული წთელი და ცისფერი, მათი ინტენსიურობა, სიჭარბე, კონტრასტულობა, გადათამაშება და სინთეზი არ არის შმთხვევითი, თუმცა არც დაგეგმილი, გაწერილი და შემდგომ განხორციელებული. მუშაობის პროცესში დაბადებული ეს ორი ფერი, გამოწვეულია შინაგანი ინერციით, სადაც სიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთს ხვდება, სადაც ამოფრქვეული, გავარვარებული ლავა ჩაიღვრება ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში და წარმოიქმნება დიდი აორთქლება, სადაც დასასრული ხდება დასაწყისი ახლისა და ასე უსასრულოდ, სიცოცხლის მარადიულ ფერხულში”, – განმარტავს ავტორი.

ირაკლი მერელი დაიბადა 1992 წლის 28 აგვისტოს, ბათუმში. ბავშვობიდან ხატავდა, დაამთავრა ბათუმის სამხატვრო სკოლა, სწავლა განაგრძო თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ფერწერისა და გრაფიკის განხრით.

მერელის ნამუშევრები შინაგანი სამყაროს კომუნიკაციაა მაყურებელთან, რომელიც ისეთი ოსტატობით არის განხორციელებული მხატვრის მიერ, რომ მას, როგორც ხელოვანს პირველივე ნაბიჯებისას კატაპულტირებას უკეთებს იმ ოლიმპზე სადაც მნიშვნელოვანია საკუთარი ხედვა და ხელწერა.

მხატვარს ჩამოყალიბებული ტექნიკა აქვს, რომელიც მრავალშრიან ფერწერას განსაკუთრებულ სიღრმეს აძლევს. მთავარ როლში გვევლინებიან ფიგურები, რომელთა ანონიმურობა იმდენად მიმზიდველია, რომ შთაბეჭდილებით მონუსხულს ინერცია გიჩნდება მათი თანამგზავრი გახდე თავიანთ იდუმალ სამყაროში

ირაკლის პირველი პერსონალური გამოფენა “ინტროსპექცია” გაიმართა ARTTENT-ში, 7 დეკემბერს, 2019 წ.

მისი ახალი ციფრული გამოფენის სანახავად გადადით ბმულზე: http://iraklimereli.com/en/tour360

კომენტარები

კომენტარი