საშემსრულებლო ხელოვნება

ინტერვიუ Young Mic-თან: “პირველი, რაც სიტყვა სიძულვილზე მახსენდება, სიყვარულია”

“არტნიუსმა” დაიწყო რუბრიკა სახელწოდებით “უარყოფითი კითხვები”, რომლის ფარგლებშიც, ქართველ არტისტებს დავუსვამთ კითხვებს, რომლებიც ნეგატიური შინაარსით იქნება დატვირთული.

ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი რეპერი მიშკა მგალობლიშვილი, იგივე Young Mic-ია, რომლის ინტერვიუსაც წარმოგიდგენთ:

– ინტერვიუები გეზიზღებათ?

– პირიქით, მიყვარს.

– რომელ კითხვას არ დაუსვამდით ჩემს ადგილას საკუთარ თავს? 

– რამე შეურაცხმყოფელ ან გამომწვევ კითხვას, ალბათ.

– პასუხი კითხვაზე, რომელსაც საკუთარ თავს არ დაუსვამდით:

– კითხვები, რომლის ჩემი თავისთვის დასმასაც გავურბივარ, ალბათ, ის კითხვებია, რომელიც ჩემს “მოსანიებელ ცოდვებს” მახსენებს და, შესაბამისადმ პასუხი “მონანიება” უნდა იყოს.

– პირველი, რაც სიტყვა „სიძულვილზე“ გახსენდებათ:

– სიყვარული.

– რა არის ის, რასაც ადამიანებში ყველა აფასებს და თქვენ არა?

– ალბათ, ადამიანის სწრაფვა ისეთი რაღაცებისადმი, როგორიცაა, მაგალითად, “კარგი სამსახური” ან კიდევ რამე ეგეთი ჩემთვის ზედაპირული ცნება.

– ბოლოს რომელმა ახალმა ამბავმა გაგაღიზიანათ?

– ემინემის ახალი ალბომი 103 ქვეყანაში პირველ ადგილზე ყოფილა და კრიტიკოსებს გამოსვლისთანავე რომ მოუსწრიათ უარყოფითი შეფასებების გაკეთება. თან მთელი ალბომი იმათ ლანძღავს, ვინც წინა ალბომი გააკრიტიკა. არ მესმის, ესეთი პრიმიტიული, როგორ შეიძლება იყო, იმ კრიტიკოსებს ვგულისხმობ. მესმის, რომ საწყენია, მთელი მსოფლიოს გასაგონად თავზე ლაფს რომ გასხამენ, თანაც ასე ოსტატურად, მაგრამ უფრო ჭკვიანური სტრატეგიის მოფიქრებაც შეიძლებოდა საპასუხოდ. თან, როცა პრესტიჟული ჟურნალის სახელით აქვეყნებ სტატიას, უარყოფით პროგნოზს აკეთებ ალბომზე და მერე ეს ალბომი მსოფლიოს ნახევარზე მეტ ქვეყნებში პირველ ადგილზე ხვდება, ვერავის და ვერაფერს ვნებ, შენივე კომპეტენციის გარდა.

– როგორი ადამიანი გიშლით ნერვებს?

– უპასუხისმგებლო.

– რომელია ის წიგნი, რომელიც ყველაზე მეტად არ მოგწონთ?

– ფიზიკის სახელმძღვანელო.

– რომელია ის ავტორი, რომელიც ყველაზე მეტად არ მოგწონთ?

– სკოლის სახელმძღვანელოებს ხშირად ჰყავს ეგეთი “ხიხო” ავტორები. წიგნის ავტორზე უკეთ თუ არ იცოდი საგანი, რა ეწერა, ვერ გაიგებდი. სახელები ნამდვილად არ დამიმახსოვრებია.

– ვის მოკლავდით?

– ჩემი ნებით, მოწმენდილ ცაზე, არავის. მოვკლავდი, მარტო სხვა გამოსავალი თუ არ მექნებოდა.

– რომელი პერსონაჟი გძულთ?

– სპანჯ ბობი.

– რომელი მხატვარი და ნახატი?

– მხატვრები და ნახატები მიყვარს. სანამ კინოზე და მუსიკაზე გადავერთვებოდი, მულტიპლიკატორობას ვაპირებდი. თუ არ მომწონს ნახატი, არ ვუყურებ.

– რომელი პოლიტიკოსი გძულთ?

– მარვან II იბნ მუჰამადი.

– როდის გაგაღიზიანათ საკუთარმა თავმა?

– ალბათ მაშინ, როცა სხვამ გამაღიზიანა.

– რომელი ქართველი მომღერალი გძულთ?

– მე მგონი, არაკორექტული, არაკოლეგიალური და სულელური იქნება ჩემი მხრიდან ვინმეს სახელი და გვარი გამოვყო, მარტო იმიტომ, რომ შეიძლება, მისი რომელიმე, ან თუნდაც ყველა სიმღერა მაღიზიანებდეს.

– რის სუნს ვერ იტანთ ყველაზე მეტად?

– ძღნერის.

რა გეზარებათ ყველაზე ძალიან?

– ამ მომენტში – სახლის დალაგება.

კომენტარები

კომენტარი