საშემსრულებლო ხელოვნება

ინტერვიუ ჰობოისტ ქეთი ტიღაშვილთან: “უკულტურო ერზე ცუდი არაფერია”

ფოტო: დავით ქავთარაძე

“არტნიუსი” გთავაზობთ ინტერვიუს არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულ, ადგილობრივი და უცხოური მნიშელოვანი ჯილდოების მფლობელ,  Mersin Youth Symphony-ს კონკურსის სამგზის გამარჯვებულ ქეთი ტიღაშვილთან. ამასთან ერთად, ქეთი გახლავთ საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის 2012-2016 წლების სტიპენდიანტი:

– ქეთი, როდის მოხდა პირველი თანაკვეთა შენსა და ხელოვნების ამ დარგს შორის?

– შეიძლება ითქვას, რომ მე და მუსიკა დაბადებიდან გადაკვეთილები ვართ. მეტიც, დედაჩემი ჩემზე იყო ორსულად, როცა მუსიკის გამოცდების ჩაბარება უწევდა. 8 თვის ორსული იყო ჩემზე, როცა ასპირანტურის გამოცდა ჩააბარა. ოპერაში პატარაობიდანვე დავდიოდი, თუმცა ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დავიწყე, ჰობოიზე კი 13 წლის ვიყავი. პრინციპში, მუსიკა ჩემთვის იმდენად ნატურალურია, რომ წარმოუდგენელია მის გარეშე ჩემი ცხოვრება. თერაპიადაც ლება ჩაითვალოს, როცა ვერ ვუსმენ მუსიკას ან ვერ ვუკრავ, სიცარიელის შეგრძნება მეუფლება, რაც არც ისე სახარბიელოა.

– როგორც ვიცი, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი ხართ, როგორ მოიპოვეთ დაფინანსება და რამდენად მარტივი და გამჭირვალე პროცესია ეს?

– გერმანიაში 2012 წელს ჩამოვედი. ბევრ ქალაქში დავუკარი მისაღებ გამოცდაზე. აგრეთვე, ვმუშაობდი ნიკოლოზ რაჭველთან სიმფონიურ ორკესტრში პირველ ჰობოის პოზიციაზე. მიუხედავად ამისა, ჩემი ოჯახი ვერ გასწვდებოდა დაფინანსებას. ყველაფრის ჩემით გაკეთება მიწევდა და გერმანულიც ჩემით ვისწავლე, ფულიც მე თვითონ შევაგროვე, რომ წავსულიყავი. ცხადია, მეხმარებოდნენ ოჯახის წევრები, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ, თუმცა 70 პროცენტი ჩემი გაკეთებულია. რამდენიმე სასწავლებელშიც მოვხვდი, მაგრამ მიუნხენი ავირჩიე, იმიტომ, რომ ჩემი ოცნება იყო ფრანსუა ლელუს მოსწავლე გავმხდარიყავი. რომ ჩამოვედი საქართველოში, მალევე მომიწია პოლონეთში წასვლა, I’culture orchestra-სთან ერთად, გასტროლებზე. როცა საქართველოში დავბრუნდი, ეს სტაჟი მქონდა და  შეგროვებული საბუთების შეტანა დავიწყე დაფინანსებაზე თხოვნით. ყველგან მივედი, ყველაფერი ვცადე, თუმცა, სამწუხაროდ, ყურადღებას არავინ მაქცევდა, მიუხედავად იმისა, რომ გია ყანჩელის, ვახტანგ მაჭავარიანისა და ნიკოლოზ რაჭველის რეკომენდაციებით ვსარგებლობდი და სამოტავიო წერილიც კარგად მქონდა დაწერილი. მალევე შევიტანე კულტურის სამინისტროში საბუთები. აღსანიშნავია სანდრა რულოვსის როლი ჩემს ცხოვრებაში. მას ჰქონდა ფონდი, რომლითაც სხვადასხვა ადამიანებს ეხმარებოდა. ყველანაირი იმედი ამოწურული მქონდა, როდესაც ანი ცქვიტინიძემ, სანდრა რულოვსის ფონდის წარმომადგენელმა, დამირეკა და 2012 წელს ჩემი სწავლის დაფინანსების ამბავი შემატყობინა. პროცედურა მარტივი არ ყოფილა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა საქართველოში ფესვებგამდგარი მავნე პრაქტიკა, რომელიც ნეპოტიზმის სახელითაა ცნობილი, საერთოდ არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა კიდეც. ხელისფულების შეცვლასთან ერთად, ჩემი მდგომარეობაც შეიცვალა. გართულდა დაფინანსების გარძელების საკითხი, თუმცა ეს პრობლემაც მალევე აღმოიფხვრა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი განათლების საერთაშორისო ცენტრს. ეს ცენტრი არის ძალიან კარგი საშუალება ახალგაზრდებისთვის იმისათვის, რომ მოიპოვონ დაფინანსება, წავიდნენ საზღვარგარეთ და მიიღონ ნამდვილი ევროპული განათლება. განათლების საერთაშორისო ცენტრი კურსდამთავრებულებს აძლევს იმის შესაძლებლობასაც, რომ საქართველოში ხელოვნების კულტურა მეტად გაამრავალფეროვნონ. მეც და მარიამ  მაჩიაძეც, აგრეთვე სტიპენდიანტი, ვიღებთ მონაწილეობას ამ კონკურსში. ჩვენი გეგმაა ჩავატაროთ ერთკვირიანი ფესტივალი, სადაც მსმენელს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს კლასიკური მუსიკა უფასოდ, ასევე ჩავატაროთ მუსიკალურ სკოლებში და თბილისის საელმწიფო კონსერვატორიაში მასტერკლასები.  გარდა განათლებისა, ეს ცხოვრებისეულადაც მნიშველოვანია. მე მიმაჩნია, რომ თითოეულმა ადამიანმა გარედან უნდა შეხედოს თავის თავსა და ქვეყანას, რათა გათავისუფლდეს იმ სტერეოტიპებისგან, რომელიც საბჭოთა კავშირმა შემოგვინახა. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული. შენ საკუთარ თავთან მარტო რჩები და ცხოვრების ეს ეტაპიც გამოცდად გარდაიქმნება, რომელთანაც შეჭიდება ყველა ადამიანმა უნდა სცადოს.

– ცნობილია, რომ რამდენიმე ენას ფლობთ. გეხმარებათ ეს თქვენი პროფესიული განვითარების კუთხით?

– ენების სწავლა ჩემთვის ჰობად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა წმინდა წყლის ჰობად ნამდივლად არა. ისე ხდება, რომ თავისით „მესწავლება“. კომუნიკაცია ჩემი პირველი გასართობია, ძალიან მიყვარს და ამიტომაც ხდება ალბათ ასე. ვიცი თურქული, იმიტომ, რომ თურქეთში გავიზარდე. ვიცი ქართული, იმიტომ, რომ ქართველი ვარ. ვიცი რუსული ბებიის მხრიდან. ინგლისური კი ნამდვილად არის ის ენა, რომელიც არ ვიცი საიდან ვისწავლე (იცინის). თურქეთში ყოფნისას სულ პასპორტის შემოწმებას მთხოვენ, რათა დავამტკიცო, რომ ქართველი ვარ. ეს შეიძლება იქიდანაა გამოწვეული, რომ ქართული აქცენტი საერთოდ არ მემჩნევა. გერმანული ენა ყველაზე სწრაფად ვისწავლე, 5 თვეში B1 დონეზე. ცოტა ლათინურიც ვიცი და ფრანგულში დამწყები ვარ. მე მაინც თურქულს გამოვარჩევდი, ვფიქრობ, რომ თურქული არის ის ენა, რომლითაც არსად დაიკარგები, რაც შეეხება პროფესიულ განვითარებას, რა თქმა უნდა მეხმარება, თუმცა არა საკუთრივ მუსიკაში. დამხმარებია სამსახურის პოვნაში, ვარ ერასმუსის კოორდინატორი. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებს მიმართულებას ვაძლევ, ეს ჩემს ხასიათში კარგად ზის. უნივერსიტეტშიც „ქეთიმ ყველაფერი იცის“ მეძახიან (იცინის).

–  დაასახელეთ ნაწარმოები, რომელიც ჰობოითაა შესრულებული და საუკეთესოა?

– ჰობოის ინსტრუმენტში ყველაზე მნიშვნელოვანია მელანქოლიური ხმა. მას ორი ხასიათი აქვს, ერთი დეპრესიულია, მეორე მისი საწინააღმდეგო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ერთ–ერთ პრობლემად სწორედ იმას მივიჩნევ, რომ გამორჩეული ამ შეთხვევაში არაფერი მაქვს, მაინც ვიტყოდი, რომ ჰობოის ტექნიკური და მუსიკალური მონაცემების აღსაქმელად ყველაზე კარგი ნაწარმოები ალბათ არის შტრაუსის ჰობოის კონცერტი, იმიტომ, რომ ამ ნაწარმოებში შედის სწორედ ეს მელანქოლიური ხმა, ჰობოის ყველა ოქტავის იდეალურად გამოყენება (დიაპაზონის მხრივ). ჰობოის ცვალებადი ხასიათის გამოხატულება, რომელიც ხან მოთამაშეა, ხან მომღერალი, ხანაც კი დეპრესიული. დავამატებდი, რომ გია ყანჩელის ნაწარმოებებიც ძალიან კარგად გამოხატავს ჰობოის ამ მხარეს.

რომელ მუსიკაზე შექმნიდა ღმერთი სამყაროს?

ცოტა სასაცილოა, მაგრამ ერთადერთი რაც მომდის ტვინში, ლარს ფონ ტრიერის ფილმის „მელანქოლიას“ მუსიკაა, ვაგნერის შესრულებით, ტრისტანისა და იზოლდას პრელუდიის ფონზე. ტრიერი კარგად ასვამს მუსიკას ვიზუალურ ეფექტებს და კინოში როდესაც ვიყავი ისეთი შთაბეჭდილება გამოიწვია ჩემში, რომ თითქოს ღმერთი მართლაც ამაზე ქმნიდა სამყაროს.

– ეშმაკი?

მე ვფიქრობ, რომ კეთილიც და ბოროტი განკერძოებით არ არსებობს. ის ორივე ადამიანში იყრის თავს ცუდი ან კარგი აზრების სახით.მე ვფიქრობ, რომ ადამიანები კარგები იბადებიან, შემდეგ გარემოება ცვლის მათ. ცხოვრების გზა და გამოცდილება ყველას ერთნაირი არ გვაქვს. ზოგს უწევს გახდეს ბოროტი და არავინაა მათ გარშემო, რომ დაეხმაროს ბოროტების დაძლევაში. რაც შეეხება ეშმაკისა და ნაწარმოების მიმართებას, მწერლებიც და კომპოზიტორებიც ეშმაკს აღიქვამდნენ ერთი ადამიანის მიერ დამჩნეულ ლაქას მეორე ადამიანში. ეს კი ხელოვნებაში გადააქვთ და არქმევენ ეშმაკს. გავიხსენოთ ბულგაკოვი, ან გოეთე. ცხადია, რომ ამის დამტკიცებას არ ვცდილობ, რადგან სამყაროც ინდივიდუალურ ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული.

– ჩაკრულოსთან ერთად, რომელ მუსიკას გააგზავნიდით კოსმოსში?

– Bjork – Unravel-ს

– რას ფიქრობთ საქართველოში ჰობოის კულტურაზე, განვითარებულია თუ სჭირდება განვითარება?

– მე არ ვფიქრობ, რომ საერთოდ ჰობოის კულტურა ჩავარდნილია. ევროპაში ძალიან ბევრი ქართველი ჰობოისტები ვართ. მეტიც, სულ გვეკითხებიან საქართველოდან ამდენი ჰობოისტი რატომ ხართო. აქ ჩვენებურად ვასახელებთ საქართველოს. ალბათ, სხვა ინსტრუმენტების განვითარება უფრო საჭიროდ მეჩენება, თუმცა მთლიანობაში, კულტურულად ჩამორჩენილები არ ვართ. მე მაინც მეტ პრიორიტეტს მივანიჭებდი კულტურას სახელმწიფოს მხრიდან. კარგია ბიზნესიც, ეკონომიკაც, მაგრამ უკულტურო ერზე ცუდი არაფერი არაა. საქართველოში ბევრი პრობლემაა. აქტიური ქალაქი მხოლოდ თბილისია, მხოლოდ იქ იმართება ყველაფერი, დანარჩენი ქალაქები კი პასიურია. კულტურის სამინისტრომ მეტი სტიმული უნდა მისცეს ახალგაზრდებს. ბევრი ნიჭიერი ადამიანია, ზოგს ინსტრუმენტის ყიდვის საშუალებაც კი არ აქვს. ისე დადიან, რომ არავინ არ იცის მათი შესაძლებლობების შესახებ, გამორიცხული არაა თვითონაც არ იცოდეს, რადგან განვითარების საშუალება არასდროს ჰქონიათ. შესაცვლელია, აგრეთვე, განათლების სისტემაც. გერმანულ პატარა ქალაქებში დიდი უნივერსიტეტები და საუნივერსიტეტო ქალაქებია მოწყობილი, რომელთაც თავიანთი ინდივიდუალური სწავლის მეთოდიკა აქვთ. საქართველოშიც იგივე, ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა.

საერთოდ, ვართ თუ არა მუსიკალური ხალხი ქართველები?

– კი, ვართ და კარგი მუსიკოსებიც გვყავს. ამ პასუხის დასტურად შეგვიძლია ფოლკლორიც მოვიშველიოთ და კლასიკური მუსიკაც.

–  რამდენად უკავშირდება საქართველოს თქვენი სამომავლო კარიერა?

– ზუსტად ვერაფერს ვიტყვი, თუმცა სასურველი იქნებოდა თუ ისეთივე მაღალპროფესიონალური რესურსი და დამოკიდებულება იქნებოდა, როგორიც აქაა. საქართველოში ერთი მხრივ მშრომელთა უფლებები არ არის დაცული, მეორე მხრივ კი თავად მშრომელებიც უდისციპლინოები ვართ. სათანადოდ არ ვეპყრობით სამუშაოს. ჩვენ უნდა ვცეთ პატივი შრომას, მშრომელებს და ერთმანეთს. ასეთ საქართველოსთან ნამდვილად გამიხარდებოდა მომავალი დამეკავშირებინა.

– რას ურჩევდით ქართველ მსმენელს?

– ვურჩევდი, რომ კონცერტზე ტელეფონი გამორთონ, დახუჭონ თვალები და მოისმინონ ყურებით და იყვნენ იქ, სადაც არიან. დაივიწყონ ყველაფერი დანარჩენი. მუსიკა იმისთვისაა, რომ გავთავისუფლდეთ და აღმოვაჩინოთ გრძნობები, რომლებიც რუტინისგან განცალკევებულია.

კომენტარები

კომენტარი