ლიტერატურა

ინტერვიუ ხათუნა ცხადაძესთან: “თარგმანს უბრალოდ მთარგმნელის შრომისა და პროფესიონალიზმის ადეკვატური ანაზღაურება სჭირდება”

ხათუნა ცხადაძე დაიბადა თბილისში 1973 წლის 3 მაისს.

1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი მხატვრული თარგმანის განხრით.

1997 წელს ჟურნალ „ცისკრში“ დაიბეჭდა მის მიერ თარგმნილი ტონინო გუერას მინიატურები, იტალო კალვინოსა და ჯანი როდარის პატარა მოთხრობები. ამას მოჰყვა ალესანდრო ბარიკოს „ნოვეჩენტო: მონოლოგი“ და სხვა მოთხრობები.

„ვარდის სახელზე“ მუშაობა 2005 წელს დაიწყო და ხუთი წელიწადს თარგმნიდა. შემდეგ მთარგმნელმა გააგრძელა უმბერტო ეკოს წიგნების თარგმნა.

umberto eco and khatuna-ის სურათის შედეგი

უმბერტო ეკო და ხათუნა ცხადაძე

– ხათუნა, ალბათ ობიექტური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ პრემია „საბას“ სხვა ნომინაციებთან შედარებით, ყველაზე ძლიერი კონკურენცია წელს თარგმანის ნომინაციას მოუწია. როგორ ფიქრობთ, რა იყო ის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ჟიურიმ თქვენ გამოგარჩიათ?

– მგონი, ყოველ წელს ასეა. თარგმანში ძალიან დიდი კონკურენციაა, ბუნებრივია, რადგან ყოველწლიურად გამოსული თარგმანების რაოდენობა ბევრად აღემატება ქართველი ავტორების (პოეზია იქნება, პროზა, დრამატურგია თუ ესეისტიკა) ახალი წიგნების რაოდენობას. ჟიურის შეფასების კრიტერიუმებზე თავად ჟიურის წევრებმა უნდა ილაპარაკონ, მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, როგორც ჩანს, თარგმანი მოეწონათ. ისიც ვიცით, რომ ჟიური გარკვეულწილად, თავად თარგმანის ხარისხის გარდა, ტექსტის მნიშვნელობას, სირთულეს და, შესაბამისად, მთარგმნელის მიერ გაწეულ შრომასაც ითვალისწინებს ხოლმე.

ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ უმბერტო ეკო თავის ნაწარმოებებიდან „ფუკოს ქანქარას“ ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. თქვენ რომელ თარგმანს მიანიჭებდით უპირატესობას, ხომ არ არის ეს 2015 წლის „საბას“ თარგმანის ნომინაციის გამარჯვებული, „პრაღის სასაფლაო“?

არა, ვერ ვიტყოდი, რომ ეს  „პრაღის სასაფლაოა“. მე სამივე რომანი ძალიან მიყვარს და სამივეში უდიდესი შრომაა ჩადებული, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული მაინც „ვარდის სახელია“ და შემდეგ – „ფუკოს ქანქარა“.

– ზოგადად, რას ნიშნავს თქვენთვის ეკოს ტექსტებთან ურთიერთობა?

– უამრავი ახალი რამის გაგებას, გადამოწმებას, გაუთავებლად კითხვას, ძებნას, ეჭვებს, ძალიან ბევრ შრომას, ხან უკმაყოფილებას და ხან კმაყოფილებას, დაუკმაყოფილებლობის გრძნობას, აღმოჩენას, გაოცებას, სიამოვნებას, ხალისს, გაზრდას.

– როგორც დაჯილდოებაზე აღნიშნეთ, მთარგმნელი ეს ის ადამიანია, რომელიც მინიმუმ ძალიან ბევრს მუშაობს. თქვენი სამუშაო გამოცდილებიდან, ყველაზე მეტად უმბერტო ეკოს რომელ წიგნზე მოგიწიათ „მინიმუმ ძალიან ბევრი მუშაობა“. იყო ეს მხატვრული ლიტერატურა, ესეისტიკა თუ წერილები?

ცხადია, მხატვრული ლიტერატურა. ეკოს რომანები ისეთივე რთული სათარგმნია აზრობრივი თვალსაზრისით, როგორც მისი ესეისტიკა და ამას მხატვრული ტექსტის გამართვის სირთულე ემატება. ეკოს რომანებში უამრავია სწორედ მხატვრული და ენობრივი და თვალსაზრისით ძალიან შთამბეჭდავი და რთული მონაკვეთი. ყველაზე მძიმე და დაძაბული სწორედ „ფუკოს ქანქარაზე“ მუშაობა იყო ჩემთვის. წელიწადნახევარში ვთარგმნე, სხვა უამრავი ვალდებულებისა და ჯანმრთელობის პრობლემების პარალელურად და ეს პროცესი ძალიან მძიმედ მაგონდება.

– თარგმანზე მუშაობა ალბათ უსასრულო პროცესია, როდის ხვდებით, რომ ტექსტი შედგა და გამოსაცემად მზადაა?

– ნამდვილად უსასრულო პროცესია. მორჩა, გამოსაცემად მზადაა-მეთქი, ალბათ არასოდეს ვიტყოდი, იძულებული რომ არ ვიყო, ბოლოსდაბოლოს გავუგზავნო ტექსტი რედაქტორს. უამრავჯერ ვკითხულობ, ვცვლი, ვასწორებ უსასრულოდ და თითოეული, უმცირესი ჩასწორებაც კი უნიშვნელოვანესი და არსებითი მგონია. ზოგი ამას სრულყოფილებისკენ სწრაფვას თუ სრულყოფის მოთხოვნილებას ეძახის, მე კი მგონია, რომ ეს, ალბათ, ერთგვარი ნარცისიზმია.

და ბოლოს, თქვენი აზრით, საქართველოს დახმარება სჭირდება თარგმანს თუ თარგმანის დახმარება საქართველოს? საერთოდ, რა პრობლემებია ამ კუთხით და როგორ ვებრძოლოთ მათ?

რა ვიცი, მგონი ეს, საბოლოო ჯამში, ერთი საქმეა. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ბევრი კარგი თარგმანი. კარგ თარგმანს კი დიდი დრო დაბევრი ნიჭიერი და განათლებული ადამიანი ბევრი მუშაობა სჭირდება. ეს საქმე კი ძალიან დაბალანაზღაურებადია იმისთვის, რომ ადამიანებმა მას ბევრი დრო დაუთმონ. მით უმეტეს, ადამიანებმა, რომლებსაც საკუთარი თავის მატერიალურად, ფინანსურად ბევრად უკეთ რეალიზება სხვა საქმით შეუძლიათ. ძნელია, თან ლიტერატურა თარგმნო და თან უამრავი სხვა რამ აკეთო: სრულ განაკვეთზე იმუშავო, ტექნიკური ტექსტები თარგმნო, რადგან მათში მეტს გიხდიან და ა.შ. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ვისაც თარგმნა უყვარს, მაინც თარგმნის და არ მიატოვებს ამ საქმეს, მაგრამ შედეგი სულ სხვა იქნებოდა, ანაზღაურება რომ უფრო ღირსეული იყოს. ასე რომ, თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, თარგმანს დახმარება არა და ღირსეული ანაზღაურება ნამდვილად სჭირდება, სწორედ იმიტომ, რომ ბევრი და კარგი თარგმანი სჭირდება ამ ქვეყანას. „დახმარება“ არასწორია: თარგმანს უბრალოდ მთარგმნელის შრომისა და პროფესიონალიზმის ადეკვატური ანაზღაურება სჭირდება.

ესაუბრა ლექსო ლობჟანიძე

კომენტარები

კომენტარი