კინო

ინტერვიუ ერმალო მაღრაძესთან: “ჩემი გმირი ბიძინა ივანიშვილია”

ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ “არტნიუსმა” დაიწყო რუბრიკა, სადაც ცნობილი ხელოვანები პრუსტის კითხვარს ავსებენ. ამჯერად, კითხვებზე ძალიან ცნობილი ქართველი რეჟისორი ერმალო მაღრაძე უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ ერმალო მაღრაძე ქართველი რეჟისორი და ოპერატორია.

მან 1961 წელს დაამთავრა ზესტაფონის რკინიგზის საშუალო სკოლა. 1963 წელს გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თუმცა სწავლა აღარ გააგრძელა და მუშაობდა „ზესტაფონის საქკაბელში“, „ზესტაფონის სტამბაში“, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრში.

1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სცენარისტის სპეციალობით.

1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. 2000 წლიდან მოღვაწეობს ზესტაფონში. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც.

ერმალო მაღრაძემ სოციალურ ქსელში სახელი, ძირითადად, ორი ფილმით გაითქვა: “აპოკალიფსი არ იქნება” და “თეა”

წარმოგიდგენთ ინტერვიუს:

– რა არის თქვენი მთავარი დამახასიათებელი თვისება?

– პატიოსნება

– ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ ქალში?

–  სილამაზეს

– ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ მეგობარში?

 – ერთგულებას

– რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ ნაკლად?

 – ვარ ძალიან მიმნდობი

– რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა?

 – კინოს კეთება, ფილმის ყურება და კითხვა

– ნიჭი, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ?

 – არც ხმა მაქვს და არც სმენა. სიმღერის ნიჭი მინდა მქონდეს.

– რას ვერ იტანთ ყველაზე მეტად?

– ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როდესაც ინტერნეტში ნადირობის სცენებს აჩვენებენ. იმ დღეს ვნახე ვიდეო, სადაც 100 კურდღელი მოკლეს. ჩემი ნება რომ იყოს, ამას ავკრძალავდი. ამ ფაქტის მიმართ ხალხი გულგრილია და ესეც არ მომწონს.

– ის, რასაც ადვილად პატიობთ

– ადამიანებს ძალიან მარტივად ვპატიობ უნებლიე შეცდომებს, თუ რამე წამოსცდებათ და ა.შ. აქვე დავამატებდი, რომ ადამიანებზე ძალიან კარგი წარმოდგენა მაქვს, ადვილად ვენდობი და ძალიან მწყინს, როდესაც იმედებს მიცრუებენ.

– რისი პატიება არ შეგიძლიათ?

– ყველაფერს ვპატიობ

–  რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ სიცოცხლე?

– კინოს გარეშე

– ვის გარეშე ვერ წამოგიდგენიათ სიცოცხლე?

მეუღლის გარეშე. მე სხვა არავინ არ მყავს, არც შვილები, არც დედა და არც მამა, მხოლოდ მეორე. მჯერა, რომ დავიკარგებოდი უმისოდ და ისიც დაიკარგებოდა ჩემ გარეშე.

– რას მიიჩნევთ თქვენს უმნიშვნელოვანეს მიღწევად?

– იმას, რომ ვარ პატიოსანი, შრომისუნარიანი. ცხოვრებისადმი, სამშობლოსადმი და ადამიანებისადმი სიყვარულით აღსავსე.

– საქართველოში რომ არ დაბადებულიყავითსად დაიბადებოდით?

– მე მაინც კინო მიყვარს და ამერიკაში, ჰოლივუდი.

– როგორ მოიაზრებთ ბედნიერების იდეას?

ბედნიერება არის კარგი ოჯახი და გაბრწყინებული საქართველო, სადაც ადამიანებს ეცლებათ იმისთვის, რომ ცხოვრებაზე იფიქრონ და არა იმაზე, თუ როგორ დააღწიონ თავი სიდუხჭირეს.

 – რას მიიჩნევთ უბედურებად?

 – ადამიანის გარდაცვალებას. ქვეყანაში როდესაც რამე ცუდი ხდება, პირადად ჩემთვის, ესეც დიდი უბედურებაა. მაგალითად, ახლა რომ ალაპარაკდნენ გერმანალები გავაუქმოთ ვიზები საქართველოსთანო. ჩვენ ჩვენს თავს უნდა მივხედოთ, გერმანელებმა თავიანთ თავებს. მოკლედ რომ ვთქვათ, კისერიც უტეხიათ.

– თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა?

– როდესაც კინოსტუდიაში ვმუშაობდი, ადამიანებთან ურთიერთობაში შემეშალა. ოღონდ არ დავკონკრეტდები.

– რა გინდათ, რომ დიდი ხნის შემდეგ თქვან თქვენზე?

– გამიხარდება თუ იტყვიან, რომ იყო ამ ქვეყანაზე ასეთი კაცი, ერმალო მაღრაძე. პატიოსანი, პატრიოტი, უყვარდა ხალხის დახმარება და ღმერთმა აცხოვნოსო.

– რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

– კალიგულა და ჰიტლერი

– ვინ არის თქვენი საყვარელი ლიტერატურული გმირი?

–  დარტანინი

– ვინ არის თქვენი გმირი რეალურ ცხოვრებაში?

 – ჩემი გმირი ბიძინა ივანიშვილია

– თქვენი საყვარელი მწერალი?

 – ავტორები ბევრია: დიუმა, სტენდალი, დუმბაძე, გამსახურდია. საყვარელი წიგნი კი ბიბლია

– საყვარელი მხატვარი?

 – იტალიელი მხატვრები მიყვარს

– რომელია თქვენი საყვარელი ფერი?

– მწვანე

– წიგნი, რომლის ავტორიც იქნებოდით?

– “სამი მუშკეტერი”

– სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებთ?

 – “გაფრინდი შავო მერცხალო”

– ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ?

– ზოგადად ძალიან უცნაური პიროვნება ვარ ბავშვობიდან. ლობიოს ვჭამდი ხოლმე შაქრით. ერთი უცნაური თვისება მაქვს, ნუ ხალხისთვის უცნაური, მე კი მგონია, რომ ეს ძალიან კარგია. ქუჩაში კაცი რო მოდის, სულ მინდა დავეხმარო. ერთხელ ქალს რაღაც მიჰქონდა, დავეხმარე წაღებაში და გარშემო მყოფებმა ეს სხვანაირად აღიქვეს.

– რეფორმა, რომელსაც უმაღლეს შეფასებას აძლევთ?

 საქართველოში არ არსებობს, ჯერჯერობით, ასეთი რეფორმა. მოლოდინის რეჟიმში ვარ.

– ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინიათ?

– მიცვალებულის.

– რითი ხართ დაჯილდოებული?

– ადამიანური თვისებებით. ორი გრამი ჭკუა მაქვს, ჯანმრთელი ვარ, შრომისუნარიანი და ვაკეთებ საყვარელ კინოებს.

– რომ არა თქვენ, ვინ იქნებოდით?

 – გაურკვეველი ადამიანი ვიქნებოდი, რომელიც რაღაცის მოლოდინშია.

– როგორ სიკვდილს ისურვებდით?

– უხერხული კითხვაა. ალბათ, ახლობლებთან,  მშვიდ ვითარებაში

– გჯერათ, რომ

– მჯერა, რომ ქართველი ერი ჭკვიანი ერი ვართ. ოდესმე ვიპოვით გამოსავალს. ჩვენ ისტორიულად ნაკურთხ მიწაზე ვცხოვრობთ და ძველი ცივილაზიის ველი ვართ. მჯერა, რომ ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება და ისე განვითარდება საქართველო, რომ აქეთ აღარ შემოვუშვებთ გერმანელებს.

– თქვენი დევიზი

– ადამიანებო გიყვარდეთ ერთმანეთი.

 

კომენტარები

კომენტარი