ვიზუალური ხელოვნება

თბილისის მეტროსადგურების ორიგინალური ილუსტრაციები დიზაინერ თეიმურაზ ალექსანდრე გოგილიძესგან

გრაფიკულმა დიზაინერმა, თეიმურაზ ალექსანდრე გოგილიძემ სოციალურ ქსელში თბილისის მეტროსადგურების ორიგინალური ილუსტრაციები გამოაქვეყნა.

“ამ პროექტის გაკეთების იდეა ჩემმა თანამშრომელმა მომაწოდა, მას მეტროპოლიტენის თემაზე შექმნილი ორიგინალური ილუსტრაცია სჭირდებოდა. პირველად, დაახლოებით ორი თვის წინ, “300 არაგველი” დავხატე საცდელ ვერსიად და, მგონი, გაამართლა. გუშინ გადავწყვიტე დანარჩენი მეტროსადგურების დახატვა და რაც მოვასწარი – ესაა. აქამდეც არაერთხელ მიმუშავია თემატურ “პაკეტებზე”, როგრებიცაა მინიმალისტური პოსტერები, ქვეყნების, ცნობილი ადამიანებისა თუ ფილმების შესახებ შექმნილი ილუსტრაციები.

სამუშაო პროცესი, ძირითადად, სახლში ბოლთის ცემით შემოიფარგლება, მთავარი ელემენტი სწორედ ეს უკანასკნელია, რომელიც არასტანდარტული მიმართულებით ფიქრში მეხმარება. დანარჩენი კი, უკვე ტექნიკური მხარეა.

ეს პროფესია მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, გრაფიკული დიზაინი და ციფრული გრაფიკა საშუალებას გაძლევს იუმორისტულ თუ არაიუმორისტულ სტილში ბევრი საინტერესო რამე შექმნა, არამხოლოდ ლოგო, ინტერიერის დიზაინი ან რაიმე სარეკლამო ბანერი და ბუკლეტი, არამედ განსხვავებული სტილის ნამუშევრები, რომელსაც შეიძლება კონკრეტული გამოყენება არ ჰქონდეს, მაგრამ რაღაც ღირებულების მატარებელი იყოს. ზოგადად, ეს პროფესია ბევრ სხვა დამატებით უნარჩვევებს აყალიბებს ავტომატურად, მე ის ადამიანის ხასიათის უკეთ გამოცნობაში დამეხმარა, უკეთ ვხედავ რა ხდება ვიზუალს მიღმა.

საყვარელი არტისტი, როგორც ასეთი, არ მყავს, პატივს ვცემ, ზოგადად, გრაფიკულ დიზაინს და იმ ადამიანებს, ვინც ამ საქმეს გულით აკეთებს. გულით გაკეთებულს, რაც არ უნდა უბრალო და მარტივი იყოს ყოველთვის ეტყობა და ჩემთვის ეს მისასალმებელია.

სამომავლო გეგმები არ ვიცი, თავიდან ეს ყველაფერი ჰობის დონეზე იყო და მინდოდა რომ ასევე გაგრძელებულიყო, როგორც პროფესია ხომ ძალიან მაგარია, მაგრამ როგორც ჰობი კიდევ უფრო უკეთესი” – აცხადებს თეიმურაზ ალექსანდრე გოგილიძე “არტნიუსთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი