კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის ბაროკო ფესტივალი წარმატებით გაიხსნა

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დიდი წარმატებით გაიხსნა 7 ნოემბერს. ორკესტრ – „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემიის“ კონცერტმა დიდი ტრიუმფით ჩაიარა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში. კონცერტზე სიტყვით წარსდგნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ბატონი მიხეილ გიორგაძე და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი ბარბარა მიუნხჰაუზენი. საღამოს ასევე ესწრებოდნენ გერმანიის და იტალიის საელჩოს წარმომადგენლები. კონცერტზე შესრულდა გ. ფ. ტელემანის, იოჰან სებასტიან და კარლ ფილიპ ემანუელ ბახის, ფ. ჯემინიანისა და ა. ვივალდის ნაწრმოებები.

11 ნოემბერს ფესტივალის მორიგი კონცერტი გაიმართა.კონცერტს წინ უძღოდა დავით გიგინეიშვილის ლექცია-წინასიტყვაობა, სადაც მსმენელები პერგოლეზის შემოქმედებას გაეცნენ. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრებზე ხალხის რაოდენობა ყოველჯერზე მატულობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი მსმენელი უფრო და უფრო ინტერესდება ბაროკოს ეპოქის მუსიკით. ეს კონცერტი გამორჩეული იყო თავისი მონაწილეებით და პროგრამით.„ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკის“საღამოს პირველ განყოფილებაში „ანჩისხატის გუნდმა“ ქართული საგალობლები და რამდენიმე ხალხური სიმღერა შეასრულა, რამაც როგორც ქართველების, ასევე უცხოელი მსმენელის დიდი მოწონება და აღტაცება დაიმსახურა. ამით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ქართული კულტურა ნამდვილად არის ევროპული კულტურის ნაწილი და ქართული გალობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს საგანძურს წარმოადგენს.კონცერტს ჩვეულებრივი მსმენელის გარდა საეკლესიო მუსიკის ექსპერტები ესწრებოდნენ, რომელთაც ასევე აღნიშნეს „ანჩისხატის გუნდის“ შესრულების მაღალი დონე.

მეორე განყოფილებაში  თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრ – „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, მსოფლიოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავები: სალომე ჯიქია (სოპრანო) და ქეთევან ქემოკლიძე (მეცოსოპრანო) წარსდგნენ მსმენელების წინაშე და ჯ. ბ. პერგოლეზის „Stabat Mater” შეასრულეს. შესრულებაში კარგად ჩანდა ორკესტრის და სოლისტების ერთობლივი ნამუშევარი: საორკესტრო შტრიხები და ვოკალური ხაზის მუსიკალური ფრაზირება იყო სტილისტურად გამართული და გააზრებული; დინამიკა და განსხვავებული ემოციური განწყობა, რაც ამ ნაწარმოების ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს (ტრაგიზმი, სიხარული, სევდა…), იმდენად კონტრასტულად იყო შესრულებული, რომ კარგად ჩანდა თითოეული ნიუანსი. ამ ყველაფერს ემატებოდა დარბაზში არსებული მუხტი, მსმენელების უდიდესი კულტურა: არც ტაში ყოფილა ნაწილებს შორის და არც მობილურის ზარებს დაურღვევია პერგოლეზის მუსიკის მისტიკურობა. ნაწარმოების დასრულებისას კი პირიქით, დარბაზი ქუხდა აპლოდისმენტებით და მუსიკოსებს ორი ბისი შეასრულებინეს.

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გრძელდება და 16 ნოემბერს, 19:30-ზე რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ფესტივალის ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. ამ საღამოს „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობას მიიღებენ: „თბილისის გუნდი ბაროკო“, თბილისისსახელმწიფოკონსერვატორიისმაგისტრატურისკამერულიგუნდ, სოლისტი –ანა ცარციძე (სოპრანო) და დირიჟორი – კორნელია ფონ კერსენბროკი (გერმანია). შესრულდება: ა. ვივალდის, ი.ს.ბახის, ჰ. პერსელის, გ. ფ. ჰენდელის, ი. დ. ზელენკას და კ. ფ. ე. ბახის საორკესტრო, საგუნდო და ვოკალური ნაწარმოებები. ეს კონცერტი ყველა ჟანრის მსმენელის გემოვნებას დააკმაყოფილებს და დარწმუნებული ვართ, რომ ისეთივე წარმატებით ჩაივლის, როგორც ფესტივალის წინა ორი კონცერტი.

ყველას გელით სამოგზაუროდ უკან ევროპაში! თბილისის ბაროკო ფესტივალი 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება!

კომენტარები

კომენტარი