ლიტერატურა

თანამედროვე პოეტი შალვა ბაკურაძე

ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ “არტნიუსმა” დაიწყო რუბრიკა “თანამედროვე პოეტები”.  გთავაზობთ შალვა ბაკურაძის ლექსებს და შეგახსენებთ, რომ დღეს მარჯანიშვილის თეატრში შალვასთან შეხვედრა მოეწყობა.

საღვთომან ნისლმან 

გზამ დაიფაროს ყველა მგზავრი,
გზამ აზიაროს მოკლულები,
გზამ ამიხილოს გული
ამ სიმღერაში, რომლისთვისაც
სამ უკანასკნელ შუაღამეს
გარს უშედეგოდ ვუვლი.

ზღვამ გამიმხილოს მარილი და
ამ მიწიანი ლაყუჩებით
კვლავ ამამღეროს შენთვის,
რომ შენი ხელი კიდევ ერთხელ,
რომ შენთან ყოფნა კიდევ დიდხანს,
სხვა არაფერი მეტი.

აქ ყველაფერი შენითაა,
აქ ყველა ძილი შენთვის მღვიძავს
და უფრო ვხვდები,მენდე
თუ ეს სიტყვები დღევანდლამდე
უ ერთმანეთოდ, როგორ ძლებდნენ,
რას ელოდნენ და ძლებდნენ.

ძლებს ჩემი ხსოვნაც ომგამოვლილ
ძვლებ გადამტვრეულ მეგობრებად,
წლებ გადახოტრილ ბავშვად,
რომ ჩემი ლოცვა სიყვარული
მათ დაუვიწყარ სახეებად
ამ სიმღერაში ჩავსვა.

ვსვა შენი წყალი სერობებზე,
ვსვა შენი ღვინო ონკანიდან,
სხვას ვეღარავის ვანდო,
ეს ეჭვით სავსე გულისჯიბე,
მტვრით გაჟღენთილი პერანგი და
მზით გაცრეცილი მანტო.

რომ ყველაფერი დაგავიწყო,
რომ ყველაფერი მაპატიო,
რომ შეჩურთული სადმე
ბნელ კარადაში მიპოვნო და
ფრთა სახელოში გამიყარო,
ტანთ ჩამიცვა და გავთბე.

 

[წინასწარმეტყველმან მან}

განა დადგა დრო, საკუთარ თავს ახალი
სახელი დავარქვა და გამოვაჩინო,
ვინც ოდნავაც კი არ მგავს, რომ კიდევ ერთხელ
ვაზეიმო, საბოლოოდ დავეხმარო
გახდეს ჩემი სახელის და ჩემი თავის

მატარებელი. რა უნდა დავთმო, რომელ
მდინარეებს უნდა შევუწყვიტო სისხლი,
რამდენი სევდის დაგუბება მომიწევს
ან არხით გადასროლა სხვა კალაპოტში,
რა შემრჩება გულისგან, როცა დაშრება?

მოდით, თქვენც ნახეთ, ან უბრალოდ სიტყვაზე
მენდეთ, რა მაქვს, საკუთარი თავის გარდა –
არც არაფერი, თუმცა მე ეს ცოლი და
შვილი და დედა და მამა და მკვდრებიც კი,
უფრო მიყვარს, მათთვის შევიყვარე სიტყვა.

რომელი სიხარულის გახდა მომიწევს,
ბოლო რამ, რაც არავის უსწავლებია,
სიხარულია. სიცოცხლისაგან მხოლოდ
ის მომეცა უკვდავების სარწმუნებლად.
ეს ფესვებიც სიხარულმა მიმახვედრა.

მოდით თქვენც ნახეთ, ან უბრალოდ სიტყვაზე
მენდეთ, რა მაქვს, საკუთარი თავის გარდა –
არც არაფერი, თუმცა მე ეს ცოლი და
შვილი და დედა და მამა და მკვდრებიც კი,
უფრო მიყვარს, მათთვის შევიყვარე სიტყვა.

თავდაპირველად სიტყვა არ იყო, მოდით,
ის სიხარულზე გვიან გაჩნდა, ამიტომ
სიტყვაში სწავლაა უფრო საყვარელი
სიტყვაში სწავლაა უფრო საყვარელი
სიხარულში კი ის, შეცვლა რომ მომიწევს.

ძლისპირი

ამბავს, რომელსაც ახლა გიამბობ,
ჩვილის ღიმილზე ნათელია და
დედის ხელებზე თბილი.
სიზმარმოკლული ტკბილი ძილია,
ბალახმოვლილს რომ მისდევს ლიანდაგს,
ბალახმოვლილი ძილია, ტკბილი ძილი.

ზღვის ლურჯი ცაა, ადრე დანახულ
სუყველა ცაზე შორეული და
სუყველა ცაზე სუფთა.
მას დაინახავ მხოლოდ გულიდან,
თუკი იქნები დახუჭული და
თუკი შეიკრავ სუნთქვას, წუთით სუნთქვას.

მე მეპურე ვარ, ჩემი სახელი
თბილი ცომივით იკრობს მეპურის
ფქვილისფერ ბედს და იღბალს,
რომ გლახის მიერ ერთხელ გახელილ
პირი მზითა მაქვს ამოვსებული
და სიტყვებს ჰქვიათ: მიყვარს, მიყვარს, მიყვარს.

მე მეთევზე ვარ, ჩემი ღიმილი
ოქროსთევზივით ლაღად ნებივრობს
შენი თვალების ფსკერზე.
რომ შენი გული ვიცი ზეპირად
და თითქოს მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ
ვერ ვძლებ უშენოდ, უშენოდ ვერ ვძლებ, ვერ ვძლებ.

აღარც კი მახსოვს, როდის დავტოვე
დაუვიწყარი ჩემი სამშობლო,
ჩემი ღრუბლები, ზეცა.
შენთან დავსახლდი, ცოტაც მადროვე,
გადამავიწყებ, მწამს სიმარტოვეს,
თბილი სიტყვებით დამილბობ ტანქვეშ ზეწარს.

შენი ცოლი ვარ ქმრისმორჩილი და
უფლისმორჩილი შენი ქმარი ვარ,
ქმარი ვარ, შენი, ქმარი.
ვიცი, ვერ ხვდები ახლა ძირითადს,
რადგან მიყურებ მხოლოდ ძილიდან,
ამბობ: ქარია გარეთ, ჩქარი, ქარი.

მე ისევ ვწვები შენს სიახლოვეს
და შენი სუნთქვა ჩემსას ენდობა,
ბნელ თმებს სახეზე მაშლის.
შენი სიცოცხლის ნიშნებს ვაგროვებ,
რადგან მიყვარხარ და უშენობა
რაში მჭირდება, რაში, მითხარ რაში.

წერილი ნინოს

მე კარგადა ვარ, გიბრუნდები ყველაზე სწრაფი მატარებლით და
გამოვცდი უკვე იერუსალიმს, მცხეთას, არარატს.
უკეთეს სიტყვებს კალკუტელი ბრძენიც ალბათ ვერ დაძებნიდა,
მე კი ვიპოვე, კარგადა ვარ, სხვა გზა არა მაქვს.
ეს გზაც შენამდე, სადაც ამდენ დაუვიწყარ სახეს ვხედავ და
ამდენ სიხარულს ვიმახსოვრებ შენთვის მოსართმევს,
სადაც მოსმენილ ყველა ლექსის ყველა სიტყვაში შენთან ერთად ვარ,
ღიმილთან ერთად ნაოჭებში რომ გამოვზარდე.
ნუ მელოდები, მაინც მოვალ, ცხრა მთას იქეთ რომ წახვიდე და
ცხრა ღმერთის უკან დამემალო – ვერ გამექცევი.
მოვდივარ, ვტოვებ ღიმილის კვალს ქალაქებთან, ზღვებთან, ხიდებთან,
შენთან ყოფნა მაქვს სიცოცხლისგან ნაანდერძევი.
მოვდივარ, შენთან წოლა მინდა, სიზმრად გნახე მილიარდჯერ და
ვიცი, რომ აწი მხოლოდ ცხადში დამესიზმრები,
რადგან სურვილით ამ სხეულის თითეული კუნთი გაჯერდა,
გავათბე შენთვის ლოგინები და ბალიშები.
მოვხვიე ხელი ყველა ღრუბელს, ყველა ვარსკვლავს, ყველა მზესა და
მზეზე მცხუნვარე ადამიანს, რომ სიმარტოვეს
არ წავექციე, წავართვი ცას ფრინველი და თევზი შესართავს
და რიყეებზე ერთი მშრალი ქვაც არ დავტოვე.
მოვთხარე გული ფესვიანად, ძველი მიწა ჩამოვფერთხე და
გადმოვრგი პეშვით კიდევუფროშენსკენმიწაში,
დავწვი ყველა ცა, ყველა დილა, ყველა ფონი რაც მაფერხებდა,
დავემშვიდობე მშობელს, და-ძმას, ძმაკაცს, ბიძაშვილს.
მოვხვეტე ტყეში ყველა სოკო, ავკრიფე ცრემლი საფლავებზე და
სულმოუთქმელად ამოვაშრე ღმერთი ლოცვანში.
მე კარგადა ვარ, ამ სამ სიტყვას უთვალავი ღმერთი ეძებდა,
სამ მთავარ სიტყვას ჩვენს გარშემო წყვდიადს რომ წაშლის.
ვეკითხებოდი მის შესახებ ბალახს, მწერებს, ცაში ჩიტებს და
ვეძებდი დიდხანს ქუჩებსა და ვიწრო სანგრებში
და ახლა მივხვდი, რომ ის იყო ერთადერთი, რაც მარიდებდა
სუნმოკლულ დღეებს სიკვდილზე და ჩემზე დაგეშილს.
მე კარგადა ვარ, გიბრუნდები ყველაზე სწრაფი მატარებლით და
გამოვცდი უკვე იერუსალიმს, მცხეთას, არარატს.
უკეთეს სიტყვებს კალკუტელი ბრძენიც ალბათ ვერ დაძებნიდა
მე კი ვიპოვე, კარგადა ვარ, სხვა გზა არა მაქვს.

მუდამ რომ მახსოვდე

შენ ახლა მამის ოთახში ხარ და აკვირდები,
როგორ დაბრუნდნენ მერცხლები და ჩვენი ფანჯარა
როგორ მოირთო იასამნის თბილი კვირტებით,
როგორ აუშვა მარტმა გული და ააჩქარა.
თუმცა შენ უფრო დაეჭვების მოგწონს პროცესი,
როცა სიხარულს კითხვებს უსვამ, მაგრამ კარებთან
ხედავ აგდია ჭადრის ბეწვი და სიცოცხლეში
მისხალი ეჭვი ვერ შეგაქვს და არც გეპარება.
ათვალიერებ მამის ოთახს ყველა კუთხიდან,
ოთახს, რომელიც უთვალავჯერ სიზმრად გინახავს,
ოთახს, რომელმაც იატაკის აბლაბუდის და
კედლების გარდა ვერაფერი შემოგინახა.
გარეთ კი, თითქოს არც შეცვლილა ისევ სინესტით
დამთბარი მიწა. მსხლის ტოტებში წყვილი ბეღურა.
ძველებური ხმით გალობს შაშვი მანდარინებში,
მაგრამ სუყველა, უცნაურად დაბერებულა.
ფანჯრიდან მერცხლებს აკვირდები, თითქოს მერცხლებმაც
გსურს, რომ იფრინონ შენი ფრთები, შენი ფიქრები,
რომლებსაც საგზლად გაიყოლებ, როცა ერთხელაც
მერცხლებთან ერთად თბილ ქვეყნებში გადაფრინდები.

კომენტარები

კომენტარი