ლიტერატურა

თანამედროვე პოეტი პაატა შამუგია

ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ “არტნიუსმა” დაიწყო რუბრიკა “თანამედროვე პოეტები”. დღეს შემოგთავაზებთ ქართველი პოეტის, პაატა შამუგიას შემოქმედებას.

პაატა დაიბადა 1983 წელს, აფხაზეთში. ცხოვრობს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, უახლესი ლიტერატურის სპეციალობით. 2007 წლიდან მუშაობს სხვადასხვა გამომცემლობაში, აქვეყნებს ლექსებს პერიოდიკაში და წერს კრიტიკულ ესეებს.

ფართო საზოგადოებისათვის პაატა შამუგია ცნობილი გახდა სკანდალური წიგნით „ანტიტყაოსანი“. წიგნმა სკანდალი გამოიწვია იმით, რომ ის ამ კლასიკური ტექსტის პაროდირებული ვერსია იყო.

სამწლიანი პაუზის შემდეგ (2010) პაატა შამუგიამ გამოსცა პოეტური კრებული „უპირატესობა“, რომელიც გამოსვლისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში. წინა კრებულისგან განსხვავებით, „უპირატესობა“ არ გამხდარა სკანდალის მიზეზი, პირიქით — კრიტიკამ დადებითად მიიღო ავტორის წიგნი, დაიწერა რეცენზიები, სადაც ავტორს ახალი ქართული პოეზიის გამორჩეულ სახედ მიიჩნევენ.

2011 წელს გამოვიდა ავტორის ახალი წიგნი სახელწოდებით „დაუჯდომელი“, რომელშიც ავტორი რელიგიური თემების გადამუშავებითა და მძაფრი სოციო-პოლიტიკური პათოსით ამბობს სათქმელს:

სანიშნე

როცა კორპუსები ფანჯრებს მოხუჭავენ
და მთვარეები აყვავდებიან გუბეებში
და მდინარეები ტალღებს დაიკაპიწებენ
და ჩვენი გულები, როგორც ძაღლები,
ჯაჭვებს აიწყვეტენ
და ყველა შეყვარებულის გულებად დანაწილდებიან,
მაშინ მინდა იყო აქ

როცა სინათლეები ჩაქრებიან
და სიბნელეები აენთებიან
და სიზმრები გამალდებიან და გამაღლდებიან და განაღდდებიან
და ხეები ჩიტებს მოისხამენ
და კალათებს მწიფე ბეღურებით გავავსებთ
და ვიტყვით: “გვშია”
მაშინ მინდა იყო აქ

როცა ქარის ურიცხვი მოძრაობა
შეიძენს ურიცხვ მნიშვნელობას
და ჩემი სიხარული
დაემთხვევა ქარებს და ქარებს…
და ქართაგან ერთ-ერთს, როგორც დასაკლავ ცხვარს,
ქამარზე გამოვიბამ
მაშინ მინდა იყო აქ

როცა ქვების აცდენას ვისწავლი
და ჩემკენ ნასროლი “ლოდებისგან ტაძარს ავაგებ”
სადაც შემოვლენ ღმერთები და
ჩუმად მთხოვენ ბედს და იმედებს,
რომლებიც ჩემთვის ერთხელაც არ გამოიმეტეს
და ვიქნები შესაძლებელი, როგორც დროშა
მთვარის ზედაპირზე დარჭობილი
და მოსალოდნელი,
როგორც ცვალებადი მოღუბლულობა
და ცვალებადი,
როგორც მოსალოდნელი სიყვარული

მაშინ მინდა იყო აქ.

საყოველთაო პატიება

მაპატიე, რომ გათენდა და მთვარეჩახდილი ზეცა გამოჩნდა,
მაპატიე, რომ ისევ იწვიმა და ნაწვიმარი ქუჩის გამოც და
სახლის გამოც და ყველაფრის გამო
მაპატიე, რომ საზღვარს გამოცდა
ჩემი ლექსი და ჩემი ლექსიდან ამოფრენილი ზანტი განცდები
მაპატიე და დღიდან ამისა მხოლოდ საკუთარ სხეულს გავცდები.
მაპატიე, რომ ზეცა შავია, მაპატიე, რომ ყოფა ავია,
მაპატიე, რომ ყველა უფალი ყველა მეძავთან დამნაშავეა.
მაპატიე, რომ სუნთქვა კარგია, ყოფნა კარგია, მაგრამ ბარგია,
მაპატიე, რომ ყველამ დაკარგა, რაც საბოლოოდ დასაკარგია.
მაპატიე, რომ გუშინ ქუჩაში უბრალოდ მოკლეს პატარა ბიჭი,
მაპატიე, რომ , როგორც ყოველთვის, ახლაც ისევე უზომოდ გიჭირს.
მაპატიე, რომ ეს ტკივილებიც ხანდახან მაინც რაღაცით მშველის,
რომ სიყვარული არ არსებობს და უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი
და უფრო მეტიც, მტერიც გვიყვარდეს, უნდა გვიყვარდეს, თანაც არათუ
უნდა გვიყვარდეს, არამედ აღარ უნდა ჩამორჩეს ყოფის მარათონს.
მაპატიე, რომ შენი მეზობლის ბავშვმა უაზროდ მოიკლა თავი,
რომ ბავშვობაში ზღაპრის კითხვისას შეგძულდა ყველა ქაჯი და დევი,
და რომ ბავშვობა სადღაც ქუჩაში გაიხადე და სიბნელეს შერჩი,
ახლა წევხარ და
არავინ გახსოვს,
არვის ახსოვხარ,
არავინ გერჩის.

არაფერზე

ყველაფერზე უკვე დაიწერა,

მითხრა მეგობარმა,

ამიტომ გადავწყვიტე, დავწერო არაფერზე,

მშვენიერ არაფერზე,

თვალს რომ მოგტაცებს, ისეთ არაფერზე

თუმცა, გამოვტყდები,

ჩემი ადოგმატურობა დასაზღვრულია,

და როცა მივდივარ სამსახურში და ვფიქრობ არაფერზე,

ხსოვნა ჩერდება რაღაც ძალიან დავიწყებადში,

რაც შეუძლებელია იყოს არაფერი,

მაგრამ არის!

რადგან დასაბამიდან იყო არაფერი, და არაფერი იყო არაფერთან და არაფერი იყო არაფერი.

არაფერი არაფერში ხარობს და არაფერმა იგი ვერ მოიცვა.

მაგრამ, მეორე მხრივ, არის არაფერი – არაფრისა არაფრითა დამთრგუნველი

და ეს უნდა გავითვალისწინოთ,

მაგრამ, ამავდროულად, არის ასევე არაფერი,

რომელსაც არაფერი აღელვებს,

მათ შორის, დიქოტომიები.

თუმცა, ეგ არაფერი.

 

პოეტს უნდა ახსოვდეს, რომ

არაფერზე წერა აღარ არის არაფერი,

ის არის მეტაარაფერი, მეტი არაფერი,

არც ნაკლები.

არაფერი შეგიძლია იოლად წარმოიდგინო,

რადგან ის არაფერია.

არაფერი შეგიძლია, არც წარმოიდგინო,

რადგან ის არაფერია.

არაფერი შეგიძლია წარმოიდგინო და თან, არც წარმოიდგინო,

რადგან ის არაფერია.

 

არაფერი რომ არ არსებულიყო, უნდა გამოგვეგონებინა,

მაგრამ ვინაიდან არაფერი არსებობს,

ის, მითუმეტეს, უნდა გამოვიგონოთ.

 

სად არის ჩემი არაფერი?!

ვინ წაიღო ჩემი არაფერი?!

ვინ შეაჭრა ფრთები ჩემს არაფერს?!

ნუთუ, ბავშვმა იცუღლუტა?!

არაფრის ღირსია ეს ბავშვი!

ბავშვმაც კი იცის, ვინ არის კაკო ჩიქობავა,

რომელმაც ერთხელ ლუდის სმისას გამანდო, რომ

ბავშვები ფლობენ შინაგან ლოგიკას

და მათ მშვენივრად იციან, რომ

ერთი არაფერი და ორი არაფერი არ არის სამი არაფერი,

არამედ ის არის 5 არაფერი;

ხოლო არაფრის და აფერისტის ანტონიმი – ორივე არაფერისტია.

მას უყვარს კალამბურები,

ცოდვა გამხელილი სჯობს

და ბავშვებსაც უყვართ კალამბურები, არც ესაა საიდუმლო

(შესაძლოა, კაკოც უყვართ, არ ვიცი).

 

არაფერს ისე არ გამოვყავარ წყობიდან,

როგორც არაფერს.

არაფერს ისე დაჟინებით არ ვიკვლევ,

როგორც არაფერს.

თანაც, გამუდმებით მინდოდა დამეწერა ლექსი, რომელსაც

დასასრულის ნაცვლად ექნებოდა არაფერი

და მგონი, ახლა სწორედ ამ გზას ვადგავარ.

ტანზე გამონაყარი

არავითარი პროფესიული არჩევანი,

სისულელეა!

პოეზია, უბრალოდ, გემართება,

როგორც ასთმა, როგორც კიბო

და იშვიათად, როგორც პროსტატიტი,

ასე იყო მაიკოვსკიც,

რომელმაც ტრაკში დაიხალა დამბაჩა

და სამუდამოდ მოირჩინა პოეზია.

ცუდი ლექსის აპოლოგია

ყოველთვის მსურდა, დამეწერა ცუდი ლექსები,
მაგრამ ეს ისეთ ტიტანურ შრომას მოითხოვს,
იძულებული ვარ, გენიალურ ლექსებს დავჯერდე.

კომენტარები

კომენტარი