ლიტერატურა

თანამედროვე პოეტი – ზაზა კოშკაძე

ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ “არტნიუსმა” დაიწყო რუბრიკა “თანამედროვე პოეტები”, რომლის მიზანი საზოგადოებისთვის თანამედროვე ლიტერატურული სივრცის წარმომადგენლების უფრო უკეთესად გაცნობაა. ჩვენი რუბრიკის ობიექტი დღეს ზაზა კოშკაძეა. ავტორის ნამდვილი სახელია ლევან ცერცვაძე. დაიბადა 1982 წელს. დაამთავრა ქართული ხალხური მუსიკის ფაკულტეტი თბილისის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში. იყო „ალტერნატიული პოეზიის ქსელის“ და მოგვიანებით კი „ვარდისფერი ავტობუსის“ თანადამაარსებელი სხვა ახალგაზრდა პოეტებთან და არტისტებთან ერთად. „ვარდისფერი ავტობუსის“ ანთოლოგია გამოიცა 2007 წელს. მისი ორი მოთხრობა სხვადასხვა წლებში შესულია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის „წლის საუკეთესო 15 მოთხრობაში“. მისი სადებიუტო პოეტური კრებული „შუაღამის ცეკვა კიბოსათვის“ ნომინირებული იყო პრემია „საბაზე“, დებიუტის ნომინაციაში 2013 წელს. ბოლო ხუთი წელია, მუშაობს კოპირაიტერად ტელევიზიაში. 2010 და 2012 წლებში მონაწილეობდა რამდენიმე ლიტერატურულ სახელოსნოში ბრატისალავაში, სტამბოლსა და პრაღაში. 2013 წელს დააფუძნა ჟანრული პროზის პირველი ფესტივალი „ინსომნია“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკისა და ჰორორის ჟანრების პოპულარიზებას. 2015 წელს იყო მსოფლიო სამეცნიერო ფანტასტიკის კონგრესის მონაწილე აშშ-ში.

შუაღამის ცეკვა კიბოსთვის
ღამეა,
დედას კიბო აქვს,
დროა გავიდეთ ქუჩაში დაიკო
და ვაჩვენოთ მთვრალ კაცებს
რითი დაგვაჯილდოვა ცხოვრებამ
დროა ვეჩვენოთ მთვარის შუქზე
მარტოხელა, მოწყენილ კლიენტებს
დედას სჭირდება ქიმია
და ცოტაოდენი ყალბი ღიმილი,
ის კვდება.
ჩვენ ახლა გავალთ ქუჩაში დაიკო
და მთელი ღამე ვუგალობებთ
მის დაუნდობელ მეტასტაზებს
ბინძურ სიმღერას
და ვუცეკვებთ მის ტკივილებს
აკრძალულ ცეკვებს
და მოვიტანთ ფულს
დედას ჭირდება პური
და უამრავი თეთრი ტაბლეტი ყოველდღიურად,
ზვიგენის ძვლისგან დამზადებული
ქათქათა ტყუილი
და ერთი ჭიქა ონკანის წყალი მისაყოლებლად.
ჩაიცვი დაიკო,
ჩაიცვი თხლად და ბოზურად
და ნუ ტირი აქ,

დედა გვიყურებს.ვინ იფიქრებდა

შენ სვამ ჩემ ლუდს, ჩემ ყავას,
ჩემ სისხლს..
ჩემ კოქტეილს სახელწოდებით “წვიმა და ქარი”.
ვინ იფიქრებდა ამას ოცდათხუთმეტი მილიონი წლის წინ,
როცა ასე სციოდათ პლეზიოზავრებს?!
შენ სვამ ჩემ სილუეტს, როგორც
ცხელ წყალში გახსნილ სევდის ერთ წვეთს;
შენ სვამ ჩემ ღამეებს და ოცნებობ,
რომ დაავადდე ჩემი ხილვებით აპოკალიპტურ მომავალზე;
შენ სვამ ჩემ ლუდს და შენი თვალები,
ემსგავსებიან ტალახის გუბეებს,
რომლებსაც მე ვსვამ.
ვინ იფიქრებდა ამას გუშინ,
როცა ერთმანეთს ვისრუტავდით
უკანასნელ მოლეკულამდე?!

ხელსახოცზე მიწერილი ლექსი

ქუჩებში, ქალაქის ძარღვებში
სისხლივით მოძრაობენ ადამიანები.
შენ კი ისეთი სევდიანი ხარ,
თითქოს გაზაფხულს ემშვიდობები.

ტოტები გაუთბათ,
თებერვლიდან გამოპარულ ხის კენწეროებს.
ფეხები მიწაში გაუჩრიათ.

ტრასაზე დახაზული თეთრი ლიანდაგებიდან
ქალაქში სითბო შემოდის.

და მთელი ცა ჩემი ცისფერი ზურგჩანთაა
რომლითაც მზე მომაქვს შენთვის.

  შობა

შობას გილოცავ საყვარელო,
მოდი დავლიოთ…
მოდი მოვიკლათ სურვილები,
მოდი მაკოცე…
სანამ წაგვადგა ახალწლის ღამე
მწუხარე სახით,
რომ დაგვახალოს სამასსამოცი ახალი ტყვია,
მინდა მოვიკლა სურვილები.
მინდა სახეში სილა გაგაწნა.
გადაგაქციო ჩემს ფეხსაცმელზე დაფენილ მტვერად
და გადაგბერტყო.
მინდა, რომ ქვები დაგიშინო
როგორც ქუჩის ძაღლს.
მინდა, რომ სულში ჩაგაფურთხო,
რადგან ვგიჟდები ისე მომწონს როცა გამცირებ.
მოდი გამოვთვრეთ.
მოდი ტალახში დავიძინოთ როგორც ღორებმა…
საყვარელო გილოცავ შობა-ახალწელს…
მოდი გავერთოთ…

ფემე ფატალე

მითხარი რა გაქვს ფეხებს შორის ასე რას მალავ,
ან დაბლა-დაბლა რატომ იწევ კაბას მალ-მალე,
ან ფეხი ფეხზე რაღად გიდევს ეგეც მითხარი,
ქარში მდგარი ხელით რად იჭერ კაბის ბოლოებს,

შენი ტუჩები ალერსის და კოცნის გამაა,
შენი სხეული ხან ცივია და ხანაც ცხელი.
შენი ვაგინა თვით სამყაროს პანორამაა,
ციური მზერით დაატყვევე სული ყოველი.

მითხარი როგორ
მზე გიკოცნის ოქროს ნაწნავებს.

მითხარი რატომ დაანებე
ტუჩები კოცნას…

მითხარი რისთვის დამიმონე
გიკოცნი ტერფებს.

დამნებდი თორემ
შენზე ფიქრი ღამეებს ხოცავს …

და შენი თმები არის ფარდა ოთახებს შორის …
და ჩემი სუნთქვა დაგადნება ხალიან მკერდზე …
უძილო სიზმრებს დასდევს ნატვრა პირველი თოვლის …
და შენ გიგონებს ჩემი ლექსი, მე ვდარდობ შენზე…

შენ მოციმციმე კოცონი ხარ მიტოვებულ სნაპიროზე,
მე შორიახლოს ვზივარ და ვთბები.

სდექ!
სდექ!
ნუ მკოცნი!
ჩემი კანი დანაღმულია,წუხანდელი შენი ცოდვებით.
უცხო კისერზე ალესილი შენი ენა ჩემს გულს სერავდა.

სდექ!
არ შემეხო!
ჩემი კანის ქვეშ მაღალი ძაბვაა,
ფურცელივით დაიფერფლები
და ოდნავი სიოც კი დაგძრავს…
ჩემი კანის ქვეშ სახიფათოა,
მავთულებად გაბმულ ძარღვებზე
ბეღურები აღარ სხდებიან.

სდექ!
ნუ ტირი!

მერე რა მოხდა
ერე რა მოხდა თუ სახლამდე აღარ გაცილებ
მერე რა მოხდა თუ ყოველდღე ღორივით ვთვრები
მერე რა მოხდა თუკი მუხლებს სახეში გირტყამ
მერე რა მოხდა თუ გტკივა და არ მეცოდები
მერე რა მოხდა თუ ჩემს გვერდით უბედური ხარ
მერე რა მოხდა თუ კანკალებ ჩემს დანახვაზე
მერე რა მოხდა თუ სახეზე სიგარეტს გაქრობ
თუ გაიძულებ დაჩოქილმა ვედრება მითხრა
მერე რა მოხდა სადისტი ვარ და ასე მომწონს
მერე რა მოხდა ცხოველივით დაგასახიჩრე
მერე რა მოხდა… ყველაფერი შენი ბრალია
რადგან ღმერთიც და ჯოჯოხეთიც გადამავიწყე.

იპოქონდრიული ტრიოლეტი

ისეთი მსუბუქი ხარ როგორც ბაბუაწვერა
სუნთქვაშეკრული ვდგავარ
მეშინია რომ არ გაფრინდე.

ამ უკაცრიელ და ცარიელ კაფეში
მე და შენ ისე შემოვრჩით მაგიდას
როგორც მათხოვარს თბილი ფეხსაცმელი.

ვიღაც ჩვენთვის ყავას ამზადებს
შენ ზიხარ სკამზე როგორც ლარნაკში
ახლადდაკრეფილი იების კონა

ნელ-ნელა შენი თვალების წყვდიადში ვეფლობი
სხეულზე ჩნდება ნატყვიარები
თითქოს პეპელა მეამბორა.

გენიოსი
მამაჩემი გენიოსია.

მისი სიტყვები

ყოველთვის ახერხებდნენ

ნახვრეტების დადებას ჩემზე.

როცა მე კარატეზე მივედი

მან მითხრა

-შენ რა ჩემი ყლის კარატისტი ხარ შვილო

კარატისტები იყვნენ ჩემ დროს

ჯარში

შაულინელ ბერებს ერეოდნენ,

და ჩემში მოკვდა კარატისტი.

როცა მე მუსიკაზე მივედი მან მითხრა:

-შენ რა ჩემი ყლის მუსიკოსი ხარ შვილო,

მუსიკოსები იყვნენ ჩემ დროს

ბარებში

სვამდნენ

და პრიბალტიკელ ნაშებს ტყნავდნენ

და ლექსებს უძღვნიდნენ,

და ჩემში მოკვდა მუსიკოსი.

როცა მე ლექსების წერა დავიწყე

მან მითხრა

-შენ რა ჩემი ყლის პოეტი ხარ შვილო

პოეტები იბეჭდებოდნენ ჩემ დროს

ლიტ.გაზეთებში

და სამშობლო უყვარდათ

და ჩემში მოკვდა პოეტი.

როცა მე ყლეზე დავიკიდე ყველაფერი

და გავლოთდი

და დედა მომეტყნა

მან მითხრა

-შენ რა ჩემი ყლის ლოთი ხარ შვილო

ლოთები იყვნენ ჩემ დროს

დუქნებს ხატავდნენ

და სახლი არ ქონდათ,

და ჩემში მოკვდა ლოთი.

როცა მე ხატვა დავიწყე მან მითხრა

-შენ რა ჩემი ყლის მხატვარი ხარ შვილო

შეეშვი ამ ცანცარობას

და ისწავლე რაიმე ხელობა

რო ლუკმა-პურის ფული იშოვო,

და ჩემში მოკვდა მხატვარი.

როცა მე მეწაღეობა ვისწავლე

რომ ლუკმა-პურის ფული მეშოვა

მან მითხრა

-შენ რა ჩემი ყლის მეწაღე ხარ შვილო,

ამ ფეხსაცმელს მაიმუნიც კი არ ჩაიცვამს სირცხვილით

და ჩემში მოკვდა მეწაღე.

როცა მე ფილტვის კიბოთი ვკვდებოდი

მან მითხრა

-შენ რა ჩემი ყლის ავადმყოფი ხარ შვილო

ავადმყოფები იყვნენ ჩემ დროს

ციხეებში

ზეზეულად ლპებოდნენ

და მაინც არ ნებდებოდნენ ცხოვრებას,

და ჩემში მოკვდა ავადმყოფი.

ის გენიოსია

ცოცხალი

და მარად მართალი გენიოსი

რომელმაც ყოველთვის იცოდა

რა მინდა მე.

კომენტარები

კომენტარი