შემოქმედებითი ინდუსტრიები

ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და Maroon 5-ის კონცერტები სკანდალის მიზეზი ხდება 

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში 2016 წელს გამართული კონცერტები კულტურის სამინისტროსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის დაპირისპირების საგანი გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით,   ეროს რამაზოტის, რობი უილიამსისა და Maroon 5-ის კონცერტებს უცხოელი ტურისტების მოზიდვაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

საიას მონაცემებით, ჩამოთვლილი სამი მუსიკოსის კონცერტებზე ინტერნეტის საშუალებით სულ  56 596 ბილეთი გაიყიდა.   აქედან, 2 958 ბილეთი საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიო 49 ქვეყნაში. საზღვარგარეთ გაყიდული ბილეთების წილი მთლიანი რაოდენობის 5,23 პროცენტია.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ,  რომ  2016 წელს საქართველოს სულ 6 360 503 ვიზიტორი ეწვია, საიდანაც Check in Georgia-ს ფარგლებში 0,05 პროცენტი მოდის.

“ქვეყნის საზღვრების გარეთ გაყიდული ბილეთების დიდი ნაწილი ისეთ ქვეყნებზე მოდის საიდანაც ისედაც მაღალი იყო ტურისტების ნაკადი და პროექტს პირდაპირი გავლენა არ მოუხდენია ტურისტების ახალი ნაკადის მოზიდვაზე”, – აცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კი ბრალდებების საპასუხოდ აცხადებენ,  რომ საია-ს მიერ ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგია გაუგებარია. უწყებაში განმარტეს, რომ  უცხოელ მოქალაქეებს კონცერტზე დასწრება საქართველოში შეძენილი ბილეთებითაც შეეძლოთ.

ცნობისთვის, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გამართული  ღონისძიებებისთვის 2016 წელს 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი