ვიზუალური ხელოვნება

ეროვნულ მუზეუმში შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში 26 მაისიდან შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.   ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გურამ ახალაიას კერძო კოლექციაში დაცული უნიკალური გამოცემები, თითქმის სრული კოლექცია ქართულ და უცხოურ ენებზე.

კოლექციონერმა “ვეფხისტყაოსნის” გამოცემების შეგროვება 50 წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად ქართულ და რუსულ, შემდეგ კი სხვა ენებზეც. დღეს გურამ ახალაია ,,ვეფხისტყაოსნის“ გამოცემების უნიკალური კოლექციის მფლობელია. მის პირად ბიბლიოთეკაში დაცულია 450-ზე მეტი სხვადასხვა გამოცემა, მათ შორის ქართული გამოცემები 1712 წლიდან დღემდე და პოემის თარგმანები 51 ენაზე. კოლექციის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგზემპლარია 1712 წლის ვახტანგისეული გამოცემა.

კოლექციაში დაცულია 70-ზე მეტი გამოცემა სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების მთარგმნელებისა და ცნობილი ადამიანების (გაერო-ს გენერალური მდივნის პან გი მუნის, იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვას, ალენ დელონის, მაია პლისეცკაიას, ევგენი კისინის, დიმიტრი ხვოროსტოვსკის, მონსერატ კაბალიეს, პლასიდო დომინგოს, ევგენი ევტუშენკოს და სხვათა) ავტოგრაფებით და საინტერესო წარწერებით. ასევე, ქართულ ენაზე გამოცემულ ეგზემპლარებზე საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს, რუსთველოლოგების, მწერლების, პოეტების, რუსთაველის თეატრის დასის, მხატვრებისა და სხვა ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებია.

გურამ ახალაიას პირად ბიბლიოთეკაში, ვეფხისტყაოსნის 450 გამოცემასთან ერთად, დაცულია უნიკალური რუსთველოლოგიური ლიტერატურაც – 100-ზე მეტი წიგნი შოთა რუსთაველისა და მისი გენიალური ქმნილების შესახებ. ასევე, მდიდარი და საინტერესო ბიბლიოთეკა 5 000-ზე მეტ მინიატურულ წიგნს ითვლის, რომელთა შორის ყველაზე პატარა 1,8 x 2,2 მმ-ია. ამ გამოცემათა შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მინიატურული ვეფხისტყაოსანი კოსმონავტ ლეონოვის ავტოგრაფით. სწორედ ვეფხისტყაოსანი იყო მსოფლიოს იმ იშვიათ ქმნილებათა შორის, რომელიც დედამიწიდან კოსმოსში გაიგზავნა.

გამოფენაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა გვერდებს „21-ე საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნიდან“, რომელიც ხელით იწერებოდა 2003-2016 წლებში გურამ ახალაიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით. თითო გვერდი გადაწერეს 21-ე საუკუნის ცნობილმა ადამიანებმა, წმინდა სინოდის წევრებმა, მეცნიერებმა, მწერლებმა, პოემის მთარგმნელებმა, მხატვრებმა, სპორტსმენებმა, მსახიობებმა, რუსთველოლოგებმა. ხელნაწერის ყველა გვერდი გაფორმებულია მხატვარ-რესტავრატორ ლია სიხარულიძის მიერ, საკუთარი შემოქმედებითა და უნიკალური ქართული ხელნაწერებიდან გადმოღებული კამარებით, მინიატურებით, კომპოზიციებითა და ორნამენტული ასომთავრულებით.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ცნობილი მხატვრების მიერ სპეციალურად ამ ხელნაწერისთვის შექმნილი ილუსტრაციების ორიგინალები.

გამოფენა 2017 წლის 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი