ვიზუალური ხელოვნება

ენდრიუ დიქსონი – იდუმალი და მომნუსხველი ფოტოები

როცა პირველად შეხედავ ფოტოს, რაღაც დრო გჭირდება, რათა თვალები მიეჩვიოს. ჩარჩო თითქმის მთლიანად შავია, რუხი ფერის თხელი ვერტიკალური ხაზით ცენტრთან. ხაზის ქვემოთ კიდევ ერთი რუხი ფერის ჰორიზონტალური ხაზია. ერთგვარი ჯვარედინი. თანდათან გამოცანა იხსნება: ვერტიკალური ხაზი ფოლადის ბოძია, რომელსაც მზე ანათებს ოდნავ, ჰორიზონტალური ხაზი ქუჩის განათებული ნაწილია. ორი ადამიანი მიდის ქუჩაში. მაგრამ ჩრდილები ისე ღრმაა და კომპოზიცია ისეთი აბსტრაქტულია, თითქმის შეუძლებელია აღიქვა. ესაა როი რუდოლფ დეკარავას (1919-2009) ფოტო „წყვილი, რომელიც მისეირნობს რკინიგზის ხიდის ქვეშ“.

როი დეკარავას ფოტოები მრავალ ასეთ რთულ გამოცანას შეიცავს. რა შეიძლება ითქვას ეტიუდზე  თეთრ და მკრთალ რუხ ფერებში,რომელიც შეიძლება მარკ როთკოს აბსტრაქტული ნახატი გვეგონოს? (კორპუსის დერეფანი, 1953 წელს გადაღებული).

დერეფანი (1953)

თუ ფოტოგრაფიაში, როგორც ანრი კარტიე-ბრესონი ამბობს, მთავარია „გადამწყვეტი მომენტი“, მაშინ დეკარავას სურათები სხვა არაფერია, თუ არა სწორედ ეს და არსებობს თითქმის გაზომვადი დროის მიღმა. საკმარისად ხანგრძლივი დროით ჩააცქერდეთ და თქვენ იპოვით თითქმის ნებისმიერ რამეს. ინტენსიური, მოღუშული ტონი მისი ხელწერაა.

კლუბის აუდიტორია შესვენების დროს, 1960

„ბგერა, რომელიც დავინახე“ არის ფოტოების კრებული, რომელიც ეძღვნება დეკარავას სიყვარულს ჯაზისადმი, რომელიც მთელი სიცოცხლე გრძელდებოდა. აქ არის ჯაზის გიგანტების პორტრეტები: ბილი ჰოლიდეი, მაილს დევისი, სარა ვოჰანი, ქაუნთ ბეისი, ჯონ კოლტრეინის სრული სერია – მაგრამ დეკარავამ გადაიღო მისი ყველაზე პოეტური სურათები განათებული სცენებისგან შორს, ჯაზ-კლუბების კუთხეებსა და სტუდიებში.

კოლტრეინი #24 (1961)

ერთ-ერთ სურათში, რომელიც 1956 წელს ჰარლემშია გადაღებული, ვხედავთ ვხედავთ ორ მამაკაცს, რომელიც ცეკვავს, ესაა საოცრად ამაღელვებელი ასახვა იმისა, თუ რას ნიშნავს იყო მუსიკაში დაკარგული. სერიაში – „On the Upper East Side“ ჯაზის სურათებს აკომპანემენტად ახლავს საუნდტრეკები იმ უამრავი მუსიკოსისა, რომელსაც დეკარავა აღბეჭდავდა, თუმცა ფოტოები იმდენად საუცხოოდ ატმოსფერულია, მათ ისინი თითქმის არ სჭირდება – თქვენ, ფაქტობრივად, შეგიძლიათ გაიგონოთ ციმბალების შიშინი და სიმის ბასის ბრაგუნი.

ედნა სმითი, ბასისტი (1950)

ჰარლემში დაბადებულმა დეკავარამ მალევე გააცნობიერა, რომ მისთვის, როგორც შავკანიანისთვის, რთული იქნებოდა მხატვრობაში დამკვიდრება, ამიტომ აირჩია ფოტოგრაფია. 1955 წელს პოეტ ლენგსტონ ჰიუზთან წარმატებული კოლაბორაციის შემდეგ იგი ფოტოგრაფიას უძღვნის მთელ დროს.

სარა ვოჰანი (1956)

ფოტოგრაფ ჰომერ პეიჯის შთაგონებით, დეკავარა განგებ არ ამჟღავნებს ფოტოებს ბოლომდე, იგი ამბობს: „განსხვავება ჩემსა და სხვა ფოტოგრაფებს შორის ისაა, რომ მე უარს ვამბობ ვაღიარო სიბნელე, როგორც შეზღუდვა“. შერი ტერნერი იხსენებს: „იგი  ამბობდა, რომ სურათების უმრავლესობა, რომელიც ჩანს, როგორც შავი, სულაც არაა შავი; ისინი ძალიან მუქი ნაცრისფერია“.

ორნეტ კოლმენი (1960)

არსებობს ასევე სხვა წაკითხვაც, რომლის მიხედვითაც ფოტოგრაფიული სპექტრის ყველაზე ბნელი მხარეების კვლევის მიზანი არის რასიზმსა და შავკანიანების უფლებებისათვის ბრძოლაზე კომენტარის გაკეთება. დეკარავა ამბობდა: „არ არსებობდა არავითარი ღირებული შავკანიანთა სურათები, მშვენიერი შავკანიანი ადამიანების არავითარი სურათი.“ იგი სწორედ ამ დეფიციტის შევსებას ცდილობდა.

პეპსი (1964)

დეკარავას ფოტოების ინტერპრეტაცია მნახველზეა მინდობილი. 1964 წლის ფოტოში „პეპსი“, შეუძლებელია თქვა მუშა დაღლილია თუ უბრალოდ საქმეშია ჩართული. ფოტოზე ერთ-ერთი სარეკლამო წარწერა ასეთია: „გაცილებით მეტი ქვანახშირი“, ეს ფოტოგრაფის დევიზიც შეიძლებოდა ყოფილიყო, გამომდინარე მისი მიდრეკილებიდან მუქი ნაცრისფრისადმი.

გამოშვება (1949)

როგორც ხელოვანი, იგი ცხოვრებას ხედავდა ნაცრისფერის უსასრულო ჩრდილებში. ის ქუჩაში იღებდა ფოტოებს, მაგრამ კონვენციურ ქუჩის ფოტოგრაფიას უარყოფდა; ფოტოები ასახავს რეალობას, მაგრამ არა დოკუმენტურად, დეკარავა ასახავს შავკანიანებს, მაგრამ მისი თემატიკა ამაზე არ დაიყვანება. შერი ტერნერის თქმით, იგი მრავალი მხრიდან ხედავდა საგნებს. იყო ეს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იგი შედარებით უარყოფილი იყო? – ის საკმარისად არ შეესატყვისებოდა არც ერთ კატეგორიას.

თავისუფლების მარშის მისისიპელი მონაწილე, ვაშინგტონი (1963)

ერთ ფოტოში როი დეკარავა ისე ახლოს აღბეჭდავს ქალის სახეს, რომ მხოლოდ სათაურის წაკითხვის შემდეგ ხვდები, რომ ეს 1963 წლის შავკანიანთა დემონსტრაციის მონაწილეა. ქალი თითქოს აცნობიერებს, რომ ისტორიის ნაწილია, მაგრამ იგი ასევე მის გარეთ დგას. და ის უყურებს ჩვენს მიღმა: რასაც ის ხედავს, ჩვენ ვერ ვხედავთ. არის აქ იდუმალება, რომელში შეღწევაც ჩვენ არ ძალგვიძს, რაც უნდა ძლიერ ვეცადოთ. დეკარავას, როგორც ჩანს, ასე ერჩივნა.  

კომენტარები

კომენტარი