ლიტერატურა

დღეს “ჰამლეტის” ახალი თარგმანის მოსმენა მწერალთა სახლში შეგეძლებათ

დღეს, 4 თებერვალს, 19:00 საათზე მწერალთა სახლი გიწვევთ შექსპირის „ჰამლეტის“ ახალი თარგმანის მოსასმენად, რომელსაც მთარგმნელი, ლელა სამნიაშვილი წარადგენს.

„ჰამლეტის“ თარგმნა ივანე მაჩაბლის მხატვრულად უზადო თარგმანის შემდეგ დიდ გამბედაობას მოითხოვს, შეიძლება ბევრი სკეპტიკურადაც კი შეხვდეს ახალ „ჰამლეტს“, თუმცა, დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენი თანამედროვე „ჰამლეტი“ გვჭირდება, რომელიც,  დარწმუნებულები ვართ, შთააგონებს ქართველ რეჟისორებსა და მსახიობებს და მალე თეატრის სცენაზეც გადაინაცვლებს.

უილიამ შექსპირის „ჰამლეტის“ ახალი თარგმანი გამომცემლობამ „არტანუჯი“ 2019 წელს გამოსცა.

“ამ შეხვედრით მწერალთა სახლი იწყებს ახალ ციკლს „კითხვის საღამოები მწერალთა სახლში“, რაც იმას ნიშნავს, რომ გვსურს აღვადგინოთ ტრადიცია, რომელიც მაჩაბლის 13-ში მისი აშენებისთანავე არსებობდა – დავით და ეკატერინე სარაჯიშვილებს აქ არაფორმალური ლიტერატურული სალონიც ჰქონდათ, სადაც მწერლები საკუთარ ნაწარმოებებს კითხულობდნენ. ილია ჭავჭავაძემ სწორედ დავით სარაჯიშვილის სახლში გააცნო საზოგადოებას „ოთარაანთ ქვრივი“ და „განდეგილი“ – აცხადებენ მწერლთა სახლში.

ამიერიდან თვეში ერთხელ მოგიწვევთ კითხვის საღამოებზე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ მოუსმინოთ ცნობილ და ახალბედა მწერლებს, რომლებიც ახალ ნაწარმოებებს წაიკითხავენ.

კითხვის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ლელა სამნიაშვილი ავტორია პოეტური კრებულებისა: „ფოტო-აბები“ (2000), „გველის წელიწადი“ (2004), „მუდმივი ტატუ“ (2007), „ფრაქტალები“ (2010), „ლოცვა აბსტრაქციად“ (2014), „37“ (2017). 1996 წლიდან სისტემატურად აქვეყნებს ლიტერატურულ წერილებს და თარგმანებს (ემილი დიკინსონი, თომას ჰარდი, სილვია პლათი, ტედ ჰიუზი, სალმან რაშდი, ჯონ აპდაიკი, იზაბელ ალიენდე და სხვ.). ლელა სამნიაშვილი განათლების მეცნიერებათა დოქტორია. სწავლობდა თბილისისა და ოსლოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იკვლევდა ამერიკულ ლიტერატურას ბერკლიში. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ნიდერლანდურ, ჩეხურ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ, რუსულ ენებზე.

კომენტარები

კომენტარი