კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

დღეს “საქართველოს სინფონიეტა” YouTube არხზე სულხან ნასიძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტის სრულ ჩანაწერს წარადგენს

დღეს, 30 აპრილს, 19:00 საათზე, “საქართველოს სინფონიეტას” YouTube არხზე წარმოდგენილი იქნება 2017 წელს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურკულტურულ ცენტრში გამართული, სულხან ნასიძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტის სრული ჩანაწერი.

ქართული პროფესიული მუსიკის ერთერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, სულხან ნასიძემ, შემოქმედებითად დატვირთული, ნაყოფიერი ცხოვრების გზა განვლო და მომავალ თაობებს ჟანრულად მრავალფეროვანი საკომპოზიტორო მემკვიდრეობა დაუტოვა. მისი შემოქმედება პროფესიული მუსიკის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. იგი ავტორია სიმფონიების, ბალეტების, კონცერტების სხვადასხვა ინსტრუმენტისათვის, მრავალი საფორტეპიანო, სავიოლინო, კამერული, ვოკალური თუ საგუნდო ნაწარმოებებისა. მან შექმნა მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმებისთვის (“აპრილი”, “შევარდენი”, “მთვარის მოტაცება”, “საჰაერო ხიდი”, “დაბრუნება”, “საქმე გადაეცემა სასამართლოს”).

2017 წლის 31 ოქტომბრის საღამოზე წარმოდგენილი იყო კომპოზიტორის კამერული ნაწარმოებები და შესრულდა: კამერული სიმფონია (1969), კონცერტი ჰობოისა და კამერული ორკესტრისათვის (1984), სიმებიანი კვარტეტი N 3, “ეპიტაფია” (1980), კონცერტი ვიოლინოს, ჩელოსა და კამერული ორკესტრისათვის (1982)

კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – “საქართველოს სინფონიეტა”, ლიზა ბათიაშვილი (ვიოლინო), ფრანსუა ლელუ (ჰობოი), მაქსიმილიან ჰორნუნგი (ჩელო), თამაზ ბათიაშვილი (ვიოლინო), ნოდარ ჟვანია (ალტი), ოთარ ჩუბინიშვილი (ჩელო).

კონცერტი გადაღებულია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხის მიერ.

3 მაისს, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ YouTube არხზე წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი„საქართველოს სინფონიეტა 10“, რომელიც რეჟისორმა – ნინო ახვლედიანმა 2018 წელს, ორკესტრის 10 წლის საიუბილეო წლის აღსანიშნავად გადაიღო და ფილმი კამერული ორკესტრის ისტორიას ასახავს.

„საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტების ჩანაწერების ჩვენებას 29 მარტიდან რეგულარულად ახორციელებს და ორკესტრის ხელმძღვანელობა კიდევ არაერთი უნიკალური ჩანაწერის ჩვენებას გვპირდება ახლო მომავალში.

გამოიწერეთ „საქართველოს სინფონიეტას“ არხი და უყურეთ კონცერტებს  ქვემოთ მოცემულ ბმულზე: https://www.youtube.com/c/georgiansinfonietta

https://www.youtube.com/c/georgiansinfonietta

კომენტარები

კომენტარი