ლიტერატურა

დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა

ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. მისი მამა, მელიტონ ბარათაშვილი თარჯიმნის პროფესიასაც ითავსებდა. დედა – ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 – 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მიღებაზე, რუსეთში გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მელიტონ ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა.

ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ილია ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლეთი (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული.

გთავაზობთ ბარათაშვილის რამდენიმე შედარებით უცნობ ლექსს:

ნაპოლეონ

ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას,
და თქვა: „აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?“
და რა იხილა თვისს დიდების მსხვერპლი თვის წინა,
მისს მოღრუბლულს შუბლს შუქი რაღაც გარდაეფინა.

„ახლა კი კმარა“, თქვა მან გულში, „სურვა აღმიხდა:
სახელი ჩემი ვასახელე ქვეყნის საოცრად,
შევმოსე ძალით საყვარელი ჩემი საშვენად
და დაუმონე გულმტკიცენი მას სადიდებლად“.

„მაგრამ მე გვამში სული ვერღა მომთავსებია!
მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი,
ხოლო მე უნდა მას მოვასხა შარავანდედი;
ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!“

„მაგრამ ვინ იცის, იქნება რომ ბედსაც მოვსწყინდე,
და სხვა მან ჩემის სახელითა დააგვირგვინოს!..
არა, არა მრწამს, რომე ბედმა მე მიორგულოს:
მე მან გამზარდა და თვისს გაწვრთნილს რაღა მიხერხოს!“

„ვერა გაუძლებს ნაპოლეონ მეტოქეებსა!
რა გინდ ძლიერად, მეცნიერად, ვინ ხელმწიფებდეს,
მაინც მე იგი ვერ ვითვისო, ვერ ჩემოდნობდეს,
თვითონ სამარეც მევიწროოს, თუ ტოლი მყვანდეს!“

ბევრი დღე გავა, რომ ჯერ ბევრი ვერ ვცნათ ჩვენ მისი!
თვითონ სიკვდილიც მას უებროდ აღმოგვიჩინებს:
დამქრალი ცეცხლი და ზღვის ღელვა წარმოგვიდგინებს
მისს ცეცხლსა სულსა და ზღვა გულსა განსაკვირველებს!

საყურე
ვითა პეპელა
არხევს ნელნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო-მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!
ჰოჲ, საყურეო,
გრძნებით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
ხმა საკრავისა,
ნელ ნარნარისა,
    სულს განახარებს;
და მშვენიერის
ენა ამიშლის
    გულისა ჭირებს!

ვჭვრეტდი ლამაზსა,
სევდითა ნაზსა,
    და შევეტრფოდი;
ყოველთ გრძნობათა,
ყოვლთ გონებათა
    მას მივაპყრობდი.

ღაწვნი ნაცრემლნი,
ტრფიალთ დამწველნი,
    უფროს შვენოდენ;
თმანი ნაშალნი,
მკერდზედ დაყრილნი,
    ემუქმკებოდენ.

ჟუჟუნა თვალნი,
გულთა მომკვლელნი,
    მოცინარობენ;
პაწაწა ტუჩნი,
ვარდებრ ნაფურცლნი,
    ლხენას მოჰბერვენ.
შარბათი ვინ სვის? ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?

***

შენნი დალალნი ყრილობენ გველად
სპეტაკს მკერდზედა, ტრფობისა ველად,
და თვალთა ჩემთა ადავრიშებენ
ხან ნუგეშისთვის, ხან დასაწველად!

ოდეს ნიავი ლამაზს დალალებს
მიგიშლ-მოგიშლის და სიამოვნებს,
მაშინ ჩემს თვალებს აღაგზნებს შური
და გლახ ჩემს გულსა ის ავალალებს! 

კომენტარები

კომენტარი