კულტურა

რელიგიის სააგენტო: ქართულ ტოლერანტობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს

დღეს გამართულ კონფერენციაზე რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადა – „ქართულ შემწყნარებლობას (ტოლერანტობას), როგორც ფასეულობას, როგორც ფენომენს საქართველოში მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი“. – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი ლიბერალი ავრცელებს.

„ტოლერანტობა – შემწყნარებლობა, საქართველოსთვის ის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფასეულობაა, რომელმაც, ერთი მხრივ, საშუალება მისცა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ მოსახლეობას, სამშობლოდ აღექვა საქართველო და, მეორე მხრივ, უზრუნველეყო სწორედ ამ ქვეყანაში მათი დამოუკიდებელი განვითარება და უნიკალური იდენტობის შენარჩუნება ქართველ ერთან ასიმილაციის გარეშე“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სააგენტოს პრესრელიზში.

სააგენტოს განცხადებით, საქართველოსთვის შემწყნარებლობა დომინანტი ღირებლებაა.

„სწორედ ამ ღირებულებას ეფუძნება ის, რაც ქმნის სოციო-კულტურულ მიმართებას. საგულისხმოა, რომ ღირებულებები ხშირად იცვლება, ტრანსფორმიდება, დამოკიდებული ხდება სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე, ამიტომაც საზოგადოებასა და მის ღირებულებებს შორის არსებობს ურთიერთკავშირი. ღირებულებები, როგორც კულტურის მამოძრავებელი ძალა, გვაძლევს ერის ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების შემდგომი გაცნობიერების შესაძლებლობას.

შემწყნარებლობა ის ღირებულებაა, რომელსაც ტრანსფორმაცია არ შეეხო. საქართველოს არ შეხებია, არც მსოფლიოს ისტორიასა და თანამედროვეობაში რელიგიის სახელით წარმოებული ომები, თუ ომების გამოძახილები. ჩვენთან არც თანამედროვე დემოკრატიული პრინციპის – ტოლერანტობის ხელახალი გააზრება გამხდარა საჭირო. ეს ჩვენი კულტურის ფუნდამენტური ღირებულებაა“, – აცხადებს რელიის საკითხთა სააგენტო

კონფერენციას სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებიან

წყარო: http://liberali.ge/news/view/32473/religiis-saagento-qartul-tolerantobas-kulturuli-memkvidreobis-dzeglis-statusi-unda-mienichos

კომენტარები

კომენტარი