ლიტერატურა

დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა (ლექსები)

დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა, ამიტომაც “არტნიუსი” გთავაზობთ გალაკტიონის ისეთ ლექსებს, სადაც იგი საკუთარ  მე–ზე, საკუთარ პერსონაზე საუბრობს:

წელიწადები წავლიან ძველნი

დღეები ბრუნავს, ვით კამათელი,
და ყვავილების არის მრავლობა.
ჩემთვის დღესავით არის ნათელი,
რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.
წელიწადები წავლიან ძველნი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი.

***

რარიგ კარგია, სამშობლოვ,
შენი მტკვარი და რიონი,
შოთა, ილია,აკაკი,
ვაჟა…

ორ ზღვათა შუა მდებარე
ბრწყინავდა კავკასიონი,
შოთა, ილია,აკაკი,
ვაჟა…

სულ მაღლა გორის ციხეა,
სულ დაბლა ძველი სიონი,
შოთა, ილია,აკაკი,
ვაჟა…

დაბლით კოლხიდის ველია,
მაღლიდან დგას ბახტრიონი,
შოთა, ილია,აკაკი,
ვაჟა…

 

ეფემერა

ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,
იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ვიხსენები
გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.
ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,
ბედი – ქროლვის გარეშე – ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.
ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება
ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.
სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები,
იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება.
რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული,
გაიშლება – მცნობელი მღვრიე უდაბნოეთის,
წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის.
ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები,
რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით
ლექსთა შეჯიბრებაზე – მხოლოდ ინტეგრალები,
ცხენთა შეჯიბრებაზე – ისევ ლურჯა ცხენები!
აჰა! შორით მოისმის ქვეყნიური გუგუნი.
ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი,
გაქრა, როგორც ღუმელი, ცოდვით გადაბუგული,
უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი.
კიდეები შეშლილი, ღამეები ველური
დაიტვირთონ წამებით, ღამე მთვარეს მოებას.
სულს სწყურია საზღვარი, ისევ ეფემერული,
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას.
სთქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები?
წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან.
ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები,
ყოველმხრივ სივრცე იყოს, შველა კი – არსაიდან.
ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა,
დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით.
კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა
და იქ მიექანება სული განწირულებით.
ნეტავ ჯოჯოხეთისა დარდმა გამიყოლიოს,
სადაც ვარდებს ბაღისას მაისობა უქრება.
მძიმე ქვების ქუსლებით დავეყრდნობი პოლიუსს,
როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება.
როგორც უხვი მემკვიდრე, ვისვრი სავსე პეშვებით
ფანტასტიურ მკვლელობებს და ოცნებას მკათათვის,
წარსულში, მომავალში წყევლით გადავეშვები,
რომ ძეგლები ავმართო მღვრიე მშვენებათათვის.
თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი,
ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს,
წარსულს სწყდება ფოთლების წყება იმედიანი,
შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს.
დე, თამაშის თუ ბრძოლის ვიყო ცქერით გართული,
იყოს მზეთა ორგია და მაგია მთვარისა,
ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული,
ლანდი – არაქვეყნურ დარდით გადამწვარისა.
დამრჩეს ეს საიდუმლო, როგორც წმინდა ემბაზი,
ეფემერა მომექცეს, როგორც ღამეს ენებოს.
ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე!
ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო!

დღეს ჩემი დღეა

დღეს ჩემი დღეა, დაბადების დღე,
მსურს ვიხალისო, მსურს მოვილხინო,
მომავალ ბედის სადღეგრძელებლად
მინდა რომ ყანწით დავსცალო ღვინო.
მაშ მომილოცეთ, რაღას უყურებთ?
ვარდ-ყვავილებით მომირთეთ ბინა,
წუხელის მე ამ დღეზე ვფიქრობდი,
ვერ მოვისვენე, არ დამეძინა.
ერთი დღე მაინც, ერთი დღე მაინც
მწარე ოცი წლის განმავლობაში
დამითმეთ, რომ მე ვიყო მეუფე
ამ განუსაზღვრელ მარტოობაში.
არავინ მოდის?.. არავისა სურს,
რომ ვიხალისო, რომ მოვილხინო?..
ხა, ხა, ხა, ხა, ხა! დღესაც მარტო ვარ,
მაგრამ რას ვეძებ, მომეცით ღვინო!


კომენტარები

კომენტარი