ლიტერატურა

დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა (ლექსები)

ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში და, კერძოდ, თიანეთში.

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

.ბესიკ ხარანაულის თითქოს არატრადიციულმა, მაგრამ, სინამდვილეში, ფშაურ კილოსთან და ხალხურ ლექსთან დაახლოებულმა, ირონიულმა და იმავდროულად, მოდერნისტულმა შემოქმედებამ თვისობრივი სიახლე შეიტანა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების და შემდგომი დროის პოეზიაში. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს.

“არტნიუსი” გთავაზობთ ბესიკ ხარანაულის ლექსებს:

***

ათასგან ვიყავ,
ცხენი ათას ღობეს მივაბი,
დავტოვე ყველგან
ჩემეული თითო ნიღაბი,
ზოგგან ვაჟკაცის,
ზოგგან ლოთის
და ზოგგან ლაჩრის,
ხოლო მე თვითონ
ყველასათვის უცნობი დავრჩი

***
არა იმიტომ ვამბობ მე `წინ!~
რომ იქ რაღაც აღმოვაჩინე,
არამედ, ღმერთო, მეშინია უკან მიხედვის,
რადგანაც იქ, იმ წარსულში,
იმ თეთრ გორაზე,
თრთვილით დაფარულ ჯაგებს შორის
დამსხდარან ორნი:
მელა – ლამაზი და ცბიერი,
ყელმოხატული
და მგელი, მგელი,
მომლოდინე, როგორც ისარი.

ბრაზი
ნუ მიმატოვებ შენ, ჩემო ბრაზო,
თუნდაც კბილები ის აღარ გვქონდეს!
ხედავ, როგორ იღორძინებენ
გულს ჩვენი სისხლით,
როგორ იბერავენ ფილტვებს
ჩვენი წილი ჟანგბადით
და კბილებსაც როგორ იწრთობენ
ჩვენს სახელებზე!

***

და, აი, მე გავყიდე სახლი და აღარავინაა ჩემს შორის ჩემიანი,
“რამეთუ” (მავანი არატუნებდა ამას წინათ საცოდავი ძველ-ქართულითა
და იმისაგან ვისახსოვრე მეც),
დაემათა მოხუც დედას ინსულტი ის იშემიური
და ექიმურ-კაკაფონური ენით მემცნო მეც, საცოდავსა,
რამეთუ მქონდა მე გაბმულა, ანუ ვსვამდი უკვე ორი თვე
და როგორღა შემეძლო მე, არ გამეყიდა სხვადასხვა რამენი ამ მიზეზითაც,
თუმცა კი რომ დედაჩემი იყო ისე მოკრძალებული,
რომ ერთი ყველის ნაჭერიც კი სიკვდილამდის ვერ დაამთავრა
და დაგვიტოვა ჩვენ სახსოვრად, როგორც კუნძული…
და მღვდელი კი არა და ექიმი კი ჩამოუთვლიდა მრავალგვარ წამლებს,
ერთი გრამი რომელთაც რომ ასი ლარი ღირდა სადღაცა
და დედაჩემი ამაზე რომ თვალს ჩამიკრავდა –
ნეტა მაგას, სულელები რომ ვგონივართო!..
მაინც კი რომ, მიუხედავად… ექიმების მიყვან-მოყვანა, ბენზინის ფულიც…
და გავყიდე მე მანქანა
და დავმარხე მე დედაჩემიც
და ცარიელ სახლში ახლებურად ვიწყეთ ცხოვრება
მე და ჩემმა ჩრდილმა – მამაჩემმა.
სულ ერთმანეთს რომ ვემალებოდით (სიგარეტის და სასმლის მიზეზითაც,
უნდა ითქვას, რომ)…
და, აი, გახდა ავად მამაჩემიც.
რამეთუ წერილ არს, კიბო მწეველებში უფრო ხშირიაო
და ნაწერი რომ დასრულდება და მაინც რომ უნდა მისდიო,
ვიდრე ცეცხლით არ შეიჭმება…
და გავყიდე მე სახლი იგი და დავმარხე მე მამაჩემი
და ლურსმანთაგანს ბოლონას რომ აკაკუნებდნენ,
ვთქვი, აჰა-მეთქი!.. მე ვიყავი თავისუფალი,
ჩემი იყო ოთხივ მხარე დედამიწისა,
და ვიგრძენი, ვით მდიდარი ვიყავი უკვე
და ჩემს ქონებას
ჰაერივით არ სჭირდებოდა,
არც ლურსმანი, არც კლიტე და გასაღებელი…
ღმერთო, შემეძლო მე ფრენაცა და სიარულიც,
ჩიტივით ვიყავ,
და თავისუფლების პირველი დღე რომ ღაღანებდა,
ადამიანის თანდაყოლილ ნაკლს გადავაწყდი:
რადგანაც, რომ, თავისუფლება
თუკი უხელს კაცს ფართოდ თვალებს,
იმავ თვალებს მუმლთსაჭერით არ აჯილდოებს.
და შემივარდა თვალში რაღაც,
ნაპერწკალი, ჩიტი, გვრიტი,
ცხოვრება თუ აჩონჩხილი შენობები ჟანგიანები,
თუ სხვა რამ ჯილდო…
და დამეფსო მე ერთი თვალი
და შევიქმენ თადარიგი თვალის ამარა,
რამეთუ წერილ არს –
მოიშრიტე თვალი ტკბობისა!
და ახლა კი, ხანდახან რომ ამეტირება,
ვრჩები უფრო იმისაგან გაკვირვებული,
იმ დაშრეტილ ტკბობის თვალსაც რომ სდის ცრემლები
და ვფიქრობ მე – ალბათ იგი სტირის ტკბობასა,
ხოლო მეორე – თავის თავს სტირის
და იმიტომ არიან ორნი.
რამეთუ წერილ არს:
კარგია, როცა ტირიან ორნი,
თორემ ერთმა ვით იტიროს, თუ მეორემ არ დაინახა.

***

ვიღაცა დადის ქალაქში ისეთი
(ცალ-ცალი ფეხსაცმლით - იდეისათვს)
რომელმაც თავისი
მრავალი წლის ცხოვრებისა და ფიქრის შემდეგ აღმოაჩინა,
რომ ცხოვრება და ფიქრი ერთად
ისეთივე უადგილო შეთანხმებაა,
როგორც ცალ-ცალი ფეხსაცმელი,
ისეთივე ბავშვური თამაში,
როგორც ერთმანეთს წააჩხუბო შენივ ხელები
და ისევ შეუძლებელი,
როგორც უკან შემოქცევა ღრმა უფსკრულზე გადახტომისას.
რადგან ორი წამი არის - ცხოვრება და გადახტომაც
და ცხოვრება და ფიქრი - ერთად
ლაბირინთში საბოლოოდ გამოკეტვაა.
როგორც ცალ-ცალი ფეხსაცმელი
ფიანდაზებსაც ოღროჩოღრო გზად გადააქცევს.

თუმცაკი კაცი მავალია ცალ-ცალი წყვილით:
ცალ-ცალი აზრით, ცალ_ცალი ტვინით,
ცალ_ცალი მოსავს ხორცი და სული,
ცალ_ცალი არის დედასთან, ცოლთან
და მხოლოდ ცალ_ცალი ფეხსაცმელი გაუხდია თვალში საცემი.

მაგრამ თუკი შენ მტკიცედ გჯერა, თუკი იხილე,
რომ ფიქრის მიღმა არის - ფიქრი
და ცხოვრების მიღმა - ცხოვრება,
სადაც ეს ორი აღარ არის დროის შემყურე
და თუ შენ იმათ, იმ ამაო ფიქრს და ცხოვრებას
უეცრად კარი მიუხურე და გაეცალე - 
თუმც უცებ თვალხელილმა შენმა სხეულმა,
ძალმიცემულმა თავხედობით კი არა,
რწმენით,
კლდეს მიჯაჭვული ამირანის მსგავსად კი არა,
ამპარტავნობით შეპყრობილი
ყინულიანმა ლაბირინთმა რომ შეიწირა - 
კარის მშვიდი მიცოცებით დასვი წერტილი.
რადგან:
ცხოვრებისთვის დედისტირება
მუდამ იის ზურგსუკან ხდება
ხოლო ფიქრსა და ცხოვრებას ვერასოდეს ვერ მოიპოვებ,
თუ არა ხარ თავისუფალი.
თანაც ეს პოვნა ისე კი არ შეგერგება,
რომ ჩაიკრა და მიითვისო,
ის იქნება ისეთივე უცნობი და მოულოდნელი,
როგორც ქვაზე ფეხისწამოკვრა...
განათდება და გაქრება და ტყუილად დაელოდები

რადგან:
თავისუფლებას მხოლოდ ის ფლობს,
ვისაც იგი საერთოდ არ აინტერესებს,
ვინც უხმოა და უჩინარი, გა-ჩე-რე-ბუ-ლი...

კომენტარები

კომენტარი