შემოქმედებითი ინდუსტრიები

დღეიდან თბილისის მეტროს მგზავრებს ვაგონებში მობილურის დატენვა შეეძლებათ

დღეიდან თბილისის მეტროს მგზავრებს 4 განახლებული ვაგონი მოემსახურება. ახალგარემონტებულ ვაგონებში მგზავრებს სიახლე ელით, კერძოდ, ვაგონებში დამონტაჟდა სპეციალური USB როზეტი, რომლის მეშვეობითაც მათ  შესაძლებლობა ექნებათ მგზავრობის დროს დატენონ მობილური ტელეფონები, სმარტფონები, პლანშეტები და სხვა მობილური მოწყობილობები.

მერიის ინფორმაციით, მეტროს მოძრავ შემადგენლობაში შეიცვალა სიჩქარის ავტომატური რეგულირების ბლოკის მთლიანი სისტემა. ძველი კომპრესორები ჩანაცვლდა ახალი, ხრახნული კომპრესორებით, ასევე შეიცვალა მოძრავი შემადგენლობის გოგორწყვილი. ნაწილობრივ განახლდა მემანქანის კაბინისა და მოძრავი შემადგენლობის ინტერიერი.

ვაგონების კაპიტალურ რემონტს და განახლებას სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა ახორციელებს. მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის და კაპიტალურ რემონტის ფარგლებში 2017 წელს პირველ ეტაპზე ხელშეკრულება 8 ვაგონის განახლებაზე გაფორმდა.

2017 წელს სულ იგეგმება მეტროს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია.

კომენტარები

კომენტარი