საშემსრულებლო ხელოვნება

დუგლას ბრინკლი – ჯერ კიდევ ხატავს თავის შედევრებს

ბობ დილანს 2016 წელს ნობელის პრემიის მოგების შემდეგ ინტერვიუ არ ჩაუწერია. მიუხედავად ამისა, იგი დამთანხმდა ინტერვიუზე და მესაუბრა ტელეფონით თავისი სახლიდან მალიბუში, კალიფორნიიდან. აღმოჩნდა, რომ ეს ერთადერთი ინტერვიუა, რომელიც მან ჩაწერა მისი ახალი ალბომის – “Rough and Rowdy Ways” (უხეში და ხმაურიანი გზები) გამოშვებამდე. ალბომი ფარავს კომპლექსურ ტერიტორიას: ტრანსები და ჰიმნები, მეამბოხე ბლუზი, სატრფიალო სწრაფვანი, კომიკური შეპირისპირებანი, ცელქი თამაში სიტყვებით, პატრიოტული გზნება, მეამბოხის სიმტკიცე, ლირიკული კუბიზმი, მწუხრის ეპოქის განაზრებანი და სპირიტუალური კმაყოფილება.

დინამიკურ ჰიტში „Goodbye Jimmy Reed”, დილანი პატივს მიაგებს მისისიპიელ ბლუზმენს დრაკონივით მძვინვარე ჰარმონიკის რეფრენებითა და თამამი ტექსტით. ნელ ბლუზში -“Crossing the Rubicon” (რუბიკონის გადალახვა) იგი გრძნობს „ძვლებს კანქვეშ“ და განიხილავს შესაძლო სიკვდილისწინა მოვლენებს: „განსაწმენდელისგან ჩრდილოეთით 3 მილის დაშორებით – ერთ ნაბიჯზე დიადი მიღმიერიდან / ვილოცე ჯვრის მიმართ და ვაკოცე გოგონებს და გადავლახე რუბიკონი“.

„Mother of Muses“ (მუზების დედა) ჰიმნია ბუნებრივი სამყაროს, გოსპელის ქოროს და სამხედრო პირებისადმი, როგორებიც იყვნენ უილიამ ტეკუმსე შერმენი და ჯორჯ პეიტონი, „ვინც გაასუფთავა გზა პრესლისათვის, რათა მას ემღერა / ვინც გაასუფთავა გზა მარტინ ლუთერ კინგისათვის“. ხოლო „Key West (Philosopher’s Pirate)“ უსასრულო მედიტაციაა უკვდავებაზე, მასში დილანი პატივს მიაგებს „გინზბერგს, კორსოს და კერუაკს“.

შესაძლოა ჯორჯ ფლოიდზეც შექმნას სიმღერა, როგორც უკვე შექმნა 60-იან და 70-იან წლებში რამდენიმე სიმღერა რასიზმის წინააღმდეგ. ყველაზე მძვინვარე სტრიქონებს პოლიციასა და რასიზმზე შეიცავს 1976 წლის ბალადა “Hurricane” (ურაგანი). „ეს სიმახინჯის მიღმა იყო“ – მითხრა დილანმა ფლოიდის მკვლელობაზე. რამდენიმე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ ჩვენი საუბრებიდან.

– სტრიქონმა „ცრუ წინასწარმეტყველში“ – „მე საუკეთესო ვარ – შეგიძლიათ დამარხოთ დანარჩენები“ – მომაგონა ახლახანს ჯონ პრაინის და Little Richard-ის გარდაცვალება. უსმენ მათ მუსიკას მათი გარდაცვალების შემდეგ, ერთგვარი მადლიერების ნიშნად?

– ორივე ეს კაცი თავიანთ საქმეში ტრიუმფატორი იყო. მათ არ სჭირდებათ ვინმეს მადლიერება. ყველამ იცის რა გააკეთეს მათ და ვინები იყვნენ ისინი. და ისინი იმსახურებენ ყველა იმ პატივისცემას და აღიარებას, რაც მიიღეს. ეს უეჭველია. მაგრამ მე გავიზარდე Little Richard-ზე. და იგი ჩემამდე იყო. მან აანთო ცეცხლი ჩემში. მან გადამაწყო ისეთ რამეებზე, რაც მე დამოუკიდებლად ვერასოდეს მეცოდინებოდა. ამდენად მასზე სხვაგვარად ვფიქრობ. ჯონი ჩემს შემდეგ მოვიდა. ასე რომ, ეს არაა ერთი და იგივე რამ. მე მათ სხვადასხვანაირად მივაგებ კუთვნილს.

– რა როლს ასრულებს იმპროვიზაცია შენს მუსიკაში?

– არავითარს საერთოდ. არ არსებობს გზა შეცვალო სიმღერის ბუნება, მას შემდეგ, რაც უკვე შექმენი იგი. შეგიძლია დაადო გიტარის ან პიანინოს განსხვავებული სქემები სტრუქტურულ ხაზებზე და იქიდან წახვიდე, მაგრამ ეს იმპროვიზაცია არაა. იმპროვიზაცია გტოვებს ღიას კარგი ან ცუდი შესრულების მიმართ, იდეა კი არის დარჩე თანმიმდევრული. შენ ძირითადად უკრავ ერთსა და იმავე რამეს დროთა განმავლობაში ყველაზე სრულყოფილი გზით, რაც შეგიძლია.

ყველა შენი კომპოზიციიდან, “When I Paint My Masterpiece” (როცა ვხატავ ჩემს შედევრს) უფრო და უფრო მეტად მომწონს, რაც წლები გადის. რამ გიბიძგა კვლავ წინა პლანზე წამოგეწია იგი ბოლო კონცერტებზე?

– მეც უფრო და უფრო მეტად მომწონს იგი. ვფიქრობ ეს სიმღერა უკავშირდება კლასიკურ სამყაროს, რაღაცას, რაც მიუწვდომელია. რაღაც ადგილს, სადაც ისურვებდი ყოფნას შენი გამოცდილების მიღმა. რაღაცას, რაც ისე აღმატებული და პირველხარისხოვანია, რომ ვერასოდეს შეძლებდი მთიდან ქვემოთ დაბრუნებას. რადგან მიაღწიე წარმოუდგენელ რამეს. აი, რისი თქმას ცდილობს სიმღერა და იგი უნდა ჩასვა კონტექსტში. თუმცა, მიუხედავად ზემოთქმულისა, თუნდაც რომ დახატო შენი შედევრი, რას გააკეთებ შემდეგ? ჰო, ცხადია, შენ უნდა დახატო სხვა შედევრი. ასე რომ ეს შეიძლება გახდეს ერთგვარი დაუსრულებელი ციკლი, ერთგვარი ხაფანგი. თუმცა, სიმღერაში ეს არაა ნათქვამი.

– როგორ ინარჩუნებ შენს ჯანმრთელობას? ისე ჩანს, რომ ჯანმრთელი და ძლიერი ხარ. როგორ ახერხებ, რომ შენი გონება და სხეული განაგრძობენ უნისონში მუშაობას?

– ოჰ, ეგ დიდი თემაა, არა? როგორ აკეთებს ამას ნებისმიერი? შენი გონება და სხეული ხელიხელ ჩაკიდებული მიდიან. რაღაც სახის შეთანხმება უნდა იყოს. მე მომწონს ვიფიქრო გონებაზე, როგორც სულზე და სხეულზე, როგორც მატერიაზე. როგორ ხდება მათი ინტეგრირება, წარმოდგენა არა მაქვს. მე უბრალოდ ვცდილობ ვიარო სწორ ხაზზე და დავრჩე მასზე, დავრჩე სწორხაზოვანი.

კომენტარები

კომენტარი