კულტურა

დედოფალ ელისაბედ მეორის იუბილის აღსანიშნავად ბრიტანეთის საელჩო საქართველოში წვეულებას გამართავს

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი, დღეს, დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღის აღსანიშნავად ოფიციალურ წვეულებას უმასპინძლებს.

როგორც “არტნიუსს” ბრიტანეთის საელჩოდან აცნობეს,   ღონისძიებასთან დაკავშირებით ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმიტმა განცხადება გააკეთა.
„დედოფლის დაბადების დღე არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული მეგობრობა. წელს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოსა და ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წელს აღვნიშნავთ.

მივესალმები იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები ღრმავდება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, იხილონ საქართველოში წარმოდგენილი ბრიტანული პროდუქციის და დიზაინის თვალსაჩინო ნიმუშები. მჯერა, რომ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის პირდაპირი ავიარეისების განახლება, ამ კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ასევე, სიამაყით ვმასპინძლობთ მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილე გუნდების წარმომადგენლებს. მოგეხსენებათ, საქართველო წარმატებით მასპინძლობს მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს“, – აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის საელჩოში მიღებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოში მცხოვრები ბრიტანელები, ბიზნესის, კულტურისა და მედია სექტორების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი