კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

გორელმა ახალგაზრდებმა ბოტი გამოიგონეს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაზე გაგესაუბრებათ

გორელმა ახალგაზრდება ბოტი გამოიგონეს, რომელიც მარტივად მოგაწვდით კონსტიტუციის, ნორმატიული აქტისა და სხვადასხვა იურიდიული კატეგორიის მუხლებს.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის” ფარგლებში და ქართულ–ევროპული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ბოტი Chatfuel–ის პლატფორმაზე შეიქმნა და მას სახელად Lawრენტი უწოდეს.

“ბოტის მიზანია, მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა კანონები, რომლებიც ადამიანებს მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებაში და სწრაფად ინფორმირებაში დაეხმარება. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხსა და ბოტთან დაკავშირებას, ეს ძალიან მარტივი და ცნობილი პროცედურაა. მოქალაქეებს მოუწევით მესენჯერით დაკავშირება ბოტთან, რომელიც თვითონვე აუხსნის მისი მოხმარებისა თუ ექსპლუატაციის წესებს. Lawრენტი სხვადასხვა აქტივობით გამოირჩევა. იმისათვის, რომ შემეცნებითი პროცესი უფრო მეტად მრავალფეროვანი და სახალისო გამხდარიყო, ჩვენ გადავწყვიტეთ, მასში იუმორნარევი ტონი შეგვეტანა. ამასთან ერთად, იგი მომხმარებლებს იურიდიულ ელექტრონულ ლიტერატურასა და გასართობ ქვიზსაც შესთავაზებს. მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი ფაქტი, რომ ბოტი ჩამოყალიბების პროცესშია და ტერმინოლოგიას თანდათან ითვისებს, ასე რომ, საზოგადოებას თხოვნით მივმართავ, ნუ იქნებიან ზედმეტად კრიტიკულები ” – განაცხადა ეიას პრეზიდენტმა მიშო მთიულიშვილმა.

ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზებასა და არაფორმალური განათლების როლის ზრდას ქვეყნის საგანმანათლებლო ცხოვრებაში. ორგანიზაცია დაარსდა 2017 წლის 8 სექტემბერს.
ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის მიზანია სხვადასხვა აქტივობისა და პროექტის საშუალებით მაქსიმალურად ჩართოს ახალგაზრდები სამოქალაქო ცხოვრებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ განვითარებას.

ბოტთან სასაუბროთ ეწვიეთ ბმულს.

 

კომენტარები

კომენტარი