საშემსრულებლო ხელოვნება

,,გმადლობ ALS, შენ მე გამომაღვიძე!” – პარალიზებული მუსიკოსის მიერ შექმნილი ალბომი

პონი ფრანგი პროდიუსერი და მუსიკოსია, რომელმაც 1990-იან წლებში ფრანგული ჰიპ-ჰოპის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. მას უამრავი სიმღერა აქვს ჩაწერილი, თუმცა ამჯერად იმ ალბომზე ვისაუბრებთ, რომელიც მხოლოდ თვალების მოძრაობით არის შექმნილი.

პონის ნამდვილი სახელი გუილჰემ გალარია. მას მოტორული დაავადება აქვს, რომელსაც ამიოტროფულ ლატერალურ სკლეროზსაც ეძახიან. ეს უკურნებელი დაავადებაა, რომელიც კუნთების პარალიზებას ახდენს. პონი მთლიანად პარალიზებულია და თვალების მოძრაობის გარდა სხვას ვერაფერს ამოძრავებს.

პონი მენტალურად ძლიერი აღმოჩნდა. მის თავში მუდმივად ახალი იდეები ტრიალებს და ამ იდეების გადმოცემა კომპიუტერული მოწყობილობის დახმარებითა და თვალის მოძრაობით შეუძლია. მან წიგნიც გამოსცა, სადაც ის რჩევებს აძლევს სხვა ავადმყოფებს, რომლებიც ასევე პარალიზებულები არიან.

წიგნი იუმორით არის გაჯერებული. მაგალითად, ის წერს, რომ 2016 წელი მისთვის წარმატებული იყო, რადგან, ამ პერიოდში, ძალიან პოპულალური გახლდათ ,,Mannequin Challenge’’.

პონი წერს, რომ მას კონკურენტი არ ჰყავს და ამ გამოწვევის გამარჯვებულიც სწორედ ის არის. ბოლო პოსტში, რომელიც მის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა მან მადლობა გადაუხადა დაავადებას: მე ვერასდროს შევძლებდი ამდენი რამ გამეკეთებინა, რომ არა ეს დაავადება, გმადლობ ALS [ამიოტროფული ლატელარული სკლეროზი], შენ მე გამომაღვიძე!’’.

პონის კარიერულმა სვლამ 90-იან წლებში პიკს მიაღწია. 1994 წელს მან გამოუშვა სიმღერა ,,Bad Boys De Marseille’’, რომელმაც მთელ საფრანგეთში მოიპოვა პოპულარობა. სამი ალბომისა და რამდენიმე მუსიკალური ტურის შემდეგ ის დაქორწინდა და მარსელში გადავიდა. პირველად,ჯანმრთელობის პრობლემები 2014 წელს შეექმნა. მას სიარული გაუჭირდა და მალევე აღმოჩინა, რომ მოტორული ნეირონული დაავადება ჰქონდა.

მუსიკოსი ძალიან სწრაფად კარგავდა მოძრაობის უნარს, ამისთვის მზად არავინ იყო. თუმცა ყველაზე რთული მომენტი მაშინ დადგა, როდესაც პონი სამუდამოდ დადუმდა. პირველ ხანებში, მის წინ ანბანს შლიდნენ, მისი ცოლი ყველა ასოზე-ბგერაზე ცალ-ცალკე ადებინებდა თითს და ელოდა, როდის დაახამხამებდა პონი თვალს. ასე ასო-ბგერებით კრეფდნენ სიტყვებს.

გარკვეული დროის შემდეგ ისინი დოკუმენტურ ფილმს წააწყდნენ, სადაც სტივენ ჰოკინსის ისტორია იყო მოყოლილი. მასაც ზუსტად ეს დაავადება სჭირდა და შექმნა კომპოიუტერული მოწყობილობა, რომელიც თვალის მოძრაობით კრეფდა ასოებს და შემდეგ კომპიუტერული ხმით წარმოთქვამდა. ოჯახმა დანადგარი მოიძია და მალევე პონმა პირველი სიტყვებიც წარმოთქვა. ,,მისი მელოდიური ფრანგული აქცენტი დაიკარგა, თუმცა ესეც საკმარისია’’ – ხუმრობით იხსენებს მუსიკოსის ცოლი.

2019 წელს ის უკვე სრულად იყენებდა კომპიუტერის შესაძლებლობებს. თვალის მოძრაობით შეეძლო მაუსის გამოძრავება, ასე კი, ყველანაირ ოპერაციას ასრულებდა, რაც სჭირდებოდა. მან გადაწყვიტა, რომ ახალი ალბომისთვის ქეით ბუშის სიმღერები გამოეყენებინა, ალბომს კი Kate&Me დაარქვა.

ერთ-ერთი სიმღერისთვის, რომელსაც ,,სუნთქვა’’ ჰქვია, მან თავისი სასუნთქი აპარატის ხმა ჩაიწერა, რაც დამატებით ემოციას სძენს მელოდიას.

ბოლოს ჟურნალისტმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა კიდევ რაიმე გეგმა მომავალში, მან კი უპასუხა, რომ დრეიკთან ან რომელიმე სხვა ცნობილ არტისტთან სიამოვნებით ითანამშრომლებს. როგორც ჩანს, მისი მზერით შექმნილ სხვა ალბომებსაც უნდა ველოდოთ.

კომენტარები

კომენტარი