კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

გიორგი გიორგანაშვილისთვის აქცია 25 იანვარს გაიმართება

25 იანვარს, 17:00 საათზე, კანცელარიის შენობასთან გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით გაიმართება აქცია – ყველა ერთისთვის!

2018 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მოახდინა, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და იგი სასამართლოს სხდომის დარბაზშივე დააკავეს.

საქალაქო სასამართლოსთან, ასევე დააკავეს რეჟისორი თორნიკე ბზიავა და თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი, რომლებმაც უსამართლო გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

“პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს პირადი მოხმარების მიზნით 0.37 გრამი იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. თუმცა სასამართლოსთვის ადამიანის 8 წლით ციხეში გასაგზავნად საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ იმ 2 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას გიორგი გიორგანაშვილის დაკავებაში.

საქმის მსვლელობაზე ზემოქმედება არ მოუხდენია არც იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე, პროკურატურამ “ბახალას” საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას. სახელმწიფოს მხირდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით!

მოვითხოვთ:
1. გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან;
2. გათავისუფლდეს თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი;
3. კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები;
4. უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტკა.
5. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი” – ნათქვამია ანოტაციაში.

კომენტარები

კომენტარი