კულტურა

გიორგაძე: ”სპორტის კომპონენტს ისეთივე ყურადღება მიექცევა, როგორც კულტურას”

კულტურის, სპორტის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და საქართველოს მთავრობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. მინისტრი ვერ ხვდება რით არის გამოწვეული უარყოფითი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ის კულტურის სამინისტროში შესული სპორტის სამინისტროს კომპონენტის მინისტრიც იქნება. მისი თქმით სამინისტროსთვის ეს იქნება ზუსტად ისეთივე თანაბარი შესაძლებლობების და მნიშვნელობის მქონე მიმართულება, როგორიც ეს არის კულტურა.

“თუ ჩემს წარსულს გადავხედავთ, დამეთანხმებით, ყველაზე თავმდაბლურად რომ ვთქვა, არ არის უცხო ჩემთვის ეს სფერო. არაერთი მეგობარი, როგორც ძველ, ისე ახალ თაობაში, მყავს სხვადასხვა სპორტის სახეობაში, ეს წმინდა პირად დამოკიდებულებას რაც ეხება. ინსტიტუციური თვალსაზრისით, ეს იქნება ზუსტად ისეთივე თანაბარი შესაძლებლობების განვითარებისთვის მქონე მიმართულება, როგორიც ეს არის კულტურა და გაუგებარია, არგუმენტაცია, რის საფუძველზე შეიძლება ჰქონდეს ვინმეს ასეთი ნეგატიური მოლოდინი. ჩვენ გუშინ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი პირველი სამუშაო შეხვედრა ჩვენს კოლეგებთან სპორტის სამინისტროდან, უაღრესად კონსტრუქციულ და თბილ სამუშაო რეჟიმში ჩავატარეთ ეს შეხვედრა, ერთი შეხვედრის ფარგლებში ყველა საკითხს ვერ ამოვწურავდით, თუმცა მნიშვნელოვან თემებს შევეხეთ, ვისაუბრეთ სწორედ იმ შესაძლო სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, რომელიც არც პროცედურის თვალსაზრისით, არც შინაარსობრივად არავითარ შემთხვევაში ვინმეს არ დაუტოვებდა იმ შთაბეჭდილებას, რომ სპორტი მეორე ხარისხოვანია. ვფიქრობთ, ჩვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით სრულად ემთხვევა ერთმანეთს”, – განაცხადა გიორგაძემ.

გარდა ამისა, კულტურის მინისტრმა ისაუბრა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეთავაზებული სტრუქტურული ცვლილებების შესახებაც, რომლებიც, მისი თქმით, მთავრობამ მოიწონა. გიორგაძემ განაცხადა, შეთავაზებული ცვლილებები გულისხმობს გარკვეული სამინისტროების შერწყმას, რაც აუცილებლად ადმინისტრაციული მიმართულებით ხარჯებზე აისახება პოზიტიურად.

 

კომენტარები

კომენტარი