ლიტერატურა

გარდაიცვალა მწერალი გივი მარგველაშვილი

93 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი, ფილოსოფოსი, დრამატურგი გივი მარგველაშვილი.

მარგველაშვილი ქართული წარმომავლობის გერმანულენოვანი მოაზროვნე იყო.

მის მოღვაწეობას ლიტერატურისა და ფილოსოფიის მიმართულებით უდიდეს შეფასებას აძლევდნენ კრიტიკოსები და მკვლევარები. გივი მარგველაშვილს 2006 წელს საკმაოდ პრესტიჟული, გერმანიის გოეთეს მედალიც მიენიჭა.

დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი.

გივი მარგველაშვილი ქართველი ემიგრანტების ოჯახში, ბერლინში დაიბადა 1927 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა იქვე გერმანული ენის მასწავლებლად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში გივი მარგველაშვილი წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა არც ერთი მისი ნაწარმოები არ დაბეჭდილა. მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული “პერესტროიკის” შედეგად, მიეცა საშუალება – პირველად 40-ზე მეტი წლის შემდეგ – კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 1991-1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, “კაპიტანი ვაკუშის”, მეორე ტომი, აგრეთვე რომანები “მუცალი”, “დიდი კორექტურა”, პროზაული კრებულები: “გადაუგდებელი ხელთათმანი”, “სიცოცხლე ონტოტექსტში”. მწერალი ერთბაშად იქნა აღიარებული თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად, მასზე გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში, იგი მიწვეულ იქნა გერსვაილერის “ქალაქის მწერლად” გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი. 1997 წელს გ. მარგველაშვილი არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად; 2006 წელს მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.

1946 წლის 6 თებერვალს მამამისთან, ტიტე მარგველაშვილთან ერთად საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მოტყუებით გაიყვანეს ბერლინის დასავლეთის სექტორიდან და აღმოსავლეთ ბერლინში გადაიყვანეს. მამა 8 თვის ტყვეობის შემდეგ დახვრიტეს, თავად კი წელიწადნახევარი საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა, რის შემდეგაც ის საქართველოში გადაასახლეს.

„დასავლეთიდან აღმოსავლეთში წავედით და კომენდატურის შენობასთან გავჩერდით. მამა დასაკითხად შეიყვანეს, მე მანქანაში დავრჩი. შემდეგ მეც შემიყვანეს და მამასთან ერთად მომათავსეს საკანში. ეს იყო ბოლო ღამე, რომელიც მამაჩემთან ერთად გავატარე. მეორე დღეს სხვა საკანში მომათავსეს, ცოტა ხანში კი საკონცენტრაციო ბანაკში გადამიყვანეს, ჯერ ჰოჰენშონჰაუზენში, შემდეგ კი საქსენჰაუზენში, ფაშისტების მიერ მოწყობილ კონცლაგერში, რომელსაც შემდეგ კომუნისტები იყენებდნენ. იქ წელიწადნახევარი დავყავი, 47 წლის გაზაფხულამდე… შემდეგ გამანთავისუფლეს. უბრალოდ არ იცოდნენ რა მოეხერხებინათ ჩემთვის. არც ქართული ვიცოდი, არც რუსული. არაფერი ვიცოდი. რა უნდა ექნათ? ამიტომ თბილისში გამიშვეს, რა თქმა უნდა, სხვა სახელით და გვარით, მაღრაძე ვიყავი საბუთებით. ასე მოვხვდი თბილისში“, – ასე შემორჩა თავად გივი მარგველაშვილის მეხსიერებას მისი ცხოვრების ეს ზღვრული ეპიზოდი.

ბოლო წლების მანძილზე გივი მარგველაშვილი თბილისში ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი