ვიზუალური ხელოვნება

გამოფენა „შინაარსი მიუწვდომელია“

12 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „დედიკას გალერეაში“ მოეწყობა მხატვარ მანუჩარ ოქროსცვარიძის გამოფენა “შინაარსი მიუწვდომელია”.

პროექტში „ შინაარსი მიუწვდომელია“ – „Content Unavailable“ გაერთიანებულია მხატვრის მიერ, ბოლო 2 წლის მუშაობის შედეგად შექმნილი ნამუშევრები. ფერწერა, ტექსტი, ნახატი წარმოდგენილია, არა როგორც დამოუკიდებელი არტ-ობიექტები, არამედ კონცეპტუალური არტ-ობიექტების, ინსტალაციების ელემენტები. ობიექტები, რომლებსაც არც სათაურები და არც განსაზღვრული შინაარსები გააჩნია, ერთგვარი მინიშნებების როლს ასრულებენ მაყურებლისთვის და გათვლილია გამოსახულების მიღმა არსებული შინაარსის შეგრძნების აღძვრაზე. პროექტის მესიჯი შემდეგია: „ხელოვნების ნაწარმოების სრულად „წაკითხვა“, ან მაყურებლის ინტერპრეტაციის სრული დამთხვევა თავად ხელოვანის ინტერპრეტაციასთან შეუძლებელია, რადგან არტეფაქტი ხელოვანის ინდივიდუალური, უნიკალური ფსიქო-ინტელექტუალური გამოცდილების პროდუქტია, რომელიც შეუძლებელია მაყურებლის გამოცდილებას სრულად ემთხვეოდეს“.

მანუჩარ ოქროსცვარიძე – დაბ.1974წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი; არტ სცენაზე 1990-იანების ბოლოს გამოვიდა. აქტივობის სფერო – ფერწერა, გრაფიკა, ინსტალაცია, დიზაინი, გამოყენებითი ხელოვნება და იკონოგრაფია. ხელოვანი ქართული თანამედროვე არტ პროცესების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. 2010 წლიდან მისი ძირითადი მიმართულებაა არტ ობიექტები, ინსტალაცია და მინიმალისტური ნახატი, რომლებსაც თავად ესთეტიკურ იდეოგრაფიებად ან მოკლე ვიზუალურ მესიჯებად აფასებს. მონაწილეობს ლოკალურ და საერთაშორისო გამოფენებში 1996 წლიდან. 2008-2009 წლებში იყო ერთერთი პირველი სახელოვნებო კრიტიკული ჟურნალის – “შთაბეჭდილება” დამფუძნებელი. არის არაკომერციული ორგანიზაცია “თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის ცენტრი”ს დამფუძნებელი.

კომენტარები

კომენტარი