არქიტექტურა, არქეოლოგია

ბრიტანეთის ვიქტორიანულ მემკვიდრეობას ვანდალები ებრძვიან

გრიფ რის ჯონსი – ვიქტორიანული საზოგადოების პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას მიტოვებული შენობები, რომელთაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა ბრიტანეთის ინდუსტრიული მემკვდირეობისთვის. მან ეს მოწოდება გააკეთა მას შემდეგ, რაც ამგვარ ღირსშესანიშნაობებზე ვანდალიზმის ფაქტებმა იმატა. ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო მიტოვებული შენობების აღმოჩენის და შესწავლის პოპულარობის ზრდით.

წინა თვეში, შოტონის ფოლადსასხმელი ქარხანა ჩრდილოეთ უელსში, რომელიც ვიქტორიანულმა საზოგადოებამ 2018 წელს შეიტანა 10 საფრთხის ქვეშ მყოფი შენობის სიაში – მნიშვნელოვნად დააზიანეს.  ვანდალებმა ჩამოშალეს გამყოფი კედლები, გაანადგურეს ორნამენტებიანი მოპირკეთება, დაანთეს ცეცხლი რამდენიმე ადგილას და სახურავიდან გადმოყარეს კრამიტები.

შოტონის ფოლადსასხმელი ქარხანა ჩრდილოეთ უელსში

ასევე წინა თვეში, ტოლი კობოლდის ლუდის ქარხანა იპსუიჩში, რომელიც 2015 წელს შედიოდა საფრთხის ქვეშ მყოფი შენობების ათეულში, ხანძრისგან დაზიანდა. დააკავეს 2 ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი შედარებით ასაკოვანი ქალი ხანძრის გაჩენის ბრალდებით.

და ბოლოს, გასული წლის აპრილში, ბრეფორდში ფიზონსების ქარხანა, რომელსაც აღწერენ, როგორც „საფოლკის მემკვიდრეობის შეუცვლელ ნაწილს“ და შესული იყო საზოგადოების 2017 წლის ათეულში, მთლიანად დაწვეს ვანდალებმა.

ამგვარი შენობების მფლობელები ცდილობენ დააბალანსონ კონსერვაციის შეზღუდვები და ახალი მშენებლობის პირობები, რასაც ზოგჯერ 2 წელზე მეტი სჭირდება. ვიქტორიანული საზოგადოება ითხოვს მათ დაცვას სიგნალიზაციით და მათი ბედის დროულად გადაწყვეტას.  

კომენტარები

კომენტარი