ვიზუალური ხელოვნება

ლეონარდო და ვინჩი და ორი საიდუმლო

“არტნიუსი” გთავაზობთ ბარბარე ხასაიას ანალიტიკურ წერილს ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებასა და მის საიდუმლოებანზე.

ის, რომ ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება რენესანსის ეპოქის შეუფასებელი სიმდიდრეა, ყველსათვისაა ცნობილი. ლეონარდომ ღირსეული კვალი დატოვა ხელოვნების ისტორიაში და თავისი გენიალურობით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა თანამედროვეების თვალში,იგი ძალიან საშიში და უცნაური ადამიანი იყო. აღსანიშნავია, რომ ზოგი მას ერეტიკოსად მოიხსენიებდა.  ალბათ, ძნელია მხოლოდ მისი ნამუშევრებიდან გამომდინარე იმსჯელო, მაგრამ პირადად მე, ლეონარდოს საიდუმლოებით მოცულ გენიოსს ვუწოდებდი.

საიდუმლო N 1

ფლორენციის ხელისუფლების ადგილსამყოფელი ,,პალაცო ვეკიოს’’ სათათბირო დარბაზის ერთ კედელზე 1503-1506 წლებში ლეონარდომ ანგიარის ბრძოლის ეპიზოდი მოხატა. ფრესკა მოგვიანებით გაუჩინარდა.ფიქრობდნენ – ლეონარდომ ისეთი მასალით შეასრულა ,,ანგიარის ბრძოლა’’, რომ ის 500 ადამიანის თვალწინ აორთქლდაო. (მას ხომ ძალიან უყვარდა ექსპერიმენტები).

1555-1572 წლებში ,,პალაცო ვეკიოს’’ დარბაზის რეკონსტრუქცია ცნობილ მხატვარსა და არქიტექტორ ჯორჯო ვაზარის დაევალა. სწორედ ამ პერიოდში გაქრა ლეონარდოს შედევრიც. ფლორენციელმა მკვლევარმა, მაურიციო სერაჩინიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ აღმოსავლეთ კედელზე, სადაც ვაზარის ,,მარჩიანოს ბრძოლაა’’ გამოსახული, ძველად სწორედ ლეონარდოს ფრესკა იყო. ვარაუდს აძლიერებს ვაზარის ფრესკაზე არსებული ცხენზე ამხედრებული მამაკაცი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ლეონარდოს. სავარაუდოა, რომ ვაზარი ამ გზით მიანიშნებს, რომ მისი ნამუშევრის ქვემოთ და ვინჩის ნახატია. ფიქრობენ,რომ ვაზარიმ ეს ლეონარდოს ფრესკის დასაცავად გააკეთა. ძალიან მალე  სერაჩინიმ დაიწყო კვლევა ახალი მეთოდით-ენდოსკოპური ზონდირებით. ვაზარის ნახატში შესაღწევად გაკეთდა რამდენიმე ჭრილი. მოგვიანებით,მხოლოდ ერთი ჭრილიდან მიაღწია სამედიცინო მინიატურულმა ზონდმა კედლამდე. სინჯის აღების შედეგად, აღმოაჩინეს შავი და ჩალისფერი საღებავი. ქიმიური ანალიზით კი დადგინდა შავი პიგმენტი იმ პიგმენტს შეესაბამება, რომელიც ლეონარდომ ,,მონა ლიზას’’ შესაქმნელად გამოიყენა.  ,,ანგიარის ბრძოლა’’ დაუმთავრებელი ნამუშევარია,თუმცა მასზე ყოვლად უცნაური დროშაა დახატული წარწერით: CERCA TROVA(ეძიებდე და ჰპოვებდე). მეც ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი მინიშნებაა, დაკარგული ნახატის აღმოსაჩენად დატოვებული. არ არის გამორიცხული, ვაზარის მართლაც დაემალა ლეონარდოს ფრესკა, რათა ის განადგურებისა და ,,დროის მსახვრალი ცელისგან’’ დაეცვა. ცნობილია,რომ მაზაჩოს ,,წმინდა სამება’’ მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს, მას შემდეგ, რაც ვაზარის მიერ აშენებული ხის კონსტრუქცია მოხსნეს. როგორვ ჩანს, არქიტექტორი ვაზარი მართლაც ერეოდა ,,ხელოვანთა საქმიანობაში’’.  მგონი ადვილი მისახვედრია,რა არჩევანს გააკეთებენ,თუ ლეონარდოს ნახატის აღმოსაჩენად ვაზარის ,,მარჩიანოს ბრძოლის’’ განადგურება გახდება საჭირო.

საიდუმლო N2

1998 წელს ნიუ-იორკში, კრისტის აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს ქალბატონის პორტრეტი, რომლის ავტორიც უცნობი იყო. პორტრეტის ანოტაცია კი ასე გამოიყურებოდა: გერმანელი ფერმწერი, ფერადი ცარცი, მელანი, პერგამენტი, მე-19 საუკუნე. მოგვიანებით, ნახატი კანადელმა კოლექციონერმა, პიტერ სილვერმანმა შეიძინა. სწორედ სილვერმანს გაუჩნდა ეჭვი, რომ ნახატი მე-19 საუკუნის არ იყო და რომ იგი შესაძლოა რენესანსის ეპოქის ყოფილიყო. იგი ამტკიცებდა, ნახატი შეიძლება თავად ლეონარდო და ვინჩისააო. სურათს სპექტრული სკანირება ჩაუტარდა, რათა დეტალურად შეესწავლათ ნამუშევრის შრეები. ლეონარდოს ხელწერის მტკიცებულება კი მართლაც იყო ფერების ჰარმონიული მონაცვლეობა,ზუსტი და მკვეთრი კონტური, ჩრდილები. ეს ყოველივე  მარცხენა ხელით იყო შესრულებული (ლეონარდოც ხომ ცაციაა). არც ხბოს ტყავისგან დამზადებული პერგამენტი დარჩენილა ყურადღების მიღმა. მას ნახშირბადის რადიოზოტოპური ანალიზი ჩაუტარდა და დადგინდა, რომ სწორედ 1440-1650 წლებში იყო დამზადებული. სამოსის მიხედვით, ახლაგაზრდა ქალბატონი  მე-15 საუკუნის მილანის არისტოკრატიის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. ამ პერიოდში, ლეონარდოც მილანში ცხოვრობდა და ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცასგან იღებდა შეკვეთებს. გამოითქვა მოსაზრება, რომ ნახატის კიდეზე ნაწიბურებია, რაც მიანიშნებს რომ იგი წიგნიდან ან ალბომიდანაა ამოჭრილი. მოგვიანებით ნატურის სახელიც დადგინდა, ეს იყო ბიანკა სფორცა, მილანის ჰერცოგის ქალიშვილი. ძებნა პოლონეთში ,კერძოდ,ე როვნულ ბიბლიოთეკაში გაგრძელდა, სადაც ბიანკას ,,სფორციადა’’, ანუ მისი სამახსოვრო-საქორწინო ალბომი ინახებოდა. აღმოჩნდა, რომ ,,სფორციადას’’ მართლაც აკლდა ფურცელი, ბიანკას პორტრეტის ალბომში ჩასმის შედეგად დაგინდა, რომ ის მილიმეტრების სიზუსტით მოერგო ცარიელ ადგილს.

საინტერესოა კიდევ რას მალავს ხელოვნება? იქნებ არსებობს ნამუშევრები, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით? ვიპოვით კი მათ ოდესმე? რა საიდუმლოს ინახავს თითოეული მათგანი? ჩემს თავში ახლა უამრავი კითხვა ტრიალებს,რომელთაც პასუხს ვერ გავცემ და ალბათ ვერც ვერავინ გასცემს,ვერასდროს. ვფიქრობ,იმედი უნდა გვქონდეს,ჩვენ თუ ვერა,მომავალი თაობები მაინც შეძლებენ მათ ამოხსნას და დაკარგული ნიმუშების პოვნას. თუმცა, იმაზეც ვფიქრობ, თუ საიდუმლო საიდუმლოდ დარჩება, საერთოდ რა აზრი ჰქონდა ამ დიდებული ნამუშევრების შექმნას? თუ მათი ცქერით ვერასდროს ვერავინ დატკბება, ვის დარჩება ეს გენიალური ქმნილებები? რა საჭიროა მათი თუნდაც დაცვა,თუ ვერ ვიხილავთ და უჩინარი იქნება ჩვენთვის?!

ბარბარე ხასია

 

 

კომენტარები

კომენტარი