ვიზუალური ხელოვნება

“ახალი მზიურის” ავტორი პროტესტის ნიშნად პროექტზე მუშაობას წყვეტს

პროექტ “ახალი მზიურის” ავტორი, ანა გოგუაძე, პროტესტის ნიშნად, პროექტზე მუშაობას წყვეტს და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომლის ადრესატიც თბილისი მერი კახა კალაძეა.

გოდუაძე დედაქალაქის მერს მოუწოდებს, რომ რეკონსტრუქციის პროცესი პირადად გააკონტროლოს, რადგან განცხადებიდან ირკვევა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეთანხმების პირობები დაარღვია და არაერთ საკითხზე გულგრილი დამოკიდებულება გამოამჟღავნა.

“რეაბილიტაციის დაწყებამდე მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მხოლოდ იდეის ესკიზურ ვიზუალზე დაყრდნობით (არ არსებობდა პროექტის არქიტექტურული ნაწილი), შენობის რეკონსტრუქციისათვის დააფიქსირა კონრეტული თანხა. როდესაც დაიწყო პარკის რეაბილიტაცია, დავსვით კითხვები: რატომ არ ვიწყებთ პროექტზე მუშაობას? როდის შევათანხმებთ არქიტექტურის სამსახურთან? და ა.შ. აღმოჩნდა, რომ არ არსებობდა არქიტექტურული პროექტი და სასწრაფოდ გვთხოვეს მისი მომზადება, რომ რამენაირად მოსწრებულიყო პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში. გუნდის წევრებმა, ჩვენ მიერ შერჩეულ არქიტექტორთან ერთად, შევქმენით შენობის არქიტექტურული პროექტი, უსასყიდლოდ გადავეცით მუნიციპალური განვითარების ფონდს და, რასაკვრველია, მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი რეალური ბიუჯეტის დათვლა. აღმოჩნდა, რომ დასაწყისში განსაზღვრული თანხა არ იყო საკმარისი შენობის იმ სტანდარტებით და ხარისხით ასაშენებლად რაც პროექტით იყო გათვალისწინებული.

დასაწყისში დაშვებული შეცდომების გამო, მედიათეკისა და გალერეის პროექტის განხორციელება ვერ ხერხდება პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ახლახან მოხერხდა დონორის დარწმუნება და იგეგმება კონკურსის გამოცხადება, რაც წესით, ამ პროცესის სულ პირველ ეტაპზე უნდა გაკეთებულიყო. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს იდეა ეკუთვნის საინიციატივო ჯგუფს და მისი უფლებების დაცვა და პატივისცემა აუცილებელია.

სწორედ ამ საკითხების მიმართ გულგრილი და არაპროფესიონალური დამოკიდებულების გამო, გადავწყვიტე გამოვეთიშო ამ პროექტს, არ მინდა, ჩემი მუდმივი შენიშვნები არათანმიმდევრული და ზედაპირული დამოკიდებულების მიმართ ვინმემ აღიქვას პირადი სარგებლით მოტივირებულ ქმედებად. მე ვტოვებ ამ პროექტს, თუმცა, მზად ვარ, მშენებლობის პერიოდში, თუ საჭიროება იქნება, ბოლომდე გვერდში დავუდგე ემგეეფს და მერიას, ოღონდ აშენდეს.” – აღნიშნავს ანა გოგუაძე.

კომენტარები

კომენტარი