არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

ახალი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი – დვაბზუს ეკლესია და სამრეკლო-კოშკი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დვაბზუში მდებარე ეკლესიას და სამრეკლო-კოშკს, 2017 წლის 30 ივნისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

დვაბზუს დარბაზული ეკლესია და სამრეკლო-კოშკი მდებარეობს სოფლის შუაში, სასაფლაოზე და აღდგენილია რამდენიმე წლის წინ.

თავდაპირველი ეკლესია ნაგები იყო რიყის ქვით დუღაბზე. პერანგად გამოყენებული ყოფილა დიდი ზომის და სხვადასხვა ფორმის ქვები. ძველი ეკლესიისგან შემორჩენილი იყო ორი შესასვლელი – ჩრდილოეთის თაღოვანი და დასავლეთის ნახევარწრიული აბსიდის შუაში სარკმელი იყო გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს ტრაპე ციის ფორმის თითო ნიშა იყო ამოჭრილი, ზემოთ კი კედლებში ჩატანებული ყოფილა ქვევრები.
ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილი ყოფილა პილასტრის დამასრულებელი კაპიტელი. სამხრეთის კედელი სრულად, ხოლო დასავლეთის კედელი ნაწილობრივ იყო დანგრეული.

ეკლესიას აღდგენის შემდეგ შესასვლელი აღმოსავლეთის გარდა ყველა კედელში გაუკეთდა. ინტერიერი შელესილია და თეთრად შეღებილი, იატაკად ბრტყელი აგურია დაგებული. გადახურულია კრამიტით.

სამრეკლო-კოშკი, დგას ტაძრის დასავლეთით. ამჟამად გადაკეთეულია. ნაგებია რუხი ფერის ქვით. პირველი სართული ოთხკუთხაა და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენაა თაღებით გახსნილი. მეორე და მესამე სართული მთლიანად ახლიდანაა აშენებული და ოვალური ფორმისაა. მეორე სართულს აივანი აქვს გაკეთებული, მესამე სართული კი თაღოვანი ფანჩატურია.
კომპლექსის დასავლეთით, გზის პირას, კოშკზე მიდგმულია ახალი ყორე კედელი შესასვლელით.

აღნიშნული განცხადება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 5 აგვისტოს გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი