შემოქმედებითი ინდუსტრიები

ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი, რომლის ნამუშევრებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის, დავით კელბერაშვილის შემოქმედება საერთაშორისო მასშტაბით არის ცნობილი. 27 წლის ხელოვანმა უმაღლესი განათლება გრაფიკული დიზაინის განხრით თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, დღეს კი ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობის პარალელურად საკუთარი სუვენირების ხაზზე მუშაობს, მათ შორის მაისურებზეც, მარომელსაც David Kelber-ის სახელის ქვეშ ქმნის, ნამუშევრები კი არაერთ უცხოურ ქვეყანაში რეალიზდება და დიდ მოწონებასაც იმსახურებს.

როგორც თვითონ აცხადებს, არაერთი თაობის ხელოვანთა ჯახში გაიზარდა, ამასთან ერთად პატარაობიდანვე სწავლობდა სპეციალიზებულ სახელოვნებო სასწავლებელში და პატარა ასაკიდანვე იცოდა, რომ მომავალ ხელოვნების სფეროს დაუკავშირებდა.    

დავით კელბერაშვილის შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ სახასიათო ნიშნად თოჯინები და გოგონების სახასიათო პერსონაჟები იქცა. პერსონაჟების უმეტესობას გრძელი თმა აქვს – სხვადასხვანარი ვიზუალური ვარიანტით გადაწყვეტილი. ხელოვანი მიიჩნევს, რომ გრძელ თმას ღრმა მისტიური დატვრთვა აქვს და ის მას პერსონაჟის ხასიათის გამოხატვაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

„გოგონების სახასიათი პერსონაჟების ხატვა გამიზნულად არ დამიწყია, თუმცა ხალხისგან საოცრად დადებითი გამოხმაურება და მოთხოვნა წამოვიდა. თავიდან Facebook გვერდი გრაფიკული დიზაინისთვის გავაკეთე – პორტფოლიოდან ნამუშევრების გასაზიარებლად, ამიტომაც გვერდს „Kelber Design“ ჰქვია. თუმცა ვაპირებ სახელი შევუცვალო და ახლა ფიქრის პროცესში ვარ. რაც შეეხება ჩემი ნამუშევრების კომერციას, ჩემთვის კომერცია არ არის მთავარი მიზანი. ჩემი ძირითადი პროფესიით ისედაც სტაბილური შემოსავალი მაქვს. თუმცა მიმაჩნია, რომ ყველამ, ვისაც რაღაცის კეთება და შექმნა შეუძლია, უნდა მოახერხოს რომ ჰობი ნაყოფიერ და შემოსავლიან საქმიანობად აქციოს“, – განუცხადა „არტნიუსს“ ახალგაზრდა დიზაინერმა.

დავით კელბერაშვილი ასევე ამბობს, რომ მისთვის კომერციულ წარმატებაზე მეტად მნიშვნელოვანი ის მოწონება და აღიარებაა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან გრძნობს. ხელოვანი მიიჩნევს, რომ ეს მისთვის დიდი სტიმულია.
David Kelber-ს და მის შემოქმედებას საქართველოს ფარგლებს გარეთაც უკვე კარგად იცნობენ. მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი, საიდანაც მას თანამშრომლობა შესთავაზეს და მისი პროდუქცია უკვე ბრიტანეთშიც იყიდება.  

„ჩემი ინსტაგრამის გვერდი დაუთვალიერებიათ და ნამუშევრები მოსწონებიათ. ამის შემდეგ მომწერეს და თანამშრომლობა შემომთავაზეს. გავაგზავნე პროდუქცია და 1 კვირაში უკვე ყველაფერი გაყიდული იყო. ამის შემდეგ რა თქმა უნდა უფრო დიდ პარტიებს ვაგზავნიდი, რაც ასევე საკმაოდ სწრაფად იყიდებობა. ამის პარალელურად ჩემს სახასიათო პერსონაჟებს სხვადასხვა უცხოელი ბლოგერები აქტიურად აპიარებენ,“ – აცხადებს დავით კელბერაშვილი.

კომენტარები

კომენტარი