საშემსრულებლო ხელოვნება

აუდიო პოსტპროდუქციის ქართული კომპანიის, Post Red-ის კომპოზიტორები კიევში, Envision Sound-ზე წარდგნენ

Post Red აუდიო პოსტპროდუქციის ქართული კომპანიაა, რომელიც აქტიურად მუშაობს ქართულ და საერთაშორისო ფილმისა და ტელევიზიის ინდუსტრიაში. ახლახან კომპანიის წევრები მიწვეულები იყვნენ კიევში, რათა ჩაეტარებინათ ვორქშოპი, პრესკონფერენცია და ცოცხლად შეესრულებინათ ერთ-ერთი ფილმის საუნდტრეკი.

კომპანიის წარმომადგენლები ამ გამოცდილების შესახებ “არტნიუსს” ესაუბრნენ:

-როგორ აღმოჩნდით Envision Sound-ზე?

-ჩვენს კიევში მიწვევას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი: British Council-ის მოწვევით ვორქშოპის და პრესკონფერენციისა ჩატარება და ასევე, რაც მთავარია, “Salt from Bonneville-ის” ჩვენებისას ჩვენი შექმნილი საუნდტრეკის ცოცხალად შესრულება 7 კაციანი ანსამბლის “Sed Contra Ensemble” თანხლებით. სწორედ ამ ფილმზე დავიწყეთ მუშაობა ერთი წლის წინ, Envision Sound-ის ფარგლებში.

-რატომ დაინტერესდით ამ ფილმით და რის შესახებ მოგვითხრობს ის?

-“Salt from Bonneville”-ის შინაარსი გვიყვება ორი მეგობრის და ერთი ძველი საბჭოთა მოტოციკლეტის თავგადასავლის შესახებ. მეგობრებმა მიზნად დაისახეს გაემგზავრონ აშშ-ში, ბონვილის მარილიანი ტბის უდაბნოში, რათა ვინტაჟური მოტოციკლეტების სიჩქარის შეჯიბრში დაამყარონ მსოფლიო რეკორდი.

ამ ფილმის პირველივე ნახვამ ჩვენში გარკვეული რეზონანსი გამოიწვია, რადგან ჰქონდა თავისებური ხასიათი, სპეციფიკური ფერები და განსაკუთრებული ისტორია. აქედან გამომდინარე, ამ ფილმის საუნდტრეკის შექმნა, ჩვენთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებად იქცა. მუსიკის წერის პროცესში ბევრი არასტანდარტული და მოულოდნელი გადაწვეტილების მიღება მოგვიწია. რეჟისორს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ფილმს არ უნდა ჰქონოდა ისეთი მუსიკა, რომელიც წინა პლანზე იქნებოდა. მართლაც, მელოდიებით სავსე მუსიკა ამ ფილმს არ მოუხდებოდა. ჩვენ დასაწყისიდანვე გადავწყვიტეთ აქცენტი ინსტრუმენტების ტემბრებზე გაგვეკეთებინა, რისთვისაც ინსტრუმენტალისტებს სტუდიაში ჩაწერისას ისე ვუდირიჟორეთ და ისეთი ტექნიკით დავაკვრევინეთ, რომ რეზულტატი ისე ჟღერდა თითქოს უკრავს სინთეზატორი და არა ფლეიტა, კლარნეტი, ვიოლინო და ვიოლონჩელო.

-რა სირთულეებს გადააწყდით მუშაობის პროცესში?

-ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სირთულე ფილმზე მუშაობისას იყო გვეპოვა უნიკალური ჟღერადობა, ამისთვის გვინდოდა ჩაგვეწერა რაღაც განსხვავებული ხმა. ამას მოჰყვა საკმაოდ კომიკური სიტუაციაც: ფილმზე მუშაობის დაწყებისას უკრაინში გვქონდა მხოლოდ ერთადერთი მუსიკალური ინსტრუმენტი – ფანდური და შემთხვევით, საბედნიეროდ, აღმოგვაჩნდა ვიოლინოს კანიფოლი, რომელიც წავუსვით სასტუმროს ნომერში ნაპოვნ ფეხსაცმლის მაშველს, რადგან არ გვქონდა ვიოლინოს ხემი. მაშველის ფანდურზე გასმისას მივიღეთ უცნაური ხმები, რომლითაც შევქმენით ბონვილის უდაბნოს ატმოსფერო.

უშუალოდ კონცერტის ჩატარებისას, დირიჟორობის არასტანდარტული ტექნიკა გამოვიყენეთ, რომლითაც კონკრეტული ჟესტებით ვაჩვენებდით როგორი დინამიკით და ტექნიკით უნდა დაეკრათ მუსიკოსებს. კონცერტს მოჰყვა ძლიერი ემოცია და რეზონანსი შემსრულებლებსა და მთელ აუდიტორიაში.

-გარდა ფილმის საუნდტრეკზე მუშაობისა, რა აქტივოვებით შემოიფარგლეთ უკრაინაში?

-როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ ჩავატარეთ ვორქშოპი – “Art of storytelling of music”, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს გამოცდილებაზე, ე.წ. “Mindset”-ზე მუსიკის დაწერის წინ, რეჟისორებთან ურთიერთობაზე, რაც მოიცავს მისი სამყაროს გაცნობას. მაგალითად, შეიძლება საერთოდ არ ელაპარაკო უშუალოდ პროექტზე, მაგრამ სხვა საკითხებზე საუბრისას მეტი შეიცნო მის აღქმაზე და ინტერესებზე, რაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება იყოს მიმართულების მომცემი მუსიკის წერის პროცესში და ასევე, რა თქმა უნდა, შევეხეთ ტექნიკურ მხარეს.

საბოლოოდ ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა, ამ ეტაპზე ჯერ “Salt from Bonneville”-ის მუსიკა არაა ბოლომდე დასრულებული და ვიწყებთ დასრულებულ მონტაჟზე მუშაობას. გარდა ფილმზე მუშაობისა და ვორქშოპისა, შევიძინეთ ბევრი კარგი მეგობარი. ასევე, ძალიან მადლობლები ვართ British Council-ის, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში.

ზვიად მღებრიშვილი – აუდიო პოსტ-პროდუქციის სტუდია “Post Red”-ის თანადამფუძნებელი და წამყვანი კომპოზიტორი.

ლუკა ლებანიძე – Post Red-ის კომპოზიტორი და ვიდეო თამაშების სტუდია “Post Red Play”-ის თანადამფუძნებელი.

კომენტარები

კომენტარი